საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა.
პროექტს პარტნიორობას უწევს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
პროექტის პრეზენტაციას გამოცემის ავტორები, მწერლები და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. როგორც "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ აღნიშნა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ილუსტრირებული ისტორია განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ეს წიგნი ყველა თაობას გააერთიანებს. "ამ წიგნზე შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა. ეს არის არა მხოლოდ ისტორია, არამედ არის აღდგენილი წარსული", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საქართველოს ილუსტრირებული ისტორია 24 ტომისგან შედგება. პირველი წიგნი, რომელიც ილუსტრირებული ისტორიის პროექტის ფარგლებში გამოიცა, "მეფე თამარია". წიგნში აღწერილია თამარის მეფობა, მოღვაწეობა, ქორწინება, ბრძოლები და გარდაცვალება. წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გაიყიდება.
