ერთი წელია, ყოველდღე ერთსა და იმავე მარკეტში პროდუქტს ვყიდულობ. სამ კონსულტანტ გოგონას, რომლებიც დღეგამოშვებით მუშაობენ "ჩემს მარკეტში" (ასე შევარქვი ამ მარკეტს), უკვე ისე დავუმეგობრდი, რომ ლამის ოჯახებით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. იუმორის გრძნობას არც გოგონები უჩივიან და არც თქვენი მონა-მორჩილი, ამიტომ ყოველ შესვლაზე ღიმილნარევი და ტრადიციული კითხვით ვიწყებ: "დღეს რომელი პროდუქტი გაქვთ ვადაგასული?" - ამ კითხვას ყოველთვის ასეთი პასუხი მოსდევს: "შენთვის ყველაფერი ვადაგასული გვაქვს".
ერთი სიტყვით, ვადაგასულ პროდუქტებზე უკვე იმდენჯერ ვიხუმრე, რომ რამდენიმე დღის წინ ამ მარკეტის დახლ-მაცივარში, სადაც ასაწონი ხორცპროდუქტებია განთავსებული, ერთ-ერთი სახეობის სოსისსა და შაშხს თეთრი "გამონაყარი" შევნიშნე. რა თქმა უნდა, ამის დანახვაზე კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო მომეცა და კონსულტანტებს მივმართე: გოგონებო, ძეხვი და შაშხი "დაშაქრულა"-მეთქი. ამის თქმა და, დახლ-მაცივრიდან იმ პროდუქტების ამოღება და მათი ტილოთი გაწმენდა ერთი იყო. ორივე პროდუქტს "გამონაყარი" გააშორეს და "გაპრიალებული" თავის ადგილას დააბრუნეს. როგორც კონსულტანტმა მითხრა: ასეთი "გამონაყარი" მსგავს პროდუქტებს ხშირად ემართება, მაგრამ "საშიში" არაფერია - იწმინდება და შორდება. უბრალოდ, ასე იმიტომ მოსდის, რომ მაცივარშია. გაფუჭებული რომ იყოს, მენეჯერი დისტრიბუტორისგან გუშინწინ კი არ მიიღებდაო, - მითხრა.
რატომ და რა მიზეზით უჩნდება ასაწონ ხორცპროდუქტებს პუდრის მსგავსი მასა? და ყველაზე მთავარი, რამდენად უსაფრთხოა მათი საკვებად გამოყენება? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მივმართეთ.
ირაკლი გულედანი, საკვები პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი:
- რა უპირატესობა აქვს შეფუთულ სოსისს ასაწონთან?
- დაფასოებული სოსისის ვადა ჩვეულებრივი ასაწონი სოსისისგან განსხვავებით რამდენიმე დღით მეტია. ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, ავიღოთ პოლიეთილენის გარსში მოთავსებული, რძიანს რომ ეძახიან, ისეთი სოსისი და ეგრეთ წოდებული "ტკაცუნა". ორივე მოვათავსოთ დახლ-მაცივარში და თუ იქ რაიმე დაბინძურება არ არის და პროდუქტებს კონსერვანტები არა აქვს დამატებული, 72 საათში უნდა დაიწყოს მიკროორგანიზმებმა ზრდა და გარედან ლორწოვანი გარსის გაკეთება. დაცული ატმოსფერული შეფუთვის დროს სოსისს ეს პრობლემა არ შეექმნება, თუ, რა თქმა უნდა, ანაერობითი დაბინძურება არ მოხდა შეფუთვაში მოხვედრამდე.
- გარდა ამისა, ასაწონ ხორცპროდუქტს ხშირად ხელით ეხება კონსულტანტი. შეფუთული პროდუქტი კი, ალბათ, უფრო დაცულია დაბინძურებისგან.
- დაფასოებული პროდუქტის ხელოვნურად დაბინძურების ალბათობა ნულის ტოლია. მიკროორგანიზმებით დაბინძურება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გვაქვს ნორმირებული. ერთი მიკროორგანიზმიც რომ იყოს, სალმონელა ან ლისტერია, პროდუქტი გასაყიდად არ დაიშვება. ყურადღება უნდა მივაქციოთ დახლ-მაცივარში არსებულ სანიტარიულ მდგომარეობას.