რეგიონების მიმართულებით ავტოსადგურმა "ოკრიბამ" მგზავრობა მკვეთრად გააიაფა. ქუთაისის, ბათუმის და საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით ტარიფი 15-20%-ით შემცირდა. მართალია, ფასი რამდენიმე სხვა ავტოსადგურმაც დაწია, მაგრამ ეს 1-თვიანი აქცია აღმოჩნდა და უფრო დიდხანს არ გაგრძელებულა. ავტოსადგურებს შორის ერთადერთი "ოკრიბა" აღმოჩნდა, სადაც ტარიფების შეცვლას წმინდა მარკეტინგული ხერხით ხსნიან და აცხადებენ, რომ "იაფ მგზავრობას" ავტოსადგურში უდავოდ შეინარჩუნებენ.
"მგზავრების მოსაზიდად იაფი ტარიფი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასეთი ნაბიჯი შეგნებულად გადავდგით და შედეგიც ჩანს. არ არის გამორიცხული, სხვა მხრივაც ვიაქტიუროთ. ამ ეტაპზე ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის საფასური 7 ლარია, 10 ლარი ღირს ბათუმში, ხოლო საჩხერე-ჭიათურამდე ბილეთის ფასი 3 ლარამდე შემცირდა. ახალ ტარიფს უვადოდ შევინარჩუნებთ", - აცხადებენ "ოკრიბაში".
"ოკრიბას" იაფი ტარიფის პოლიტიკამ დიდუბის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგურებს დიდი პრობლემა შეუქმნა. სააქციო საზოგადოება "დიდუბის ავტოსადგურის" გენერალური დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ კონკურენციას ვერ უძლებენ, რისთვისაც ის შესაბამისი სტრუქტურებისგან რეაგირებას ითხოვს. მიქატაძის განცხადებით, "ოკრიბას" მგზავრები იაფად გადაჰყავს და ასეთი ტარიფით მუშაობა ავტოსადგურებისთვის წამგებიანია. ასეთი გადაწყვეტილება იქ შეგნებულად მიიღეს, რომ კონკურენტი კომპანიები "ჩაძირონ".