რამდენად უსაფრთხოა სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლოა ნებისმიერ თქვენგანს დაჭირდეს

რამდენად უსაფრთხოა სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლოა ნებისმიერ თქვენგანს დაჭირდეს

Ambebi.ge დაინტერესდა, რა პროცედურების გავლაა საჭირო სისხლის ბანკში სისხლის ჩასაბარებლად და რა პირობებში ინახება სისხლი. იაშვილის კლინიკასთან არსებული შპს სისხლის ბანკის ექიმი-ტრანსფუზიოლოგი თამარ ქუნთელია ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ბანკში, ძირითადად, ის დონორები მიდიან, ვინც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აბარებს სისხლს.

დონორი მისვლისთანავე გადის რეგისტრაციას. ხდება დონორთა საერთო ბაზაში მისი გადამოწმება, ანუ აქვს თუ არა დონორს სისხლი გაღებული. ხდება პირველადი გამოკითხვა - დონორი ავსებს კითხვარს.

დონორს არ უნდა ჰქონდეს გადატანილი: ჰერპეს და ციტომეგალო ვირუსი, ვირუსული ჰეპატიტი, ათაშანგი, შიდსი, ბრუცელოზი, ტუპერკულოზი, ლეიშმანიოზი, ტოქსოპლაზმოზი, სიმსივნე, ღვიძლის ციროზი, ოპერაცია ნებისმიერი ორგანოს ამოკვეთით, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ალერგიული დაავადებები და ა.შ. დონორის წონა ქალის შემთხვევაში უნდა იყოს 55 კგ-დან, მამაკაცის შემთხვევაში კი - 65 კგ-დან.

ასევე არსებობს დონორის დროებითი უკუჩვენებები: დონორის მშობიარობიდან გასული უნდა იყოს ერთი წელი, აბორტიდან 6 თვე, ლაქტაციის დამთავრებიდან 3 თვე, გრიპის, ანგინის გადატანიდან 1 თვე, გარკვეული ტიპის აცრებიდან 1 თვე, ოპერაციიდან 1 წელი და ა.შ.

შემდეგ მას უტარდება წინასწარი კვლევები სისხლის ჯგუფზე და ჰემოგლობინზე, სინჯავს ექიმ-თერაპევტი. ხდება მისი გამოკითხვა, ასევე ხდება დონორის ფიზიკური მონაცემების შემოწმება: სიმაღლე, წონა და ა.შ. საბოლოოდ ექიმი წყვეტს, რა რაოდენობის სისხლის გაღება შეუძლია დონორს. არსებობს ორი დოზა. მთელი და ნახევარი დოზა. აუცილებელი პირობაა, რომ ერთი დონაციიდან მეორე დონაციამდე 60 დღე იყოს გასული.

"სისხლს ვიღებთ სინჯარებში, ხდება სისხლის კვლევა ჯგუფზე, რეზუსზე და საშიშ ინფექციებზე. ეს ინფექციებია ბე და ცე ჰეპატიტი, შიდსი და სიფილისი. ამ ვირუსებზე კვლევის პროცესში ხდება სისხლის დამზადება. დონორის სიხლიდან მზადდება ორი ან სამი კომპონენტი. სამივე კომპონენტს შენახვის სხვადასხვა პირობები და ვადები აქვს. ერითროციტული მასა ინახება 35 დღე, პლაზმა იყინება მაღალ ტემპერატურაზე და ერთი წელი აქვს ვადა, თრომბოციტებს მაქსიმუმ, 5 დღე აქვს შენახვის ვადა. სისხლის გაყოფა სპეციალური აპარატურით ხდება. ერთი დონორის სისხლით სამი ადამიანის დახმარებაა შესაძლებელი", - აღნიშნავს თამარ ქუნთელია.

პლაზმად, ერითროციტებად და თრომბოციტებად "დაშლილი" სისხლი სპეციალურ მაცივრებში, სპეციალური პაკეტებით, კოდირებული ინახება. ამ მდგომარეობაში ისინი უკვე თითქმის მზადაა საჭიროების მიხედვით გამოსაყენებლად.

სისხლის ბანკში მისულ დონორებს ფინანსური სარგებელი არ აქვთ. ისინი უანგარო დონორები არიან. ასევე უფასოა სისხლის კომპონენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. თამარ ქუნთელიას განმარტებით, ხშირად სწორედ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნათესავები აბარებენ სისხლს. დონორები ასევე სხვადასხვა დაწესებულებებიდან მიდიან სისხლის ჩასაბარებლად. თბილისში ერთადერთი ბანკია, სადაც უანგარო დონორების პროცენტული მაჩვენებელი 80-ს აღწევს", - ამბობს თამარ ქუნთელია.

Ambebi.ge-ს შეკითხვაზე, რა არის იმის გარანტი, რომ დონორი არ იცრუებს, ექიმი უანგარო დონაციას ასახელებს: "უანგარო დონაცია არის იმის გარანტი, რომ დონორი არ მოგატყუებს. მას ფინანსური ინტერესი არ აქვს. მითუმეტეს, თუ ნათესავია. თუ რამე დაავადება აქვს, გეუბნება გულახდილად", - აღნიშნავს ექიმი ტრანსფუზიოლოგი.

რაც შეეხება სისხლის კვლევის პროცედურებს და იმის გარანტიას, რომ სისხლი მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება მიმღებისთვის, ექიმის თქმით, რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის მინიმუმი კი, რაც დონორის სისხლით რაიმე დაავადების გადატანის შესაძლებლობას მიუთითებს, ჯერჯერობით, უკონტროლოა.

თამარ კორკოტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია