ინგა გრიგოლიამ ოცნება აისრულა და თბილისთან ახლოს, სოფელ ივერიაში, სახლი იყიდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. ინგას სოფლური ცხოვრება იმდენად მოსწონს, რომ უმეტეს დროს იქ ატარებს. მისთვის ხმაურიანი, ბობოქარი ცხოვრება დასრულდა და ყველაზე კარგად მშვიდ გარემოში გრძნობს თავს. ჩაცმულობის სტილიც შეიცვალა და ზოგადად გარეგნობისადმი დამოკიდებულებაც. შეელია გრძელ თმას, მკაცრ დიეტებს, სილამაზის სალონებში ხშირ სიარულს... მოკლედ, 43 წლის ასაკში საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოაჩინა და ბევრი რამ გადააფასა.
"ერთ დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ სადღაც რაღაც "ტუსოვკაზე"წასვლა აღარ მინდოდა, ბარში წასვლა მეზარებოდა იმიტომ, რომ იქ თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი, არადა ადრე ასე არ იყო. მირჩევნია, სახლში ვიყო, ტელევიზორს ვუყურო და წიგნი წავიკითხო ან მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში გავატარო. ყველა მეკითხება, სად გაქრი, რატომ არსად ჩანხარო. მე ვპასხუობ, რომ უბრალოდ ამის მოთხოვნილება აღარ მაქვს.
ძალიან დავმშვიდდი. გაზრდილი ადამიანის სიმშვიდე ძალიან მომწონს. სულ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, მთელი ცხოვრება ისეთივე მშვიდი ვყოფილიყავი, როგორიც ახლა ვარ და არა ისეთი გადარეული, როგორიც მანამდე ვიყავი.
სახლი ვიყიდე სოფელში, ნატახტარის ზემოთაა სოფელი ივერია, არაჩვეულებრივი ადგილია მთეში, საოცარი ბუნება და გადასარევი ჰაერია. ბოლო პერიოდის ოცნება შევისრულე. ძალიან კარგი სახლია და ნელ-ნელა ვაწყობ. იქ ძალიან ხშირად ვარ. ჩემი მეგობრები რომ მირეკავენ, მეკითხებიან, თბილისში ხარ თუ იქო, ძალიან ბევრ დროს ვატარებ იმ სახლში. როცა ტელეფონს ვთიშავ და ყველა მეძებს, ამ დროს ძირითადად სოფელში ვარ.
ადრე ჩემი დასვენების დღე იწყებოდა იმით, რომ სალონში გავქცეულიყავი, მოვწესრიგებულიყავი და საღამოს სადმე "ტუსოვკაზე"წავსულიყავი. ახლა ეს საერთოდ აღარ მადარდებს. ბოტასებს, ჯინსებს ვიცვამ, ძაღლებს ვყრი მანქანაში და მე და ჩემი და სოფელში ავდივართ. ორი-სამი დღე იქ ვრჩები. ვიცი, რომ, რაც მეტი დრო გავა, მით მეტ დროს გავატარებ ასეთ გარემოში", - აცხადებს ტელეწამყვანი "სარკესთან" საუბარში.