საქართველოში Россия Сегодня-ს პროექტი მაუწყებლობას იწყებს - რუსული პროპაგანდა ძლიერდება?

საქართველოში Россия Сегодня-ს პროექტი მაუწყებლობას იწყებს - რუსული პროპაგანდა ძლიერდება?

საქართველოში Россия Сегодня-ს პროექტმა, საინფორმაციო-ანალიტიკურმა ქართულენოვანმა რადიოსადგურმა "სპუტნიკ-საქართველომ" დაიწყო მაუწყებლობა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, Россия Сегодня ერთ-ერთი ყველაზე "აქტიური" ტელეკომპანიაა იმ რუსულ ტელეკომპანიებს შორის, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ მილიონობით ტელემაყურებლისთვის რუსული პროპაგანდის თავსმოსახვევად.

საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წუთით შეაჩეროთ არჩევანი ამ არხზე და მისი გენერალური დირექტორისა და გადაცემა Вести Недели-ს წამყვანის, დიმიტრი კისილიოვის ფანტაზიები მოისმინოთ რუსეთის "მთავარ მტრებზე" - დასავლეთსა და უკრაინაზე, მაშინვე მიხვდებით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა.

Россия Сегодня -ს ახალი პროექტის, "სპუტნიკის" ჩაშვებასთან დაკავშირებით კი, დიმიტრი კისილიოვმა განაცხადა, რომ კონტენტი გათვლილი იქნება იმ მრავალმილიარდიანი აუდიტორიის ნაწილზე, რომელიც დაიღალა ერთპოლარული მსოფლიოს მიერ თავსმოხვეული პროპაგანდით და ალტერნატიული აზრი სჭირდება.

ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში "სპუტინიკის" მაუწყებლობასთან დაკავშირებული პირველი ასოციაციები რუსულ პროპაგანდას უკავშირდება.

როგორც "სპუტნიკის" ქართული რედაქციის მთავარმა რედაქტორმა ტატო ლასხიშვილმა განაცხადა, საქართველოში გახსნილ მაუწყებლობას ერქმევა "სპუტნიკ საქართველო" და ის მსმენელს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ახალ ამბებს, სხვადასხვა სახის გადაცემებს, ინტერვიუებსა და კომენტარებს შესთავაზებს.

"საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მაუწყებლობს რადიო Голос России, რომელიც გადმოსცემდა მოსკოვში მომზადებულ სიუჟეტებს. ამავე რადიოს ფარგლებში გაიხსნა ჩვენი რადიოს რედაქცია, სადაც ადგილზე, თბილისში ვამზადებთ ინფორმაციებს, ინტერვიუებს და ახალ ამბებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. მაუწყებლობა ქართულ ენაზე იქნება", - განაცხადა ტატო ლასხიშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე "სპუტნიკ საქართველო" ტესტურ რეჟიმში, მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

კითხვაზე, რამდენად იქნება დამოუკიდებელი Россия Сегодня-ს სარედაქციო ჯგუფისგან "სპუტნიკ საქართველო", ტატო ლასხიშვილმა განაცხადა, რომ არ განიცდის რაიმე ზეწოლას და ქართული რედაქცია დამოუკიდებლად ადგენს გადაცემების ბადესა და შინაარსს.

"ჩარევა არ მიგრძვნია და 54 წლის ასაკში ზეწოლების გაძლებას არავინ მაძალებს. თუ ვერ გავუძლებ, წავალ", - განაცხადა ტატო ლასხიშვილმა.

როგორც ტატო ლასხიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის არ არის გადაწყვეტილი, რა სახით გააგრძელებს მომავალში მაუწყებლობას "სპუტნიკ საქართველო". მაგრამ როგორც არ უნდა გაგრძელდეს, ეს არ იქნება ცრუსპუტნიკი, როგორც სხვადასხვა სახელწოდებით მაუწყებლობენ საქართველოში", - აღნიშნა ტატო ლასხიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ მედიასაშუალებას გულისხმობდა.

"სპუტნიკ საქართველოს" მთავარი რედაქტორის თქმით, რადიოსადგურისთვის პრიორიტეტული იქნება სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები და რედაქცია იმუშავებს ისეთ თემებზე, რაც ქართულ საზოგადოებას აღელვებს.

მარი ჯავახიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია