საქართველოში ბრუცელოზის შემთხვევები მატულობს. ბოლო პერიოდში ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში, ასპინძისა და ადიგენის რაიონებშია. ამ დროისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზზე კვლევას ახორციელებს. იგი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და შემდეგ დაიწყება პირუტყვის აცრის პროცესი.
”რეზონანსთან” საუბრისას ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ ბრუცელოზის აღმოჩენის მასშტაბები საკმაოდ დიდია. ამიტომ უმჯობესია, თუკი მოსახლეობა სახლის პირობებში დამზადებული ”იმერული ყველისა” და აუდუღარი რძის მიღებას მოერიდება. ბრუცელოზს ახასიათებს გაზაფხულ-შემოდგომის სეზონურობა, თუმცა ბოლო წლებში საქართველოში დაავადების შემთხვევა რეგისტრირდება მთელი წლის განმავლობაში.
რადიო ”თავისუფლების” ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზი ყოველდღიურად ვლინდება. დაავადება აღმოჩენილია როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ხალხი შიშობს, რომ ეპიდემიის მასშტაბი გაიზრდება და რამდენიმე სოფელი საქონლის გარეშე დარჩება. დაავადებულ საქონელს მოსახლეობა ასპინძის სასაკლაოში აბარებს. თერმული დამუშავების შემდეგ ხორცი გასაყიდად გააქვთ. ვეტერინარების განცხადებით, ბრუცელოზის ბაცილა მალე კვდება, ამიტომ თერმულად დამუშავებული ასეთი ხორცი საშიში არ არის. ასევე უსაფრთხოა მაწონი, ადუღებული რძე, სულგუნი და ქარხნული ყველი.
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ამბობს, რომ სასაკლაოები დაავადებულ პირუტყვს მესამედ ფასად იბარებენ, ამიტომ პირუტყვის გარეშე დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო მეტ ზარალს განიცდიან. იმის გამო, რომ სასაკლაოები ბრუცელოზიან პირუტყვში დაბალ ფასს იხდიან, არსებობს რისკი, რომ დაავადებული, დაუმუშავებელი ხორცი სარეალიზაციოდ სასაკლაოს გვერდის ავლით გავიდეს. ამიტომ მოსახლეობა ხორცის ყიდვისას აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, ახლავს თუ არა მას ”ფორმა 100”.