ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირიდან თავს დამნაშავედ არც ერთი არ ცნობს. მათ დღეს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი, სადაც ყველა ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვეს, კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა სასამართლო დარბაზში განცხადებები გააკეთეს. ბრალდებულებმა აღნიშნეს, რომ არ აპირებენ მოწმეებზე ზემოქმედებას, მტკიცებულებების განადგურებას, ან გამოძიებისგან მიმალვას. ყველა მათგანმა ერთხმად აღნიშნა, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედეა ბეთაშვილის განცხადებით, იგი არ იზიარებს პროკურატურის პოზიციას, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე მისი მხრიდან, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გირაო მოითხოვა. როგორც ბეთაშვილმა განაცხადა, არ აპირებს მტკიცებულებების განადგურებას, იმიტომ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების საქმეზე მისთვის სასარგებლოა. ამასთან, მედეა ბეთაშვილმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში, სადაც წერია, რომ 94 ჯარისკაცის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, არ არის განმარტებული, რა წერია სამედიცინო დასკვნებში. მისი თქმით, დასკვნებში მითითებულია, რომ სამი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამხედრო პირები ჰოსპიტალიდან გამოწერეს, დასკვნაში ექიმებმა მიუთითეს, რომ ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან.

"ჩემი მხრიდან არ არსებობს მოწმეებზე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ქვეყნიდან არ გავსულვარ წარდგენილი ბრალდების შემდეგ. გუშინ მქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან, შემდეგ ვინახულე გორის ჰოსპიტალში ჩვენი დაჭრილები და ამპუტირებულები. მე ვარ აფხაზეთის ომის დროს ერთ-ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შვილი, პირადად ვარ დაინტერესებული, ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო", - განაცხადა მედეა ბეთაშვილმა.

საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ოთარ ჯეჯეიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, რა მოტივით აქვს ბრალი წარდგენილი. ჯეჯეიას თქმით, ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც ბრალდების მხარემ მას დააკისრა, კანონით სხვებს ეხება. კერძოდ, სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური მისი თქმით, 2006 წლიდან აღარ არსებობს და არსებობს სახელმძღვანელო, სადაც ჩაწერილია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი ეხება ექიმსა და მთავარ ექიმს. თუმცა, მისი თქმით, ვერც ექიმი და ვერც მთავარი ექიმი ნაწლავის ჩხირის არსებობას საკვებში ვერ დაადგენდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხოლოდ გემოვნების შემოწმება ეხებათ. ნაწლავის ჩხირის დადგენას კი, თუკი იგი რომელიმე ჭურჭელზე იყო, ოთარ ჯეჯეიას განმარტებით, რამდენიმედღიანი პროცედურა სჭირდება.

"ეს რომ დავთესოთ დღეს, სამი დღის შემდეგ ამოითესება. შესაბამისად, ამას ვერც მე, ვერც ექიმი და ვერც მთავარი ექიმი იმ მომენტში ვერ განვსაზღვრავდით", - განაცხადა ოთარ ჯეჯეიამ. ბრალდებულმა ასევე ისაუბრა 12 ჯარისკაცის მე-4 ქვეითი ბრიგადიდან ჰოსპიტალში გადაყვანაზე. როგორც მან აღნიშნა, რეალურად მოვიდა სამხედრო პოლიცია და კიდევ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, 12 კაცი ჩასვეს და წაიყვანეს ჰოსპიტალში. ჯეჯეიას თქმით, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ერთს არაფერი სჭირდა, გარდა ორისა, რომელთაც ჭიები აღმოაჩნდა. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ე.წ. ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ 6 პირს მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებით არცერთი სახე არ დაეკისრა, პროკურატურა მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ