ბოლო დროს თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის არასწორად ორგანიზებით წარმოქმნილი რამდენიმესაათიანი საცობების გამო ახალი პოლიტიკური ჭორი აგორდა - მომავალ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ელექტორატის ყველაზე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს პარტია, რომელიც ამომრჩეველს დედაქალაქში საცობების გაქრობის რეალურ პროექტს შესთავაზებსო. თბილისის ქუჩებში გავლა ისეთ პრობლემად იქცა, რომ ჭორი სიმართლეს ჰგავს. დავით ნარმანიაც აცხადებდა, მერად არჩევისთანავე თბილისს სატრანსპორტო ქაოსისგან ვიხსნიო, თუმცა, უფლებამოსილების მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ საცობებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა.
"კვირის პალიტრა" ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ერთად წლების განმავლობაში ეძებდა ამ პრობლემიდან გამოსავალს, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება საქმის მცოდნეთ არც პირისპირ საუბრისას უსმენდა და არც მედიასაშუალებით შეთავაზებული წინადადებები აინტერესებდა. ახლა თბილისში ჯოჯოხეთური საცობებია.
რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი: - გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია მხოლოდ იდეის საფუძველზე დაიწყო და მშენებლობის სქემის შედგენამდე საექსპერტო სამუშაოები არც ჩატარებულა. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო არა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, არამედ ჩინოსანთა ან მათზე სხვადასხვა მიზეზით დამოკიდებულ სპეციალისტთა ვიწრო ჯგუფმა. პროექტსაც გზადაგზა ადგენდნენ და ექსპერტიზასაც მშენებლობის პროცესში ატარებდნენ. ამიტომაც ვერ გათვალეს, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა თამარ მეფის გამზირისა და გმირთა მოედნის შემაერთებელ მონაკვეთზე და ერთზოლიანი პანდუსებით კიდევ უფრო დაამძიმეს მდგომარეობა. მათი ვიწროგამტარიანობა პრობლემებს ქმნის კოსტავას ქუჩიდან ვარაზისხევისკენ მიმავალ მონაკვეთზეც, სადაც ხშირად ფერხდება მოძრაობა.
დამკვეთ-მშენებლები გვიან მიხვდნენ შეცდომას და ვერის დაღმართისა და თამარ მეფის გამზირის შემაერთებელი, ასევე, გმირთა მოედნისა და სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსები ორი სამანქანო ზოლისთვის ააშენეს, მაგრამ ამან მანამდე დაშვებული შეცდომებით გამოწვეულ პრობლემებს ვერაფერი უშველა.