ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში 16 კგ ჰაერს მოიხმარს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დედაქალაქში ავტოტრანსპორტის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, შესაბამისად მოიმატა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობამაც, ვინაიდან ჰაერის მთავარ დამაბინძურებელს თბილისში სწორედ ავტომანქანები წარმოადგენს.
საინტერესოა, რას ვსუნთქავთ, რამდენად არის დედაქალაქის ჰაერი სიცოცხლისთვის საშიში და რომელი ადგილებია ქალაქში ატმოსფერული ჰაერის მხრივ ყველაზე უფრო დაბინძურებული. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Ambebi.ge "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარეს, პარლამენტარ გია გაჩეჩილაძეს ესაუბრა:
"ეკოლოგიის თვალსაზრისით თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით ეს ატმოსფერულ ჰაერს ეხება, თუ არ ჩავთვლით ქალაქ ზესტაფონს, სადაც ქარხნის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერი წლების განმავლობაში ბინძურდება მავნე ნივთიერებებით. თბილისი სასუნთქი დაავადებების რაოდენობით სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ბოლო დროს საკმაოდ მოიმატა ალერგიულმა ფონმაც.
ატმოსფერული ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი დღესდღეობით ავტოტრანსპორტია. მოსახლეობის სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ავტომანქანის მფლობელი ტაქსაობს, ჩამოდიან რეგიონებიდან, შესაბამისად გამონაბოლქვის დიდი კონცენტრაცია თბილისშია. პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ავტომანქანების უმეტესობას არ აქვს კატალიზატორი, იგივე კონვერტერი, რომელიც გამონაბოლქვის გაფილტვრას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, არანაკლებ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის გამწვანება. კომუნისტების პერიოდში გამწვანების ნორმა ერთ სულ მოსახლეზე 13 კვადრატული მეტრი იყო, თუმცა წლების განმავლობაში დაუდევრობისა და გულგრილობის გამო სარეკრეაციო ზონების საკმაოდ დიდი ნაწილი გაიჩეხა. ამჟამინდელი არაოფიციალური მონაცემებით კი, გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე 4 კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.
- სფეროს სპეციალისტები ხშირად ჰაერში ტყვიის შემცველობაზეც საუბრობენ. შეესაბამება ეს სიმართლეს?
- მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურ ანგარიშებში გარემოს ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობას დასაშვებ ნორმაზე ნაკლებ ციფრებში გვიჩვენებს, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ეს მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში აზერბაიჯანიდან და რუმინეთიდან შემოდის ბენზინი. ამ ქვეყნებში არაეთილირებულ ბენზინს აწარმოებენ. ლოგიკური კითხვა ჩნდება - მაშ, საიდან ხვდება ტყვია ატმოსფეროში? არსებობს ეჭვი, რომ თვითონ ბენზინგასამართ სადგურზე ურევენ ბენზინში ტეტრა ეთილ ტყვიას. ეს არის ნივთიერება, რომელიც ბენზინის ოქტანობას ზრდის, შესაბამისად იზრდება ბენზინის ფასიც. ამ ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა კი ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის ინტენსიური მონიტორინგი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევალება. ამჟამად დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებში არსებობს სპეციალური ჯიხურები, რომლებშიც დღეში სამჯერ ხდება ჰაერის სინჯების აღება.
რა მექანიზმებით ხდება დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და რა ადგილებია თბილისში ყველაზე მეტად დაბინძურებული? ამ თემაზე ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, თამარ მაღლაკელიძეს ვესაუბრეთ.
- რომელი ადგილებია დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის მხრივ ყველაზე უფრო სახიფათო?
- აღმაშენებლის გამზირი, გმირთა მოედანი, კოლმეურნეობის მოედანი – ამ ადგილებში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული მავნე ნივთიერებებით, რასაც ხშირი საცობები და თავად მათი მდებარეობა იწვევს – ჩავარდნილი ადგილებია და მათი ინტენსიური განიავება ასეთი მდებარეობის გამო ვერ ხერხდება.
- რა მექანიზმებით და რა ინტენსივობით აკვირდება გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერს?
- ატმოსფერულ ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება თბილისში 3 საგუშაგოს მეშვეობით ხდება. ეს საგუშაგოები თამარ მეფის ხიდთან, წერეთლის გამზირზე და მოსკოვის გამზირზე მდებარეობს. იზომება მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი და ტყვია. მონაცემების მიხედვით, ბოლო ორ წელიწადში ტყვია ნორმას არ აჭარბებს, ჩვენ ამ მონაცემებში ეჭვი არ გვეპარება. უახლესი მონაცემების მიხედვით, აზოტის დიოქსიდისა და გოგირდის ნორმები დასაშვებ ზღვარს არ აღემატება. აგვისტოს მონაცემებით, ქალაქში ტყვიის შემცველობაც ნორმაშია.
გარდა ამისა, არსებობს ავტომატური სადგური, რომელიც ჰოლანდიის მთავრობამ შეიძინა თავის დროზე. ეს სადგური ვაშლიჯვარშია და სწორედ იქაურ ატმოსფერულ ჰაერს ზომავს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ოთხი საგუშაგოს არსებობა არ არის საკმარისი საერთო სურათის სრულყოფილად შესასწავლად.
- რა რეკომენდაციას აძლევს სააგენტო სახელმწიფოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით?
- აუცილებლად უნდა მოახერხოს სახელმწიფომ და შემოიღოს სავალდებულო ტექნიკური შემოწმება. უნდა აიკრძალოს ისეთი ავტომანქანების მოძრაობა, რომლებსაც კატალიზატორი არ აქვს. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰაერში მტვრის შემცველობაა გაზრდილი. მომატებულია მშენებლობების რიცხვი, სადაც ხშირად არ იცავენ ელემენტარულ უსაფრთხოების ნორმებს. წესით, მშენებარე ობიექტი სპეციალურ ბადეში უნდა მოთავსდეს, რაც ხელს უშლის მტვრის მსხვილი ნაწილაკების ჰაერში გაბნევას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დედაქალქის ქუჩები სველი წესით გაიწმინდოს",- აცხადებს ეთერ მაღლაკელიძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქ. თბილისის მერიის მიერ ქალაქის გამწვანების ღონისძიებების პროგრამების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის შესახებ. 2009-2011 წლების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების მიმართვების საფუძველზე, მშენებლობის მიზეზით მოჭრილია 597 ძირი ხე. მშენებლობის მიზეზით მოჭრილი ხეების ზიანის ანაზღაურებაზე მერიის მხრიდან მოთხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ხოლო ავარიული და ზეხმელი ხე-მცენარეების მოჭრისათვის, 2009-2011 წლებში, საკომპენსაციო ღირებულების თანხა მხოლოდ 32 ძირზეა მოთხოვნილი. ხეების მდგომარეობის (ავარიული და ზეხმელი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ვერ იქნა. სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2011 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდში მშენებლობის მიზნით (ორგანიზაციები და ფიზ.პირები) 874 ძირი ხის მოჭრის ნებართვაზე გადასახდელმა საკომპენსაციო ღირებულებამ შეადგინა 96.8 ათასი ლარი.საკომპენსაციო თანხის ოდენობა არცთუ ისე ცოტაა, თუმცა, ფაქტია, რომ ვერანაირი თანხა ვერ მოახდენს დედაქალაქში ადამიანების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანსაღი ჰაერის კომპენსირებას.
სალომე შიხაშვილი
AMBEBI.GE