საქართველოში რომ მანქანის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ახალი ამბავი არ არის. ყველას საკუთარი მანქანით, კომფორტულად მგზავრობა სურს, თუმცა მაინც მოიძებნებიან ისეთები, ვისაც ავტომობილი არ ჰყავს ან კონკრეტული მიზნისთვის მისი ავტომობილი არ გამოდგება და ტრანსპორტის დაქირავება სურს. Bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა პირობებით არის შესაძლებელი სასურველი მანქანის დაქირავება და რას სთავაზობენ საქართველოში მოქმედი ავტოგაქირავების სერვისები ამ მომსახურების მიღების მსურველს.
ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანია აქირავებს მანქანებს. ისინი განსხვავებულ პირობებსა და ფასებს სთავაზობენ მომხმარებლებს. თუმცა, მანქანის დაქირავების მსურველი, თითქმის ყველა შემთხვევაში შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს 21 წელზე მეტის, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობა), უნდა ჰქონდეს მართვის, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება.
უფრო დეტალური ინფორმაციის გასარკვევად, bpn.ge კომპანია Race-ის მენეჯერს, ვახტანგ მიქაბერიძეს გაესაუბრა. კომპანია Race უკრაინაში 8 წელია არსებობს. საქართველოში კი მისი ფილიალი, დაახლოებით, ოთხი თვის წინ გაიხსნა. კომპანიას ასევე აქვს ფილიალები დსთ-ს ქვეყნებში.
საქართველოში კომპანიას ორი ოფისი აქვს, თბილისსა და ბათუმში. ასევე იგეგმება ოფისის გახსნა ქუთაისშიც. კომპანიის მენეჯერის თქმით, მათი სერვისი ჯერ მხოლოდ ავტოგაქირავებას მოიცავს, თუმცა იგეგმება ტურისტული სერვისის დამატებაც. ამ ეტაპზე კომპანიის მფლობელობაში 10 მანქანაა. კომპანია ავტომობილებს მათი კატეგორიის მიხედვით აქირავებს.