სანამ ასე აქტიურად დაიწყებოდა ჩვენში ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მანმადე ჰოლანდიაში მოღვაწე, წარმატებულ კიკბოქსელ გიგა ჭიკაძის "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთ ძალიან საინტერესო ვიდეოს წავაწყდი, სადაც სპორტსმენი, რამდენიმე კოლეგასა და მსოფლიოში ცნობილ სპორტსმენთან ერთად, ასეთ განცხადებას აკეთებდა: "ჩვენ არ ვებრძვით ოჯახის წევრებს, ჩვენ ვებრძვით ძალადობას ოჯახში". გიგა, ამ აქციასა და პროექტში გაეროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული და თავის ყოველ წარმატებულ გამოსვლას რინგზე, მამკაცებისგან დაჩაგრულ ქალბატონებს უძღვნის, რომელთაც "ჩემპიონ ქალებს" უწოდებს.
საინტერესოა, რას ფიქრობს ძალოსანი სპორტის მიმდევარი ზოგადად იმ მამაკაცებზე, რომლებისთვისაც ქალის ჩაგვრა, დამცირება, შეურაცხყოფა ჩვეულებრივ მოთხოვნილებად აქვთ გადაქცეული.
გიგა ჭიკაძე:
- ეს თემა ნამდვილად ძალიან აქტუალური გახდა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების ყურადღება ამ დაფარული პრობლემის მიმართ გაიზარდა და იმ ადამიანებსაც, ვინც გამუდმებით განიცდიდა და ალბათ ახლაც განიცდის ოჯახში ძალადობას, საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მიეცათ. თუმცა ძალიან განვიცდი ამ თემის ასე გააქტიურების მიზეზს და იმ ფაქტს, რომ ამდენი ქალი ემსხვერპლა ოჯახში ძალადობას.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც სხვა სპორტსმენებთან ერთად, ჩართული ვარ გაეროს გენერალური მდივნის კამპანიაში - "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ". როდესაც საქართველოში ვიმყოფები, ხშირად დავდივართ სხვადასხვა რეგიონში და შეხვედრებს ვმართავთ უფროსკლასელ ბიჭებთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ გარშემო მომხდარ ფაქტებს ვუზიარებთ და შემდეგ განვიხილავთ, ვაჩვენებთ სხვადასხვა ვიდეორგოლს, სადაც ნათლად არის ნაჩვენები ქალის არასრულფასოვანი აღქმა. რეგიონებში ბევრ განსხვავებულ აზრს ვისმენთ, ზოგჯერ სრულიად მიუღებელსაც, მაგრამ ეს ხშირად ამ ბიჭების გარემოცვიდან გამომდინარეობს: მათ ოჯახებში ასწავლეს, რომ ქალის მიმართ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და მათთვის სხვაგვარად წარმოდგენა შეუძელებელია. რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა. ამ დროს, როგორც წესი, ძალიან მარტივ მაგალითს ვიშველიებ ხოლმე და ვთხოვ, საკუთარ თავზე, საკუთარი ოჯახის წევრ ქალებზე წარმოიდგინონ ანალოგიური შემთხვევა, რაც ხშირად ამართლებს. ჩვენი საუბრები რამდენიმე საათს გრძელდება. ვცდილობთ, სხვადასხვაგვარად მივუდგეთ მონაწილეებს, ბოლოს კი მათ საჩუქრად სამახსოვრო სუვენირებს ვუტოვებთ...
- ე.ი. შედეგი აქვს თქვენს ამ მოძრაობას?
- ჩვენი შედეგი ის არის, რომ ადამიანები, მათ შორის რეგიონებში ლაპარაკობენ ამ თემაზე, ისმენენ განსხვავებულ მოსაზრებას, იწყებენ სხვაგვარად ფიქრს. ის ქალები, რომლებიც წლებია, ამ ძალადობას ითმენენ, ხედავენ, რომ მარტონი არ არიან, ხმას იმაღლებენ, თვალს უკვე აღარ ხუჭავენ და იწყებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის.
- მართალია, რომ შენს ყველა გამარჯვებულ ბრძოლას ქალებს უძღვნი?
- კი, ჩემს ყველა გამარჯვებულ ბრძოლას ვუძღვნი "ჩემპიონ ქალებს". მათ, ვინც ამ პრობლემას ებრძვის... ჩემი ამ საქმეში მონაწილეობითა და ჩართულობით მინდა, მათ ვუთხრა, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ არ უნდა ეშინოდეთ და ხმა უნდა აიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ. მე სპორტულ რინგზე ვიბრძვი, რაც მხოლოდ წუთები გრძელდება, ისინი კი თავის გადასარჩენად წლებია, იბრძვიან. ისინი ნამდვილი ჩემპიონები ქალები არიან.
- კლიპი, რომელიც ამ ფაქტებს მიუძღვენით, შენთან ერთად, ვინ მონაწილეობს?
- 3 ივლისს თბილისში გრანდიოზული საბრძოლო ტურნირი ჩატარდა, რაც ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა. ყველა მებრძოლს თეთრი სამკლაური გვეკეთა, წარწერით - "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ". ამ დროს მსოფლიოს კიკბოქსის ბევრი ცნობილი სახე საქართველოში იმყოფებოდა. მათ შორის, სურინამელი მსოფლიოს ჩემპიონი - მაილს სიმსონი და ჰოლანდიური კლუბის ლეგენდარული მწვრთნელი, წარსულში ევროპის ჩემპიონი - ფრანსუა ლუბბერსი. ვიდეოში მათ გარდა ტურნირის ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი - ლევან შაიშმელაშვილი მონაწილობდა.
რგოლი ძალიან სწრაფად გადავიღეთ, ალბათ, სულ 30 წუთი დაგვჭირდა. როდესაც ყველაფერმა ჩაიარა და დამონტაჟებული ვიდეო ვნახე, მივხვდი, რომ ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ. წარმოვიდგინე, რამდენად სასიხარულო იქნება 20 ან 30 წლის შემდეგ ამ ვიდეოს ნახვა ჩემი 5 წლის ნიტასთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ ვიდეოს გარდა, მორაგბეების ძალიან ემოციური კლიპიც გაავრცელა, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა.
- იმ სისასტიკის მიზეზად რაც ჩვენში ხდება, ზოგადად რას მიიჩნევ?
- ეს სისასტიკე არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა. ბევრს ვმოგზაურობ და მას შემდეგ, რაც ამ პროექტშიც ჩავერთე, იგივე პრობლემა სხვა ქვეყნებშიც ვნახე. ამის მთავარ მიზეზად გაუნათლებლობას და მენტალობას მივიჩნევ. საქართველოში ვერ ხვდებიან, რომ ქალიც და მამაკაციც თანაბარია და მათ მხოლოდ სქესი განასხვავებთ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ყველა ასეთი მამაკაცი ამბობს, რომ თუ მსგავსი პრობლემა მის დას, ან შვილ გოგოს შეეხება, ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად და მოსაგვარებლად. არადა, ეს პრობლემა ხშირად მათ მეუღლეებს ოჯახში აქვთ.
- საზოგადოებამ რა უნდა გაკეთოს, რომ ამ საშინელებისგან თავი დავიცვათ?
- საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა არა მარტო მსხვერპლი ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოების პრობლემაა. ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა და ვეცადოთ, მათ ირგვლივ არსებული სტერეოტიპები დავამსხვრიოთ!
- აღნიშნულ ვიდეოში ამბობთ, რომ "ჩვენ არ ვებრძვით ოჯახის წევრებს, არამედ ვებრძვით ძალადობას ოჯახში"... როგორც ძალისმიერ სპორტის წარმომადგენელი, რას იტყცვი მამკაცებზე, ვისაც ცოლის ცემის სურვილი ხშირად უჩნდება?
- ჩვენი "ბრძოლა" მიზნად ისახავს ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვართ და ყველაფერს სიყვარულით აკეთებენ. დაუშვებლად ლაჩრობად მიმაჩნია ქალის მიმართ ხელ-ფეხის ქნევა, ქალის ცემა, ყველას ვურჩევ, ეს ენერგია სხვა, კეთილ საქმეში მოიხმარონ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის