“AUTO BILD საქართველომ” ერთ მართლაც განსაკუთრებულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია გრძელდება და რომელსაც “თბილისის ავტო შოუ” ჰქვია.
მიუხედავად უამინდობისა, ავტო შოუმ შესანიშნავად ჩაიარა: 30 ანტიკვარული ავტომობილი, 16 ახალი მოდელი, რომლებიც უპრეცედენტოდ დაბალ ფასში იყიდებოდა და მოტო შოუ, რომელიც My Moto Team-მა და ექსტრემალური სპორტის ფედერაციამ შემოგვთავაზეს. განსაკუთრებული სიმპათია 5 წლის თორნიკემ დაიმსახურა, რომელიც პატარა მოტოციკლეტით მეტეხის ხიდზე გასაოცარ ტრიუკებს აკეთებდა.
რაც მთავარია, ავტო შოუს უამრავი სტუმარი და დამთვალიერებელი ჰყავდა, რომლებმაც საჩუქრად ჩვენი ჟურნალის ახალი და ძველი ნომრები მიიღეს.
26 ოქტომბერი მართლაც გამორჩეული დღე იყო, რადგან ავტო შოუს დაწყებამდე, თბილისის ავტო მუზეუმი გაიხსნა. კაიროს ქუჩის მეზობლად ავტო მუზეუმი რომ კეთდებოდა, ამის შესახებ “AUTO BILD საქართველოს” ოქტომბრის ნომერში გიამბეთ, პრეზენტაცია კი სწორედ თბილისობის ფარგლებში შედგა.