"ოცნების" კარის თამაშები: "ალასანიას მთავრობიდან ჩამოშორება წინასწარ დაგეგმილი განზრახვა იყო"

"ოცნების" კარის თამაშები: "ალასანიას მთავრობიდან ჩამოშორება წინასწარ დაგეგმილი განზრახვა იყო"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დოქტორანტს, შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო შორენა, მმართველ კოალიციასა და მთავრობაში განვითარებულ პროცესებზე საზოგადოებამ პროცესში ჩართული ყველა მონაწილის განცხადებები, მოსაზრებები და შეურაცხყოფებიც კი მოისმინა, მაგრამ რეალურად, გაუგებარი დარჩა, სინამდვილეში რა იყო "თავისუფალი დემოკრატების" ბუნტის მიზეზი. თქვენ როგორ შეფასებდით მომხდარს?

- ხილული შიდა პოლიტიკური მოცემულობა შემდეგია: საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის თავზე "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა გამოაკლდა. "თავისუფალი დემოკრატების" რიგებიდან იყვნენ გავლენიანი ფიგურები როგორც ივანიშვილის, ასევე ღარიბაშვილის მთავრობაში. პარტიამ "თავისუფალი დემოკრატები" თავისი წვლილი კოალიციის მიღწევებში შეიტანა.

ახლა კი, გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი ამბები და მივყვეთ მოვლენათა განვითარებას დღევანდლამდე. ივანიშვილმა თავიდანვე დათრგუნა ირაკლი ალასანიას პრეზიდენტობის ამბიცია. მახსოვს, მოუთმენლად ველოდებოდი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. თუ ეს იქნებოდა ირაკლი ალასანია, ივანიშვილი აჩვენებდა თავის შორსმჭვრეტელობას და კოალიციის ერთსულოვნების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდიდა, ასევე გააცამტვერებდა მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ალასანიას ივანიშვილი დიდად არ სწყალობს, მაგრამ ასე არ მოხდა.

დღეს პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ალასანიაზე განხორციელებული შეტევაა, რომელიც რაც უნდა თქვას ღარიბაშვილმა, პოლიტიკურ კრიზისს ადგილი არ აქვსო, თვალხილული მოცემულობაა. მაგრამ, რამდენად არის კავშირში ეს ყველაფერი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან, კავშირშია პირდაპირ და არაპირდაპირ.

ერთი მხრივ, რუსეთის ინტერესებშია, არიოს ვითარება და კრიზისი გახანგრძლივდეს, დაიძაბოს ურთიერთობები მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში. მეორე მხრივ, კი დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხეშია. შედარებით დამოუკიდებელი, ქვეყნის შიგნით და გარეთ საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები ძნელად სამართავები აღმოჩდნენ. მოშორება კი, ყველაზე უფრო აპრობირებული მეთოდებით ხდება: გამოვლენილი დარღვევები შესყიდვების სფეროში. ანუ კურსს საფრთხე შეექმნა, არ არის აუცილებელი გავიგოთ, რომ ხვალ ვინმე მოვა და დაგვიპყრობს (თუმცა ასეც ხდება) ან ძალით შეგვიყვანს სხვა ბლოკში ან გაერთიანებაში. საფრთხე არის სწორედ ის, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მის გაღრმავებამდე ვერ ხდება, რასაც შესაძლოა, ბევრი არასასურველი გაგრძელება მოჰყვეს.

თუმცა, ამ პროცესების კვალდაკვალ "დეჟა ვუს" განცდაც მაქვს. მახსენდება ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლა, რომელსაც მისი დაჭერა და აღიარებითი ჩვენება მოჰყვა. უფრო ადრე კი, მიხეილ სააკაშვილის მოხსნა მინისტრობიდან შევარდნაძის მიერ, საინტერესო ბრალდებით, თითქოსდა მან საკუთარი წიგნი უწყების ფულით დაბეჭდა. რა ხდება? უბრალოდ ანალოგიებია, თუ შესაძლოა, რაღაც მსგავსება ამოვიკითხოთ, სად არიან დემოკრატიული ლიდერები, ისინი არიან, ვინც სისტემას მსხვერპლად ეწირებიან, თუ ისინი, ვინც ამ ვითომ მსხვერპლებს გამოააშკარავებს და დასჯის სამაგალითოდ? ძნელია პასუხის გაცემა. ფაქტია, ჩვენს სახელმწიფოში სწრაფი დემოკრატიული რეფორმები არ ხდება. კაშკაშა პოლიტიკური ლიდერებიც ასევე დეფიციტში არიან და სისტემას ემსახურებიან ან მის შეცვალზე დიდად არ ფიქრობენ.

დავაკვირდეთ, რა არის მთავარი პოლიტიკური დისკურსი: ვინ არის უფრო პროდასავლელი, ვინ არის პრორუსი და არა ის, რომ არსებული პოლიტიკური და საკანონმდებლო სივრცე ვერ მოშორდა საბჭოთა იდეურ არეალს, ამით კი, ვერ შორდება რუსეთს. რაც უფრო სუსტი და ჩაკეტილი ხარ, მით უფრო მარტივია პროვოკაცია და მანიპულაცია. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური მომავალი მართლაც საფრთხეშია.

არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ალასანია, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე აღარ არიან მინისტრები, "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი რჩება კოალიციაში, ნაწილი კი, თანაგუნდელების გვერდით აგრძელებს ბრძოლას, ან წულუკიანს რა აღქმები აქვს (ეს წვრილმანებია), არამედ რეალური რეფორმები არ ხორციელდება, რომელიც დაიცავდა სპეკულაციებისაგან ყველას მინისტრს, ჟურნლისტს, სახელმწიფო მოხელეს და უბრალო მოქალაქეს. გვაქვს მახინჯი კანონები და ცუდი პრაქტიკა.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა