უკრაინის მთავრობაში კვიტაშვილის დანიშვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

უკრაინის მთავრობაში კვიტაშვილის დანიშვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნას ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგაროვანი შეფასებები მოყვა. საქართველოს მთავრობისთვის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის უკრაინაში დანიშვნა მისასალმებელი არ აღმოჩნდა, ყოფილ სახელისუფლებო გუნდში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირებით მათი პროფესიონალიზმისა და წარმატებული რეფორმების გამო დაინტერესდა.

კვიტაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს. როგორც პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, მისთვის უცნობია, რა დამსახურებისთვის მიიწვიეს კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად.

"არ ვიცი კვიტაშვილი რა დამსახურებისთვის წაიყვანეს, იმიტომ რომ აქ დამსახურებულ მინისტრებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროსაც არ მოიაზრებოდა. ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო პოლიტიკური კონტექსტია", - ამბობს ლაგაზიძე.

ლაგაზიძის თქმით, ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სხვა ქვეყნის ყოფილ თანამდებობის პირებს მრჩევლებად იწვევენ, თუმცა უკრაინის მაგალითი განსხვავებულია.

"ზოგადად თუ ვიმსჯელებთ და არა მხოლოდ საქართველოს მაგალითით, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, როცა ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვის სტილი და მიღწევები იმდენად დასაფასებელი და თავლშისაცემია, რომ სხვა ქვეყნები აღიარებენ ამას და იწვევენ სხვა სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირებს. რაც უკრაინამ შემოგვთავაზა, არ არის სიახლე. ძირითადად პოსტსაბჭოთა, განვითარების გზაზე მდგარ ქვეყნებში ეს მიღებული პრაქტიკაა, როდესაც მრჩევლებად იწვევენ სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილ ხელისუფალს. ეს ჩვენთვისაც მისასალმებელი ფაქტია. მაგრამ უკრაინის მაგალითი განსხვავებულია. მთავარობის წევრებად არიან მიწვეული არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. ეკონომიკის მინისტრად ბალტიისპირელი, ფინანსთა მინისტრად კი ამერიკელი ყავთ მიწვეული. ეს უხერხულ სიტუაციას ქმნის. ძალიან უხერხულია ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოსახლეობასთან ამგვარი უნდობლობა. ამით ხელისუფლება ირიბად აღიარებს, რომ მას არ სჯერა საკუთარი ქვეყნის ადამიანური რესურსის. თუ არ ჩავთვლით ფინანსთა სამინისტროს, სადაც ლოგიკური იყო უცხოელი მინისტრის დანიშვნა. ბოლო 20 წელია უკრაინა ერთი კორუმპირებული მთავრობიდან მეორის კორუმპირებულის ხელში გადადის. ამიტომ როგორც ჩანს, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ის ფინანსები, რომელიც უკრაინის დასახმარებლად წავა, გაკონტროლდეს ისეთი ადამიანის მიერ, ვისაც ენდობა და ვინც კორუფციულ გარიგებაში არ შევა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - ამბობს ლაგაზიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მთავრობაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომ დაენიშნათ თანამდებობაზე, საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.

"კვიტაშვილი ყველაზე ნაკლებად იყო ჩართული იმ პროცესებში, რის გამოც საქმეები არის აღძრული "ნაციონალური მოძრაობის" ამა თუ იმ წევრის მიმართ. ამ პიროვნებაზე არ ითქმის, რომ მას დანაშაულთან აქვს კავშირი. ეს რომ ყოფილიყო ადეიშვილი ან სააკაშვილი, მაშინ ალბათ დამძიმდებოდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობები საქართველოს მიმართ უპატივცემულობის გამო", - ამბობს საყვარელიძე.

რადამ უკრაინის მინისტრთა ახალი კაბინეტი გუშინ დაამტკიცა. მთავრობის ახალი შემადგენლობის წევრია საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. კვიტაშვილს უკრაინაშიც ჯანდაცვის უწყება ჩააბარეს.

მის გარდა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში კიდევ 2 უცხოელია. მათ შორის, ლიტველი აივარას აბრამავიჩუსი - ეკონომიკის მინისტრი, ამერიკელი ნატალია იარესკო კი ფინანსთა მინისტრი იქნება.

ნათია ლეშკაშელი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა