დღეს საქართველოში პროფესია ფასობს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ანაზღაურებადია იგი. რესპონდენტების 90 პროცენტისთვის მთავარი ინტერესი და შეფასების კრიტერიუმი ხელფასია. ფინანსური მოგების გარდა, მთავარ მოტივად კარიერული ზრდის შესაძლებლობას მხოლოდ 10% განიხილავს. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის დაუფასებელი საქმიანობაა პედაგოგობა, მსახიობობა, არქეოლოგობა, მეშახტეობა, მხატვრობა.
რესპონდენტების განმარტებით, საქმიანობის პრესტიჟულობა, ძირითადად, ხელფასის ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თუ დაბალია ანაზღაურება, პროფესია დაუფასებელი ხდება. ამ კატეგორიაში არიან პედაგოგები, ენათმეცნიერები, მსახიობები, მეშახტეები და ა.შ. ამ ჩამონათვალს ემთხვევა მეტ-ნაკლებად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც. მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე პირებს აქვთ.
ყველაზე დაბალშემოსავლიანი, ანუ დაუფასებელი ადამიანები არიან მხატვრები, მსახიობები, მეშახტეები და მეთევზეები. ამ პროფესიების მიმართ დიდი ინტერესი არც წლების წინათ იყო. მაგალითად, "საქსტატის" 2011 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, სამეწარმეო სფეროში ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესია თევზჭერა-მეთევზეობაა (საშუალო თვიური ხელფასი- 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ყველაზე დაბალანაზღაურებადი განათლება იყო (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).