რა წერია საბანკო ხელშეკრულებაში ჩადებულ "ნაღმებში"

რა წერია საბანკო ხელშეკრულებაში ჩადებულ "ნაღმებში"

საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზეა - ასე შეაფასა, ეკონომიკის დოქტორმა ლია ელიავამ ბანკებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობა. რა ხდება დღეს საქართველოში? ბანკთან მიმართებაში მართლაც უუფლებო და მონურ მდგომარეობაშია მოსახლეობა, თუ ყველაფერი თავად ხალხის ბრალია? საქართველო ახლოს არის ევროპულ საბანკო სისტემასთან, თუ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი? ამ და სხვა კითხვებით, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, Ambebi.ge-მ ექსპერტ ლია ელიავას მიმართა, რომელმაც შექმნილ სიტუაციაზე გულახდილად ისაუბრა.

- საუბარი დავიწყოთ ერთ მეტად გაუგებარ პუნქტით, რომელსაც აუცილებლად წერს ბანკი თავის კონტრაქტში. საუბარი მაქვს, კონტრაქტის იმ პირობაზე, სადაც ბანკი უფლებას იტოვებს, შეცვალოს პირობები კლიენტისგან დამოუკიდებლად...

- ეს პუნქტი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა სპეციალური ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც კომერციულ ბანკებს ნება დართო, შეცვალონ პირობები ხელშეკრულებაში - ეს არის გაუგონარი რამ. ევროპაში, ევროკავშირის დოკუმენტებში წერია, რომ კომერციულ ბანკს შეუძლია შეცვალოს კლიენტთან დადებული ხელშეკრულების პირობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება არ აუარესებს კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას. ჩვენთან, საქართველოში, თუ თქვენ დაგიდეს ხელშეკრულება, დავუშვათ 20%-ზე, ბანკს შეუძლია თავისუფლად აწიოს 25%-მდე და შეგატყობინოს ერთი თვით ადრე. რა უნდა გააკეთო ერთი თვით ადრე? სესხი გაქვს და ვერ დაფარავ, მის რესტრუქტურიზებაზე ბანკები, ჩვეულებრივ, არ მოდიან ხოლმე. პრაქტიკულად, იძულებული ხარ მონურ მდგომარეობაში იყო ბანკებთან მიმართებაში და თეორიულად, ბანკს შეუძლია გაგაკოტროს კიდეც. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ ხდება. არაფერი არ აინტერესებთ ბანკებს, გარდა საკუთარი შემოსავლისა და მოგებისა. როდესაც ხედავენ, რომ მათი შემოსავლები მცირდება, ისინი ყველა შესაძლებლობას მიმართავენ, რომ აინაზღაურონ დანაკლისი. თუ არის შესაძლებლობა, ისინი მსესხებელს გაუზრდიან საპროცენტო განაკვეთს. ეს ჯერ არ ატარებს მასობრივ ხასიათს, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოს გადაუხდელობის უზარმაზარი ტალღა და ეს ნიშნავს საბანკო სექტორის გაკოტრებას.

- ამ პუნქტის გარდა, თუ არის კონტრაქტში "ნაღმები", რომელიც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის და რამაც შეიძლება სერიოზულად აზარალოს კლიენტი?

- ხელშეკრლებები, რომლებსაც კომერციული ბანკები დებენ თავიანთ კლიენტებთან, შეიცავენ დიდი ოდენობის ისეთ პუნქტებს, რომლებიც საერთოდ გაუგებარია მსესხებლისთვის და ბანკის კლიენტისთვის. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს კონტრაქტი მიიტანოს იურისტთან, არა მარტო იმიტომ, რომ იურისტის ფული არ აქვს, არამედ ელემენტარულად იმიტომ, რომ ბანკი ხელზე კონტრაქტს არ აძლევს კლიენტს, მანამ, სანამ ის ხელს არ მოაწერს მას. ამიტომ, ისეთ პირობებში, როდესაც ზიხარ ბანკის ოფისში, ელაპარაკები ბანკის თანამშრომელს, ამ დროს წაიკითხო კონტრაქტი და ბოლომდე გაიაზრო შიგნით რა წერია, არის საოცრად რთული და მარტო იურისტის კვალიფიკაციის მქონე პირს ხელეწიფება ამის გაკეთება.

იმის გამო, რომ კლიენტს ფული სჭირდება სასწრაფოდ, ის მეტწილად ენდობა ბანკის პატიოსნებას და ხელს აწერს კონტრაქტს. არ წარმოიქმნება პრობლემა, თუ ბანკის კლიენტი პატიოსნად იხდის თავის დავალიანებას დროულად და სრული მოცულობით. პრობლემები იქმნება მაშინ, თუ პიროვნება ვეღარ ახერხებს სრულად და დროულად დავალიანების დაფარვას. ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტრაქტის ბევრი პუნქტი, რომელზეც მან ხელი მოაწერა, თურმე ლახავს მის უფლებებს, მის არა მარტო ადამიანურ უფლებებს, არამედ როგორც ფინანსური მომსახურების მომხმარებლის უფლებებს. ისეთი მუხლი, როგორიც არის, სასამართლოს განსჯადობის კონტრაქტიდან ამოღება და იმის ჩაწერა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა განიხილოს დავა, ამ შემთხვევაში მოქალაქემ შეიძლება არ იცოდეს, რომ უფლება აქვს იჩივლოს საერთო სასამართლოში და აუცილებლად მისდევს ბანკს საარბიტრაჟოში. საარბიტრაჟო, მოგეხსენებათ, რომ არის სწრაფი სასამართლო და მეტ წილ შემთხვევაში ბანკის უფლების დამცველი. ეს არის ერთი მაგალითი ამ მძიმე მუხლებისა. თუ თქვენ გადახედავთ კონტრაქტებს, კომერციული ბანკის უფლებები შემოიფარგლება ერთი-ორი პირობით, სამაგიეროდ, მათი კლიენტის უფლებები და მოვალეობები გაწერილი არის ორ გვერდზე მაინც. აი ასეთი სიტუაცია ჩამოყალიბებულია იმის შედეგად, რომ ქვეყანაში არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საკრედიტო საქმიანობას, არ არსებობს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, არ არსებობს მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც უნდა იყოს გაწერილი, რა უნდა შედიოდეს ბანკთან დადებულ ხელშეკრულებაში და რა არ უნდა შედიოდეს.

- ელექტრონული ვერსიით, ან სხვა საშუალებით მომხმარებელს არ შეუძლია გაეცნოს ბანკთან დასადები კონტრაქტის პირობებს?

- ყველა ბანკის ხელშეკრულება არის ერთმანეთის მსგავსი. ეს განპირობებულია იმით, რომ საბანკო სექტორი არის ოლიგოპოლიზირებული, მასში არსებობს ორი დიდი ოლიგოპოლია და სხვა დანარჩენი კომერციული ბანკები მათ მისდევენ. ერთი პერიოდი ერთ მსხვილ ბანკს ეკიდა სამომხმარებლო ხელშეკრულების ზოგადი ფორმა საიტზე და მგონი ისიც მოხსნა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ გაეცნობი ხელშეკრულებას წინასწარ, ბანკის თანამშრომლის გარეშე. ბანკის წინაშე მისი კლიენტი არის სრულიად უუფლებო და დაუცველი.

- ხომ არ არის ეს გაურკვეველი პუნქტები მომხმარებლის მოტყუების მცდელობა?

- სამომხმარებლო სესხი აიღო ერთმა პიროვნებამ 250 ლარის ოდენობით; ხელშეკრულებაში მას უწერია, რომ სესხი არის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის, მაგრამ ბანკმა მას მოსთხოვა თანადაფინანსება 53 ლარი. როდესაც კლიენტმა გადაიხადა 53 ლარი და შეუდგა დარჩენილი თანხის გადახდას, აღმოჩნდა, რომ ეს თანადაფინანსება ყოფილა კომერციული ბანკის საკომისიო, რომელსაც, პირდაპირ, კლიენტის გადახდისას იტოვებდა თავის ანგარიშზე, ანუ აღარ ურიცხავდა გამყიდველ მაღაზიას. პრაქტიკულად, ამ სიტუაციაში, კლიენტი დარჩა მოტყუებული, არა მარტო ბანკის მხრიდან, არამედ მაღაზიის მხრიდანაც, იმიტომ, რომ თუ თქვენ იგივე საქონელი მოგინდებათ შეიძინოთ განვადების გარეშე, თქვენ მაინც ზედმეტს გადაიხდით და არავინ გამოგიქვითავთ იმ 53 ლარს. მთელი სიმართლე არ იქნა ასახული კლიენტის ხელშეკრულებაში.

ძალიან ხშირად, კომერციული ბანკები ხელშეკრულებაში დებენ ზოგად პირობებს იმის შესახებ, რომ სესხის ანაზღაურების ვადაგადაცილების დროს, კლიენტს ერიცხება პირგასამტეხელო რაღაც პროცენტის ოდენობით, მაგრამ რაზე დაერიცხება ეს პროცენტი, როგორი არის მისი შემდგომი დარიცხვის პროცედურა, ეს არ არის დარწვრილებით დაწერილი ხელშეკრულებაში და მსესხებელს ჰგონია, რომ კი, მე დავარღვიე და არ შევიტანე 30 ლარი, მგონია რომ დამერიცა 1-2%, სინამდვილეში მიდის კლიენტი და აღმოჩნდება რომ 2%-ის ნაცვლად დამერიცხა 5-10%. ეს გაურკვეველი პუნქტები, რომლებშიც მსესხებელი კარგად ვერ ერკვევა და ვერ ანგარიშობს თავის მომავალ რისკებს, ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსესხებლის არა მარტო გადახდისუნარიანობას, მის მატერიალურ კეთილდღეობას, მისი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობას. ამის უამრავი ფაქტი და მაგალითი არსებობს. შედეგი რა შეიძლება ვთქვათ, იმისთვის რომ, არც ბანკები დაზარალდნენ და არც მოსახლეობა ჩავარდეს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, აუცილებელია ბანკების საქმიანობის უფრო ცხადი და უფრო მკაცრი რეგულირება და ადამიანების, როგორც ფინანსური მომხმარებლების უფლებების დაცვა კანონით. შესამუშავებელია სპეციალური კანონი ფინანსური მომსახურების მომხარებლეთა უფლებების დაცვის შესახებ, სადაც დაწერილი იქნება მისი ყველა უფლება ბანკთან და ყველა საფინანსო დაწესებულებასთან ურთიერთობისას.

- რას გვკარნახობს ევროპული გამოცდილება? ბანკის საქმიანობა ამერიკასა და ევროპაშიც იგივეა, რაც საქართველოში?

- ევროპასა და ამერიკაში იპოთეკური სესხი გაიცემა გირაოს გარეშე. ბანკები არ ითხოვენ იპოთეკური სესხისთვის კიდევ დამატებით რაღაც ქონების ჩადებას. უკვე ითვლება, რომ თუ სესხი გაიცა უძრავი ქონების შესასყიდად, ეს უკვე არის გირაო, ის არ ითხოვს რომ სხვა საცხოვრებელი ჩადოს გირაოში. საქართველოს შემთხვევას შეიძლება თავისი გარკვეული მიზეზები ჰქონდეს, ვთქვათ, კომერციული ბანკები ვერ ენდობიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ერთი ბინის გაყიდვა იქნება პრობლემური და ამიტომ ჯობია ორი და სამი ბინა ჰქონდეს გირაოში, რადგან რამე რომ იყოს, სამ ბინას გაყიდის და ამოიღებს სესხის საფასურს. აი ასეთი საკითხები, ევროპასა და ამერიკაში, რეგულირდება სპეციალური კანონებით გირაოს შესახებ. არსებობს კანონები იპოთეკის შესახებ. ევროპასა და ამერიკაში აკრძალულია ადამიანის ერთადერთი საცხოვრისის გირაოდ გაღება. იქ ადამიანი დაცულია როგორც ბანკის თავხედობისაგან, ასევე საკუთარი შეცდომების დაშვებისგანაც.

საქართველოში საფინანსო სექტორი აბსოლუტურად თავხედობს და მისი მხრიდან მოსახლეობის ძარცვის მასშტაბები არის გამაოგნებელი, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა ჩადის შეცდომებს ნებსით თუ უნებლიედ, ვერ ანგარიშობს რისკებს.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება მიუახლოვდეს ევროპული რეგულირების ნორმებს?

- იმისთვის, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება მიუახლოვდეს მაინც ევროპული რეგულირების ნორმებს, ძალიან ბევრი კანონია მისაღები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კანონი ფინანსური მომსახურების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც სასწრაფოდ უნდა მივიღოთ, სანამ არ მოხდა ქვეყანაში სოციალური აფეთქება და სოციალური ბუნტი, იმიტომ, რომ სულ ცოტა აკლია ხალხს ამოასხას და იფეთქოს. მისაღებია კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება, თუ როგორ, რანაირად, რა სახით, რა ფორმით შეიძლება კრედიტის გაცემა და ეს შეეხება არა მარტო კომერციულ ბანკებს, არამედ ყველას, ვინც გასცემს კრედიტებს, მათ შორის კერძო იპოთეკარებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს და ა.შ.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია