"შენება" ჩინურად და დოკუმენტი გრიფით - საიდუმლო

"შენება" ჩინურად და დოკუმენტი გრიფით - საიდუმლო

სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრების გადაყვანის ოპტიმიზაცია, ოპერირების ხარჯის შემცირება, უსაფრთხოების გაუმჯობესება, მატარებლების სიჩქარის გაზრდა... - ეს იმ შედეგთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამა ითვალისწინებს. 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მაგისტრალის სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აწარმოებს. ამჟამად თქვენს ყურადღებას სოფელ ქვიშხეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებზე შევაჩერებთ. რკინიგზის გვირაბი დასახლებული პუნქტის ქვეშ გადის.

ქვიშხეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი საკურორტო სოფელია, მაგრამ ადგილობრივების თქმით, 2 წელია, იქ ერთი დამსვენებელიც არ ჩასულა, მიზეზი კი სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებია. საშინელმა მტვერმა, ხმაურმა და აფეთქებების ხმამ არა მხოლოდ დამსვენებლები დააფრთხო, არამედ, ადგილობრივებსაც ეშინით საკუთარ სახლებში ღამის გათევის.

გოჩა ქველაძე, ქვიშხეთის მკვიდრი:

- გვირაბის მშენებლობის გამო ჩვენი სახლები დაზიანდა. პერიოდულად, რამდენიმე ადგილობრივს გვასაქმებენ, მაგრამ როცა მოუნდებათ, როგორც ძაღლს, ისე გვაგდებენ. საყვედურს თუ გამოვთქვამთ, პატრულის გამოძახებით გვმუქრებიან. არ უნდათ, საქმეში ადგილობრივები ჩაახედონ. მუშები სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ. ამას რას ვჩივით, სახლებს თავზე გვანგრევენ და გვეუბნებიან, - სოფელს რომ გავცდებით, კომპენსაციებს მერე დავარიგებთო.

- რეალურად, ვინმემ კომპენსაცია მიიღო?

- ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, ღამით ბანკის მანქანა მოვიდა და ფული დარიგდა. თქვენც რომ ყოფილიყავით და პირადობა გქონოდათ, ალბათ თქვენც მოგცემდნენ.

- ფული რის გამო დარიგდა?

- ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანებსაც არ აქვთ, ვინც იმ ღამეს 900 ლარი აიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ თანხის აღებისას არანაირ საბუთზე ხელი არ მოუწერიათ. ვარაუდობენ, რომ თანხა მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისთვის გადაუხადეს, მაგრამ არ იციან, რატომ მაინცდამაინც ღამის საათებში? ადგილობრივები იხსენებენ:

"იმ დღეს ეზუგბაია იყო მოსული. ფული ღამის პირველ საათზე დაარიგეს. ერთ-ერთმა თანასოფლელმა უთხრა, - ამ ფულს რისთვის გვაძლევთ, იქნებ ხვალ ამის გამო დამიჭიროთო? - არა, თქვენ დაზარალებულები ხართო. ზოგმა აიღო, ზოგმა - ვერა, ერთი ამბავი იყო.

ლილი სუთიაშვილი, ქვიშხეთის მკვიდრი:

- როდემდე უნდა დავიცადოთ? სახლი გადაყირავებულია, დანგრევაზეა და რა ვქნათ? რკინიგზიდან არავინ მოდის. დეპარტამენტში ხელმძღვანელები იცვლებიან, ჩვენით კი არავინ ინტერესდება. აკაკი საღირაშვილს (საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი) რამდენჯერაც დავურეკეთ, იმდენჯერ გვითხრა: ეს მე არ მეხება, სასამართლოში მიდითო. 2 წელია, ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა არც ერთი ინსტანცია, სადაც არ მივსულვართ და დახმარება არ გვითხოვია. სახლების უმეტესობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა, I და II კატეგორია მიანიჭა. მას შემდეგ კიდევ იყო აფეთქებები და დაზიანებამაც იმატა. როცა აკაკი საღირაშვილს და გიორგი ზარდაშვილს ვკითხეთ, გვითხრეს: ამ კატეგორიის დაზიანებებზე კომპენსაცია არ გაიცემაო. რკინიგზა ხელს ჩინური კომპანიისკენ იშვერს, ჩინელები - რკინიგზისკენ. პირადად მე, პასუხისმგებლობას რკინიგზას ვაკისრებ, რადგან ის არის დამქირავებელი. როცა ხელშეკრულება გააფორმეს, არ ჩაწერეს, კომპენსაცია ვინ უნდა გადაიხადოს? წყალი დაშრა, ხეები ხმება, სახლები ინგრევა... მოკლედ, ერთ დროს აყვავებული სოფელი უმოწყალოდ ნადგურდება. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც გავუგზავნეთ წერილი, მაგრამ პასუხის ღირსად არავინ ჩაგვთვალა. აფეთქებები იმდენად ძლიერია, სახლის ფანჯრები იმსხვრევა. ჩინელები ამბობენ, - ყველაფერს ნორმის ფარგლებში ვაკეთებთო. ვინმე ამას ამოწმებს? როცა დეტალებში გარკვევას ვცდილობთ, გვეუბნებიან, - ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევსო.

- ეს ვინ გითხრათ?

- აკაკი საღირაშვილმა და გიორგი ზაზაშვილმა გვითხრეს, - ხელშეკრულება საზღვარგარეთ ინახება და ჩვენ მასზე ხელი არ მიგვიწვდება. დეტალები ეზუგბაიამ და კიდევ რამდენიმე პირმა იცისო.

დონიკო სხილაძე ჟურნალისტებს საკუთარ სახლში გვეპატიჟება, - ყველაფერი თქვენი თვალით ნახეთ და გადაიღეთო:

- შარშან, 15 აპრილს გვირაბი ჩაენგრათ. სახლში ბზარები გაჩნდა, იატაკმა დაბლა დაიწია. ძალიან შევშინდით. მოვიდნენ და გვითხრეს, - აქ ნუღარ გაჩერდებით, ბინა იშოვეთ და ქირის ხარჯს ჩვენ დავფარავთო. ჯერ უარი ვუთხარით, რადგან ჩვენს მეზობლებსაც ასე დაპირდნენ და გაწბილებულები დატოვეს. ბოლოს დავთანხმდით, მაგრამ მოვთხოვეთ დოკუმენტი, რის საფუძველზეც, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ პასუხს ვაგებინებდით. დოკუმენტი არ მოგვიტანეს, ვერ დავბეჭდეთო. 5 თვე გვირაბი ვერ გაამაგრეს. უნდა გენახათ, თავადაც როგორ პანიკაში იყვნენ. 6 ოჯახი განსაკუთრებულად დავზიანდით. ხედავთ, ჩვენი კიბის მოაჯირიც გაღუნულია. მშენებლობა ისე დაიწყეს, გეოლოგებს ნიადაგიც არ შეუსწავლიათ. რა ნივთიერებას აფეთქებენ, არ ვიცით, მაგრამ საშინელი სუნი აქვს და სოფელში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვიც გაორმაგდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია