რა იცის სახელმწიფომ შენს შესახებ - სპეციალური სერვერი, სადაც ჩვენს ოჯახებზე ყველანაირი ინფორმაციაა შენახული

რა იცის სახელმწიფომ შენს შესახებ - სპეციალური სერვერი, სადაც ჩვენს ოჯახებზე ყველანაირი ინფორმაციაა შენახული

პერსონალურ მონაცემთა დაცვა ადამიანის პირადი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად განიხილება. შარშან ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაცია საქართველოს სამინისტროებში" ნათქვამია, რომ "ადამიანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხისადმი საქართველოს სამინისტროებში ცნობადობა დაბალია, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს".

Ambebi.ge-სთან საუბარში რამდენიმე რესპოდენტმა აღნიშნა, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია, ძირითადად ტელეფონის ნომერი ხშირად ხდება ხელმისაწვდომი ამა თუ იმ პირისთვის, ან ამით თავად ის პირები სარგებლობენ, რომლებსაც საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე წვდომა აქვთ პერსონალურ ინფორმაციაზე. როგორც ამბობენ, ტელეფონის ნომერს უმეტესწილად მანქანის ნომრების მეშვეობით იგებენ. არის შემთხვევები, როცა პირის საცხოვრებელი მისამართის და სხვა მონაცემების დადგენა სწორედ მისი ტელეფონის ნომრით ხდება და ამით ძირითადად ძალოვანი უწყების თანამშრომლები სარგებლობენ.

როგორც ანონიმურმა წყარომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ძალოვან უწყებებში არსებობს სპეციალური სერვერი, სადაც ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია არის დაცული.

როგორც Ambebi.ge-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის აპარატში განუცხადეს, ისინი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს, რომ ჩვენი მონაცემების დამუშავება არ მოხდეს უკანონოდ. აპარატი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და მას ამ პერიოდის მანძილზე დაახლოებით ოცმა ადამიანმა მიმართა დახმარებისთვის.

- თავადაც ხშირად გვსმენია ისეთი ფაქტის შესახებ, რომ მანქანის ნომრით ხდება პიროვნების ტელეფონის გაგება. რამდენიმე დღის წინ ასეთი პრობლემით ერთმა გოგონამ მოგვმართა, ჩვენ მას გავუწიეთ კონსულტაცია, თუმცა ოფიციალურად აღარ დაუწერია განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, რომელსაც ზედამხვედველობას უწევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა პირს საკუთარი სამსახურიდან გამომდინარე აქვს და სამწუხაროა, როცა ადამიანი აჭარბებს თავის უფლებებს.

- რა ინფორმაციას ფლობს ჩვენზე სახელმწიფო?

- გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებს, სხვადასხვა ფუნქცია აქვთ, ყველა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ფლობს ჩვენს შესახებ, რაც კანონით არის დადგენილი. გააჩნია სამინისტრო რა მიზნით შეიქმნა და რას ემსახურება. მაგალითად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას აქვს ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სახელფასო მონაცემებზე, შსს-ს ნასამართლეობაზე და ა.შ. აქტუალურია თემა იმის შესახებ, თითქოს მანქანის ნომრით ხდება ადამიანის ტელეფონის ნომრის გაგება, ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემებს შსს-ს ერთ-ერთი უწყება ფლობს. შესაძლოა, სხვა უწყებებსაც ჰქონდეთ წვდომა მსგავს ინფორმაციაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

- პატრულის თანამშრომელს ხომ შეუძლია ადამიანის ტელეფონის ნომრის გაგება?

- ვერ გეტყვით, ჩვენ ამ ნაწილში შემოწმება არ ჩაგვიტარებია. ამიტომ ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ ამ ინფორმაციას.

- ამბობენ, რომ არსებობს სპეციალური სერვერი, რომელზეც წვდომა აქვთ ძალოვანი უწყების თანამშრომლებს და ამ სერვერით ხდება პიროვნების პერსონალური ინფორმაციის გადამოწმება...

- აქაც იგივეს გიპასუხებთ, რაც პატრულის შემთხვევაში გითხარით. ჩვენი აპარატი იმიტომ არის შექმნილი, რომ კონტროლი გაუწიოს კერძო და საჯარო უწყებებში პიროვნების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რომლის დამუშავებაც კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

- როცა მოგმართავენ მსგავსი საჩივრით, როგორ ხდება დადგენა, ვისგან გახდა ცნობილი ამა თუ იმ ადამიანის პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა?

- ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ინდივიდუალურად ხდება თითოეული შემთხვევის გამოძიება. უნდა მოხდეს სავარაუდო იდენტიფიკაცია, ვის მიერ შეიძლება იყოს გაცემული ინფორმაცია. ამის შემდეგ ხდება ინფორმაციის გამცემის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება, გაფრთხილება და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვახდენთ დაკვირვებას და რეაგირებას ყველა საჯარო და კერძო სტრუქტურაზე, სადაც ჩვენი პერსონალური მონაცემები არის დაცული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია