კომპანია "სონი", "პალიტრა TV", "ინოვატორი" და Linear Acoustic-ი დღეს მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც, პარტნიორობის ფარგლებში ტელეკომპანიის გადაიარაღება მოხდება.
იგეგმება ტექნიკური პერსონალის გადამზადებაც. იანვრიდან კი "პალიტრა TV" ახალ სატელევიზიო სეზონს HD ფორმატში დაიწყებს.
საქართველოში პირველად, სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენა ხუთშაბათს გაიხსნა და დღეს დაიხურება. მასში ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები: Sony, Canon, Avid, Innovator, Broadview, Evertz, Fujifilm, Law, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell, JVC მონაწილეობენ. ღონისძიების ორგანიზატორები რეგიონის წამყვანი სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუტორი კომპანია "ინოვატორი" და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი არიან.
როგორც კომპანია "ინოვატორის" აღმასრულებელი დირექტორი გვანცა ბარაბაძე აცხადებს, კომპანია საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა. "2015 წელი არის ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვის წელი და განსაკუთრებით რთულია ეს ტელევიზიებისთვის. ამ ეტაპზე ვახორციელებთ ერთ-ერთ პროექტს "პალიტრას TV-სთვის" და ეს პროექტი მოიცავს ახალი სატელევიზიო სტუდიის შექმნას. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ "პალიტრას" ექნება საშუალება, მაუწყებლობა HD ფორმატში გააგრძელოს. ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდება ტელეკომპანიის ტექნიკური პერსონალი და მათ საშუალება ექნებათ ახალ ტექნიკასთან იმუშაონ", - აღნიშნა გვანცა ბარაბაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო "სონის" პროდუქციაც. კომპანიის მოსკოვის ოფისის სპეციალისტმა სერგეი ასტრახოვმა კამერა PXW-X160-ის უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის გამოყენებას, რომელიც "სონის" ახალი პროდუქტია, "პალიტრა ტვ" აპირებს.
"სონის ახალი პროდუქტის პირველი მომხმარებელი დსთ-ს მასშტაბით სწორედ "პალიტრა TV" იქნება. კამერა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეუცვლელი ობიექტივით", - განაცხადა სერგეი ასტრახოვმა.
სონისთან ერთად "პალიტრა TV-ს" ტექნიკური განახლების პროცესში კიდევ ერთი კომპანია Linear Acoustic დაეხმარება, რომელიც ტელევიზიის ხმის ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. "ჩვენი როლი, ამ შემთხვევაში, გამოიხატება კარგი ხარისხის ხმის შექმნაში. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ხარვეზები გადაცემებსა და სარეკლამო ჭრებს შორის იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ "პალიტრა TV-ის" ხმის ნაკადის გარჩევადობა. ამ ცვლილებით, თქვენი მაყურებლი კმაყოფილი იქნება", - აცხადებს Linear Acoustic-ის" გაყიდვების ინჟინერი იგორ ტიაგუნოვი.