მსოფლიოში ცნობილი სერიის ,,ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბების" ორი წიგნის ,,ნოსტრათაგვუსის მისტიკური ხელნაწერი" და ,,ყველისფერი კემპერი" პრეზენტაცია ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" ვაკის ფილიალში ხვალ გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-დან აცნობეს, წიგნები გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა. წიგნების მთავარი პერსონაჟის - ჯერონიმოს თოჯინა თავის ქართულენოვან წიგნებს საჩუქრად გადასცემს პროექტს, გაეცნობა ქართველ პატარებს და მოუწოდებს მშობლებს ჩაერთონ პროექტში ,,წიგნი ყველა სოფელს" - ამჯერად საბავშვო ლიტერატურის მოგროვების კუთხით.
ჯერონიმო სტილტონი სათაგვეთში, თაგვების კუნძულზე ცხოვრობს და რედაქციაში მუშაობს, მისი თავგადასავლები ნამდვილად სასაცილო ამბებია - მოცარელაზე ფაფუკი, შვეიცარიულ ყველზე გემრიელი და გორგონძოლაზე მადისაღმძვრელი.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ახალი წიგნების გადაცემა პროექტისთვის "წიგნი ყველა სოფელს"", წიგნების შეგროვება, ჯერონიმოს თოჯინა წაუკითხავს ბავშვებს საკუთარი წიგნიდან ისტორიებს, ჩატარდება რამდენიმე სახის კონკურსი და დასაჩუქრდებიან გამარჯვებული პატარები, ვენდის გოგონები ბუშტებს დაურიგებენ და სახეს მოუხატავენ ბავშვებს.
შეგახსენებთ, რომ "წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის"" და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდის "დავითიანნის" ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", "პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.
პროექტის ფარგლებში 1-ელი აგვისტოდან საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" და ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, "დავითიანნის" ოფისებში რუსთაველის გამზ. # 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში მიიტანოს წიგნები და გააჩუქონ ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დახარისხებული წიგნებით "მოსიარულე ბიბლიოთეკა" საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას, გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.
"წიგნი ყველა სოფელს" გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკების მომარაგებასაც ისახავს მიზნად.