ცოლის მკვლელობა, რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა - უცნობი ეპიზოდები მსახიობ გია ფერაძის ცხოვრებიდან

ცოლის მკვლელობა, რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა - უცნობი ეპიზოდები მსახიობ გია ფერაძის ცხოვრებიდან

ეს შემზარავი ტრაგედია 24 წლის წინათ დატრიალდა. კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დაზაფრა და აალაპარაკა თბილისი.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო - გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა…

შემზარავი იყო ამ შემზარავი ტრაგედიის გაგრძელებაც - ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა - ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე - ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.

გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა.

თავის დროზე, როცა ეს შემზარავი ამბავი მეხივით გავარდა თბილისში, მეც, ბევრ სხვასავით, აღმომხდა: რატომ? როგორ? მეც სხვებივით მიყვარდა ეს ლაღი, ნიჭიერი მსახიობი. მის გვერდით ვერ მოიწყენდი, მისი ნათქვამი თუ ნამოქმედარი ანეკდოტებად დადიოდა ქალაქში... გია ფერაძემ დიმიტრი ბათიაშვილის ფილმში, "არასერიოზული კაცი", მთავარი გმირის, ნიკოს როლი ითამაშა. როგორ მიესადაგა ამ ალალი, გზააბნეული და მოუსვენარი კაცის ბედი მის ბედს...

გიას უფროსი ძმა, ბატონი ილიკო ფერაძე: გია უფრო ლაღი იყო, ვიდრე მისი გმირი ნიკო, მაგრამ იმ საბედისწერო დღის მერე მასზე უბედური არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. 37 წელი ბედნიერად განვლო, ბოლო 7 წელი კი ჯოჯოხეთში გაატარა. ბევრმა არ იცის, რა ტრიალებდა მის სულში, ამაზე მისი ლექსები მეტყველებს. 30-მდე სქელტანიანი რვეული დაგროვდა 7 წლის პატიმრობაში, რომლებიც ვლადიმირის (მოსკოვის ოლქი), შუშას (აზერბაიჯანი), ხონის, რუსთავის და თბილისის საპყრობილეებში პაემნებიდან ჩამომქონდა. გია ციხიდან გამოსვლის მერე ვერ მოერია თავს და 47 წლის ასაკში წავიდა. მე კი ლექსების ერთ-ერთი რვეულის ყდაზე მიმიწერა ანდერძივით:

"თუ ჩემ ცხოვრებას წიგნად აკინძავ,

დაარქვი იმას "სევდის კრებული".

ეს თხოვნა მოგვიანებით, მაგრამ პირნათლად შევასრულე.

ლექსებს ადრეც წერდა. სალხინო სუფრასთან ხან ექსპრომტად იტყოდა ხოლმე, ხან ქაღალდის ხელსახოცზე დაწერდა რამეს. ბევრმა არ იცის, რომ რუსუდან სებისკვერაძის მშვენიერი სიმღერის - "ვერა" ტექსტი გია ფერაძისაა (მას ბრწყინვალედ მღეროდა გოგი დოლიძე). გია ვერაზე დაიბადა და გაიზარდა და რა გასაკვირია, რომ ყველაზე მეტად თბილისის ეს უბანი უყვარდა. "სევდის კრებულის" გადაშლისას შეუძლებელია სევდა არ დაგეუფლოს.

ცივ კედლებში გამომწყვდეული კაცისათვის ენით უთქმელია ის ურვა, რასაც იგი განიცდის. მის "ჩვენებებში" ხშირად ჩნდება ახალგაზრდა ქალის ცისფერი ლანდი, შორიდან "მოსული" ხმა ქვითინით გვიამბობს გიასა და ირინას უიღბლო სიყვარულზე. მარტოსულ გიას უსაზღვროდ ენატრება მოლოდინად ქცეული დედა, შვილები, განსაკუთრებით კი ობლად დარჩენილი პატარა მარიკა, ძმა, ახლობლები, თბილისი და თავისი ვერა. ყოველი ლექსი ბოლოვდება ნახატით, რომელიც ავტორის იმ წუთების განწყობას გადმოგვცემს: მარიკა, ყვავილები, საჰაერო ბუშტები, ეკლესია, მაცხოვარი, ღვთისმშობელი, ვისაც სულ ევედრება და შველას სთხოვს. უფრო მეტია კოშმარული ჩვენებები, დემონური სახეები, წვალება და ტანჯვა, საფლავი, რომელიც იმ კოშმარების ფონზე რაღაცნაირად მიმზიდველადაც კი მოჩანს... რუსთაველის თეატრის ყველა მსახიობს (და არა მარტო მათ) უზომოდ დასწყვიტა გული ჯერ იმ ტრაგიკულმა ამბავმა, მერე კი გიას უდროო სიკვდილმა.

ნანული სარაჯიშვილი: მე და გია ოჯახებით ვიყავით ახლოს. ჩვენი მეგობრობა ბებია-ბაბუებიდან მოდიოდა. თეატრალურ ინსტიტუტში ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. საოცრად ნიჭიერი და პლასტიკური იყო. გამორჩეულად თამაშობდა ფეხბურთს, ხატავდა, ცეკვავდა. ერთხელ, ბულგარეთში ყოფნისას, მასპინძლებმა კონცერტი გაგვიმართეს, მერე კი ჩვენც გვთხოვეს საღამოს გამართვა. სპექტაკლი გვქონდა ჩატანილი და კონცერტზე არც გვიფიქრია. რობიკო სტურუამ გვითხრა: მსახიობები არა ხართ, სასწრაფოდ მოიფიქრეთ რამე, რომ უხერხული მდგომარეობიდან გამოვიდეთო... და უცებ გიამ ბულგარულიდან ნასესხები ილეთებით იმისთანა ახლებური ცეკვა გააჩაღა, მეც ამაცეკვა და სხვებიც. დიდხანს გაგრძელდა მასპინძელთა ტაში და მხიარულება.

ხშირად იცოდა სიურპრიზების მოწყობა... იტალიაში ვიყავით გასტროლებზე. სასტუმროში, ოთახში შესულმა, რატომღაც რადიო ჩავრთე. იმედი მქონდა, იტალიური სიმღერებით დავტკბებოდი. ჩვენებური "სულიკო", "წინწყარო", "ჩაკრულო" რომ ერთმანეთს მიჰყვა, სასწრაფოდ შევეხმიანე სხვა მსახიობებს. ისინიც გაოცებულნი იყვნენ. მერე ერთხმად დავასკვენით, რომ მასპინძლებმა ჩვენს პატივსაცემად იშოვეს ქართული კასეტა... რა ვიცოდით, რომ ვცდებოდით. საღამოს, ვახშმობის წინ, ის-ის იყო, სასტუმროს ადმინისტრაციისათვის უნდა გვეკითხა იტალიური რადიოს "გაქართულების" ამბავი, რომ გია ახარხარდა. თურმე მას თბილისიდან წამოეღო რამდენიმე ქართული კასეტა, ადგილობრივ რადიოქსელში მისულა და უთხოვია ჩვენებური სიმღერების გაშვება.

იმდენად არაორდინარული იყო, რომ მას ჩვეულებრივი სიკვდილი არ ეწერა...

იზა გიგოშვილი: ექვსი თვე ვმუშაობდით "კავკასიურ ცარცის წრეზე". გია თამაშობდა ჩემი მეუღლის როლს, რომელიც წყლიან კასრში იჯდა. მე, როგორც მონა-მორჩილ ცოლს, მისი სურვილების შესრულება მევალებოდა. საოცარი პარტნიორი იყო. მან აიტაცა ეს როლი. გვიან, როცა გია სხვებმა შეცვალეს, აღიარეს, - ჩვენ გიას ვთამაშობდითო. გიასნაირი მსახიობი ძნელად თუ მოიძებნება. ის აუცილებელი კონტაქტი, რომელიც მსახიობსა და მაყურებელს შორის უნდა არსებობდეს, მას თითქოს დაბადებიდან დაჰყვა. ყოველთვის მიჭირდა პარტნიორის შეცვლა და როცა გიამ ბულგარეთში გასტროლებზე დაიგვიანა, საშინლად გავბრაზდი. იმ ხანებში მას გიორგი შენგელაია იღებდა ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა". განერვიულებული ბოლთას ვცემ სასტუმროს დერეფანში და... უცებ გიას ხმა მესმის. გავიფიქრე, იმდენად მინდა ფერაძის აქ ყოფნა, რომ უკვე მოჩვენებები დამეწყო-მეთქი. მაინც ვერ მოვითმინე და ცალი თვალი შემოსასვლელისკენ გავაპარე. ნამდვილად გია იდგა ორი დიდი ჩანთით ხელში. ეტყობა, მანაც იგრძნო ზემოდან "მზირალი თვალი", ინსტინქტურად ამოიხედა. დამინახა თუ არა, გულიანად გამიღიმა და დამიძახა: "შალვოვნა (ასე მეძახდა!), ჩამოვედი!" უსაზღვროდ გამიხარდა, მაგრამ ესღა ვუთხარი, კარგი გიქნია-მეთქი და ჩემი ოთახისაკენ გავემართე. არ გასულა ერთი საათი, რომ დარცხვენილი გია შემოვიდა კონიაკის ბოთლითა და თაიგულით. "რა ვქნა, შალვოვნა, გადაღება იყო... როცა მივხვდი, რომ კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, დავკარი ფეხი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ხომ ვიცი, პარტნიორის შეცვლას ვერ ეგუები". შემომთავაზა, ჩვენი შერიგებისა დავლიოთო. ვიუარე, ხომ არ გაგიჟდი, საღამოს სპექტაკლია, თანაც, როდის იყო, ვსვამდი-მეთქი. გადამეკიდა: მე ჭიქით დავლევ, შენ კი სიმბოლურად კონიაკის ხუფით მოსვიო. სხვა გზა არ იყო, დავყაბულდი... მას არაფერი ეტყობოდა, მე კი 5-6 ხუფის შემდეგ საკმაოდ შეჟუჟუნებული გახლდით. სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდიოდა. იმ ადგილას რომ მივედით, როცა რამაზ ჩხიკვაძე-აზდაკი გრუშე ვაჩნაძის საქმეს იხილავს, აშკარად "იხრება" ჩემს მოწინააღმდეგეთა მხარეს და მე, როგორც მატყუარას, ხელს მკრავს. იმ წუთში ჩემი მონოლოგიც დაიწყო და რომ ჩავამთავრე, აქვითინებული დავეცი... უნებურად თვალი გავაპარე სცენის იქითა მხარეს მდგარი მსახიობებისაკენ. გია ტიროდა. კინაღამ გული გამიჩერდა. გიას გავძახე, რა მოხდა-მეთქი. ხმამაღლა დამიძახა: კარგი ხარო! ...მაყურებელი სცენიდან არ გვიშვებდა. გიამ ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა: რა კარგი ვქენით, შალვოვნა, რომ დავლიეთ. ჩემი რა გითხრა და შენ კი ასე ჯერ არ გითამაშიაო.

ძალიან მოსიყვარულე გახლდათ. ჩემს ნიკასთან თამაში უყვარდა. ერთხელ, ბათუმში, 7 წლის ნიკა ჩავაბარე ცოტა ხნით. თურმე ნიკას ვერ მოუთმენია, ზღვაში შესულა და კინაღამ ტალღებს შეუთრევია. გაგიჟებულა გია, თვითონაც გადამხტარა, მაგრამ ნიკამ ცურვა იცოდა და მშვიდობიანად გამოვიდა ნაპირზე. მისგან კაცის მოკვლა საერთოდ წარმოუდგენელი იყო, მით უფრო უსაყვარლესი ადამიანის...

პატიმრობიდან დაბრუნებულს დაქცეული თბილისი დახვდა. ვთხოვე, ჩემთან და მერაბთან ერთად წამოსულიყო გერმანიაში (გერმანელებმა რამდენიმე თვით სპექტაკლ "ოიდიპოსით" მიგვიწვიეს. მაშინ ჩვენ უკვე გვქონდა "სამეფო უბნის" თეატრი). გიას ცრემლები გადმოსცვივდა: შენ კიდევ გინდა ჩემ გვერდით სცენაზე დადგეო? არ სჯეროდა, რომ კიდევ უყვარდათ. წამოსვლა ვერ შეძლო, პასპორტი არ ჰქონდა ("მიმაგრებაში" იყო, ანუ ნახევრად განთავისუფლებული), თანაც ძალიან მოტეხილი იყო. გიას სურათი ჩვენი თეატრის შემოსასვლელში გვიკიდია... ყველას რომ მიგვეხედა, დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ მოვლა არ ვიცით, გასვენება და დაკრძალვა გვეხერხება კარგად.

ილიკო ფერაძე: მამა დინჯი, მკაცრი კაცი იყო. მისი შედგენილი ინგლისური ენის სახელმძღვანელო დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით მის გაკვეთილზე. თუკი მოსწავლე გააბრაზებდა, ისეთი წკიპურტი იცოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოაყრევინებდა. შემდგომში ბევრი მისი ნამოწაფარი და გამოჩენილი ადამიანი იხსენებდა, - ბიძინა ფერაძის წკიპურტმა კაცად მაქციაო. მიუხედავად სიმკაცრისა, არტისტულიც გახლდათ. ბევრმა არც იცის, რომ ცნობილი სიმღერის, "ყვავილების ქვეყანა", ტექსტი მამაჩემის დაწერილია. მამა 1965 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა და მე, როგორც უფროსმა ძმამ (9 წლით ვიყავი უფროსი) გიას "მეურვეობა" ვიკისრე. ხან მიჯერებდა, ხან-არა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემი რიდიც ჰქონდა. იმდენად მოუსვენარი იყო, ათასნაირ ხრიკს იგონებდა თანატოლების გასართობად, სამაგიეროდ, პედაგოგები ჰყავდა გამწარებული. სკოლა რომ დაამთავრა, მასწავლებლებმა მაღარიჩიც კი გადაიხადეს. ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ იმპულსური. სათანადოდ არ აფასებდა თავის შესაძლებლობებს... დათო ყიფიანს მისთვის უთქვამს - შენ რომ ფეხბურთს გაჰყოლოდი, მე უკან ჩამომიტოვებდიო. დედაჩვენი, თინათინ ჟორჟოლიანი, ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი გახლდათ. დედასაც და გიასაც იუმორის გრძნობა უხვად ჰქონდათ მომადლებული. სამხიარულო სუფრა ისე არ გაიშლებოდა, დედაჩემი რომ არ დაეპატიჟნათ. მას ანეკდოტების რვეული (სხარტულა) ჰქონდა შედგენილი და ისეთ ამბებს ჰყვებოდა ხოლმე, რომ ხალხს სიცილით ხოცავდა. ასე იყო გიაც. სხვათა შორის, გიასთან ერთად დედაჩემმაც ითამაშა ეპიზოდური როლი ფილმში "არასერიოზული კაცი". თუ გახსოვთ, ქუჩაში ნაპოვნ კატას რომ მიჰყიდის ერთ ქალს. აი, ის ქალი დედაჩემია. გიას ამბავმა საწყალ დედას ბოლო მოუღო. გიას გარდაცვალების შემდეგ ლოგინად ჩავარდა და წლისთავზე გამოგვეცალა ხელიდან.

დედა და გია ძალიან უგებდნენ ერთმანეთს, ერთხელ გიას ბოტკინი შეხვდა და ინფექციურში დავაწვინეთ. ბევრმა მისმა მეგობარმა რა არ მოიმიზეზა, რომ მასთან ერთად იმ პერიოდში საავადმყოფოში დაწოლილიყო. გიამ იმხანად იუმორისტული გაზეთიც კი გამოუშვა (კედლის, რა თქმა უნდა), რომელსაც "საბჭოთა ბოტკინელი" დაარქვა. ვინ არ მოდიოდა ამ გაზეთის წასაკითხად.

გიას უამრავი მეგობარი ჰყავდა. ყველას უყვარდა იგი და უხაროდა მასთან ყოფნა. ვლადიმირში ტუბერკულოზი შეხვდა და ციხის საავადმყოფოში იწვა. წარმოუდგენლად ძნელი იყო მისი მონახულება. ანდრეი მირონოვს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. არ დამზარდა (გაანათლოს მისი სული უფალმა) და გამყვა. მერე კი მახაჩყალაში გადმოყვანაშიც დაგვეხმარა. საშინელი წლები გაიარა ჩემმა ძმამ. მან ხომ უპირველესად თავის თავს გამოუტანა განაჩენი. ამბობდა კიდეც: რად მინდა სასამართლო, მე ხომ უკვე ცოცხალი აღარ ვარო. გიას ირინასაგან ჰყავს უმშვენიერესი გოგონა მარიკა, საოცრად თბილი და კეთილი. მას მამის ახლობლები, თავისი და-ძმა ძალიან უყვარს და ყველასთან მეგობრობს.

მიუხედავად გიას ცხოვრების ტრაგიკული დასასრულისა, არ მინდა მასზე მოგონებები ცრემლით დასრულდეს, ამიტომ ერთ ეპიზოდსაც გიამბობთ: ერთხელ "კავკასიური ცარცის წრის" სპექტაკლზე ნასვამი მისულა. რობიკო გაბრაზებულა და მკაცრად უთქვამს, აქ აღარ დაგინახოო. გია ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ორი კვირა რომ გავიდა, ისევ დედამ და მისმა იუმორმა იხსნა გია. დაურეკა სტურუას და სთხოვა: შვილო, რობიკო, ისევ დაუშვი სპექტაკლზე, თორემ ჩემი შეჩვენებული შვილი აღარ ბანაობს და მანდ კასრში მაინც ჩაჯდეს წყალშიო. რობიკოს გასცინებია და სცენაზე გასვლის ნება დაურთავს.

"კვირის პალიტრა", 29 დეკემბერი, 2002 წელი

იხილეთ ასევე: სევდანარევღიმილიანი "არასერიოზული კაცი" - ინტერვიუ მსახიობის ძმასთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ