დავით უსუფაშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა

დავით უსუფაშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის მინისტრების გადადგომა. "მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს, მათ შორის უცხოეთში და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელლი.

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და პარლამენტს ეს კურსი განსაზღვრული აქვს არაერთხელ, მათ შორის ბოლოს, 2014 წლის ივლისში, როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოს მთავარობის ახალი შემადგენლობა და მთავრობის საქმიანობის პროგრამა. ყოველგვარი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას, არის უსაფუძვლო. თუ რაიმე საფრთხე და პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით, ამან შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, რადგან წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ თანამდებობებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და ხედვების მქონე ადამიანები და ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას", - აღნიშნა უსუფაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრებს, რომლებმაც "ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წინსვლაში" სწორედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით.

"მინდა გამოვთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია "ქართულ ოცნებას", მთავრობას და პარლამენტს აღარ მოუწევს საქმიანობა. ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცეთ მთავრობა და გვქონდა მათი იმედი. გვინდოდა ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ "თავისუფალი დემოკრატების" გასვლით მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. მან ერთად ბრძოლოსთვის "თავისუფალ დემოკრატებს" მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება სხვადასხვა საკითხებზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა