90-იანი წლების ქართული ტელევიზიის ვარსკვლავების სკანდალები, წარმატება და ტრაგიკული აღსასრული

90-იანი წლების ქართული ტელევიზიის ვარსკვლავების სკანდალები, წარმატება და ტრაგიკული აღსასრული

დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის განვითარება სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს. მართალია, მაშინ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი, თუმცა საეთერო სივრცე პოლიტიკურთან ერთად, გასართობ, შემეცნებით და მხატვრულ პროგრამებსაც ეთმობოდა.

ჯულიეტა ვაშაყმაძის, მარკ რივკინის, ლია მიქაძის, ნუგზარ ჯუღელის და სხვა ცნობილი დიქტორების პარალელურად, მაშინდელ ტელესივრცეს ახალგაზრდა სახეებიც ჰყავდა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თიკა კანდელაკის კარიერაც სწორედ 90-იანი წლების ქართულ ტელესივრცეში, კერძოდ მეორე არხზე დაიწყო.

როგორც ამბობენ, პატარა გოგონა მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე, ბევრს კითხულობდა და სარკესთან მეცადინეობდა. შემდეგ კი მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად, სადაც წარმატებული კარიერა აიწყო.

თიკა კანდელაკთან ერთად მეორე არხის გამორჩეული სახეები იყვნენ გია გუმბერიძე, სერგი გვარჯლაძე, ნინო დარასელი, ბაკურ ბაკურაძე და სხვები.

სერგი გვარჯელაძის გადაცემამ, "მეორე არხზე", შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა. ფრაზა, "ეს მეორე არხია, მე ვარ სერგი გვარჯელაძე", დღემდე ახსოვს მაყურებელს. მის გადაცემაში გასულმა კლიპებმა და ახალ-ახალმა ამბებმა გადაცემას დიდი წარმატება მოუტანა. კლიპებს ეთერში გასაშვებად მეგობრის ძმა უგზავნიდა გერმანიიდან, რომელიც "MTV"-ს ჩანაწერები იყო.

ახალგაზრდულ არხად გადაკეთებულ სიხშირეზე ოფიციოზი არ არსებობდა. ეთერში სერგი გვარჯელაძე იჯდა, რომლის ლეგენდარული ფრაზა პაროლი იყო; პაროლი - საოპერატოროსთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი კლიპი უნდა გაეშვათ.

მერე იყო რევოლუცია - პირდაპირ ეთერში პრეზერვატივი გამოჩნდა. ეს ისე, უბრალოდ მოხდა. წამყვანმა ყველაფერი, რაც ჯიბეში ედო, ამოიღო და სხვებსაც აჩვენა, თუმცა ეს მაშინ ნამდვილი სკანდალი იყო...

დღევანდელ ტელევიზიას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ყველაფერი, რაც ეთერში გადის, ზედმეტად პოლიტიზებულია. ზოგიერთი ამას იმით ხსნის, რომ ეს ნორმალურია ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიის გზას ადგას. 90-იანი წლების ქართული ტელესივრცის ჟურნალისტების და ოპერატორების შესახებ ლეგენდები დღემდე დადის. ბევრმა მათგანმა თავი აფხაზეთის ომს შესწირა.

საშკა იოსელიანის და დათო ბოლქვაძის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის.

"აფხაზეთში რომ ომი დაიწყო, მაშინვე წავიდა, არც მანამდე დაჰკლებია რამეს, სამაჩაბლოდანაც აკეთებდა რეპორტაჟებს. აფხაზეთში ფრონტის ხაზზე იღებდა, პირდაპირ ცეცხლში იყო შევარდნილი. ქართველი იყო და უნდა გაეკეთებინა. სხვანაირად მას არ შეეძლო. ის აკეთებდა იმას, რაც უნდა გააკეთოს ნორმალურმა მოქალაქემ, როცა სამშობლოს უჭირს", - იხსენებს მისი და, ხათუნა იოსელიანი.

დავით ბოლვაძე ლოთი ქობალიამ დახვრიტა ხობში და მასთან ერთად ორი ადამიანი სასტიკად აწამა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დავით ბოლქვაძე ყვიროდა, არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარო, თუმცა ლოთი ქობალიამ ის სწორედ საკუთარი პროფესიის გამო დახვრიტა და მერე გარშემო მყოფებს დაუბარა, დავით ბოლქვაძისთვის და ორი პირისთვის, ვინც მასთან ერთად დახვრიტა, ხელი არ ეხლოთ. როდესაც ლოთი მანქანაში ჯდებოდა, მეგრულად დაიყვირა, - ხელი არ ახლოთ, ღორებმა შეჭამონო...,- იხსენებს თვითმხილველი ეთერ ბიწაძე ჩანაწერებში.

სირთულეების მიუხედავად, მაშინდელი ტელევიზიის სახეები და მესვეურები ცდილობდნენ, საკუთარ საქმეში პოზიტივიც ჩაერთოთ. შეიქმნა სატელევიზიო ფესტივალი "მანა", ალბათ ქართული ტელევიზიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა… სატელევიზიო ფესტივალი "მანა" პირველად 1994 წელს ჩატარდა. მისი ფუნქცია ძალიან მარტივი იყო – ქართულ ტელესივრცეში მოღვაწე ხალხის ერთად შეკრება და მათი დამსახურებების რაღაც ფორმით აღნიშვნა. ფესტივალი 1995 წელსაც ჩატარდა. 1996-ში მან უკვე საერთაშორისო სახე მიიღო, 1996 წლის "მანა" უკანასკნელი იყო, ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა შენგელია იყო.

90-იანი წლების გამორჩეული საეთერო სახეები დღეს უკვე ტელეეკრანზე ნაკლებად ჩნდებიან, ზოგიერთი მათგანი უცხო ქვეყანაში წავიდა, ზოგმა პროფესია შეიცვალა და ა.შ. ამერიკაში ცხოვრობს ქეთევან მითაიშვილი, 10 წელზე მეტია წამყვანობას თავი დაანება საშკა იოსელიანის მეუღლემ ანა რატიანმა, რომელიც ყველაზე მომხიბვლელ ტელეწამყვანად ითვლებოდა.

პოლიტიკაში წავიდა ირმა ინაშვილი, ზაზა შენგელიამ კი მუსიკალურ სფეროში გადაინაცვლა, სატელევიზიო სივრცეს ჩამოშორდნენ დონარა კინწურაშვილი, ლია მიქაძე, მარკ რივკინი, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ლალი მოროშკინა, პა-სეანსის მსახიობები და სხვები. ზოგიერთმა კი კადრს მიღმა გადაინაცვლა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

თბილისში, ისანში, ხანძარია

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე