მოგეხსენებათ, რომ ხორბალი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტია და მის ფასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი შემცირებულია: 150-170 ათასი ტონა მოსავალი უნდა მიგვეღო და გვალვების გამო მოსავლის მოცულობა 80 ათას ტონამდე შემცირდა - ეს კი, მოსალოდნელზე ორჯერ ნაკლებია. საქართველო ძირითადად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, თუმცა, ხორბლის მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებსაც ჰქონდათ სირთულეები, რამაც ხორბლის გაძვირება გამოიწვია. ბპნ.გე საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ლევან სილაგავას ესაუბრა, რომლის ინფორმაციით, დღეისათვის 1 ტონა ხორბლის ფასი 260 დოლარი ღირს, როცა ორიოდე კვირის წინ 150 დოლარი ღირდა. ჩვენ დავინტერესდით, თუ აისახება ეს გაძვირება პურის ფასზე.
- რა მდგომარეობაა ამჟამად ხრობლის მსოფლიო ბაზარზე?
- საერთოდ, მეხორბლეებისათვის სეზონი იწყება 1 ივლისიდან და მომდევნო წლის 1 ივლისამდე გრძელდება. წელს მთელ მსოფლიოში ხორბლის საკმაოდ კარგი მოსავალი მოვიდა - 730 მილიონი ტონა, რაც რეკორდული არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიბმული ვართ რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრებზე, ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ამ ქვეყნებში მოწეული მოსავალი. რუსეთს წელს ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდა- 103 მილიონი ტონამდე. ახლა მიმდინარეობს ხორბლის აღება ურალსა და ციმბირში, სადაც ადრეულმა ყინვებმა დაიჭირა ისევე, როგორც ყაზახეთში. იმ ადგილებში, სადაც ხორბალს იღებენ, ამინდი გაფუჭდა და მოსავლის აღებას ბოლომდე ვეღარ ასწრებენ. აქედან გამომდინარე, რუსეთს მოსავლის რაოდენობა 3-4 მილიონი ტონით შეუმცირდა, ყაზახეთში კი, ალბათ, მოსავლის 20-25% ხორბლის ყანებში დარჩება. ჩვენი ძირითადი იმპორტიორი ამჟამად არის რუსეთი, რომელსაც პრობლემების მიუხედავად, წელს მაინც დიდი მოსავალი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ხორბლით მომარაგებაში შეფერხებებს არ უნდა ველოდეთ.