ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში ცხოვრების მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ბინებზეც. მოთხოვნასთან ერთად იზრდება უძრავი ქონების ღირებულებაც. ბინების ფასები სხვადასხვა უბანში სხვადასხვაგვარია უბნების პრესტიჟულობის, ბინის მდებარეობისა და მდგომარეობის მიხედვით.
ბინის შეძენის მსურველებმა რამდენიმე ხერხს შეიძლება მიმართონ – უძრავი ქონება შეგიძლიათ შეიძინოთ ე.წ. მაკლერის, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების, ან ონლაინ-განცხადების მეშვეობით. ვინაიდან მაკლერები გაწეულ სამუშაოში საკმაოდ დიდ თანხას, გაყიდული ქონების 2 პროცენტს ითხოვენ, ხოლო გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას ყოველთვის არ ახლავს ფოტო, განცხადების ძიების ყველაზე კომფორტულ საშუალებად ინტერნეტმედია რჩება. ბინიდან გაუსვლელად თავად შეგიძლიათ ვებ-გვერდზე ფასებისა და უბნების სორტირება, ხშირ შემთხვევაში კი ბინაზე წარმოდგენას განცხადებაზე დართული ფოტოც შეგიქმნით.
საქართველოში ონლაინ-განცხადებებისა და უძრავი ქონების ყველაზე დიდი ბაზის მფლობელია ინტერნეტპორტალი Saqme.ge. აქ შეგიძლიათ ნახოთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების შესახებ თითქმის ყველა ტიპის ინფორმაცია, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, ბინების შესახებ ინფორმაციასაც იხილავთ. საიტზე მარტივი ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია განცხადების განთავსება.
როგორც Saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული აცხადებს, ინტერნეტპორტალი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას 2007 წლიდან აწვდის მომხმარებელს და ვებ-გვერდი ამ ტიპის საიტებს შორის მოწინავე ადგილზეა, რასაც პირველ რიგში ინფორმაციის სანდოობა განსაზღვრავს.
-რომელი უბნებია ბინებზე მოთხოვნის მხრივ ყველაზე პოპულარული?
- პირველ რიგში, აუცილელად გამოვყოფდი საბურთალოს რაიონს, როგორც ბინების სიძვირის, ისე მაღალი მოთხოვნის მიხედვით. შემდეგ მოდის ვარკეთილისა და გლდანის დასახლებები. ვაკეში განსაკუთრებით ძვირადღირებული ბინებია და ასევე შეიძლება აღინიშნოს დიდი დიღმის დასახლება, სადაც ახლა მშენებლობების ბუმია.
Ambebi.ge დაინტერესდა ყველაზე მოთხოვნად უბნებში არსებული ბინების საშუალო ღირებულებით. ზემო ვაკეში 5-ოთახიანი ახალაშენებული ბინა პრესტიჟულ და სუფთა ადგილზე 252 ათას დოლარად არის შეფასებული. საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქუჩაზე არსებული 3-ოთახიანი ახალგარემონტებული ბინის ფასი 155 ათას დოლარს აღწევს.
თუ ვაჟა-ფშაველაზე ყველაზე პრესტიჟულ ადგილას ახალ აშენებულ დუპლექსის ტიპის ბინას ეძებთ, თანაც ისეთს, ავტოფარეხი რომ ჰქონდეს, მინიმუმ 220 ათასი დოლარი უნდა გეგულებოდეთ თქვენს ჯიბეში.
ისინი, ვინც გარეუბანში ცხოვრებას არჩევენ, საშუალოდ 33 ათასიდან 55 ათას ლარამდე შეძლებენ ბინის ყიდვას.
გარეუბნებს შორის ყველაზე მოთხოვნად უბნებად ვარკეთილი და გლდანი ითვლება. რაც შეეხება ფასებს, ამ ორ უბანში ის თითქმის იდენტურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობა და ბინის პროექტი ამ შემთხვევაში ფასის განმსაზღვრელია.
ჩეხური პროექტის ბინები გარეუბნებში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პროექტის ბინებად მიიჩნევა. ამ პროექტის 4-ოთახიან სარემონტო ბინას სუფთა მდგომარეობაში დაახლოებით 50 ათას დოლარად შეიძენთ გლდანის რაიონში, ხოლო ვარკეთილში, მოსკოვის პროექტის ერთოთახიანი ბინა ძალიან კარგ მდგომარეობაში 25 ათას დოლარად არის შეფასებული.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ბინის მყიდველთა რაოდენობამ გაცილებით გადააჭარბა დაგირავების მსურველთა რიცხვს. მაგალითად, ვაკესა და საბურთალოს რაიონებში ერთოთახიანი ბინის დასაგირავებლად დაახლოებით 30 ათასი დოლარი უნდა გქონდეთ გათვალისწინებული, ხოლო გლდანსა და ვარკეთილში ოროთახიანი დასაგირავებელი ბინის ფასი 30-დან 35 ათას დოლარამდე მერყეობს.
სალომე შიხაშვილი
AMBEBI.GE