იუნა შაფათავა საზოგადოებას მასობრივად თავისი სითამამით გაეცნო და ამასობაში სექსუალური ქალის იმიჯიც შეიძინა. არაერთ ფილმში თამამი სცენები ჰქონდა. არადა, ისიც ცნობილია, რომ ამ ქალბატონს არაერთი პროფესია აქვს და მარკეტინგის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.
როგორც ამბობს, ყოველთვის ოცნებობდა მსახიობობაზე, უნდოდა სახალხო არტისტი ყოფილიყო და ხალხის გულები დაეპყრო. რამდენად აიხდინა ოცნება, ეს არ ვიცი, მაგრამ ხალხი რომ სექსუალურ ქალად იცნობს, ეს ფაქტია.
Ambebi.ge-მ იუნას რამდენიმე კითხვით მიმართა.
- რამდენიმე პროფესიის მქონე ქალმა მაინცდამაინც სექსუალური იმიჯი რატომ მოირგე?
- არსებობს რეალური ცხოვრება, რომელიც ძალიან სასტიკია და ვცდილობ, რაღაცნაირად მასში გავცურო... ჩემი ეს იმიჯი ალბათ კინოს ბრალია, მაგრამ არც უარვყოფ იმას, რომ რეალობაშიც ბევრი მამაკაცი მახვევია თავს, არ ვარ მიბმული ერთი და იმავე პიროვნებაზე. ძალიან თავისუფლების მოყვარე ვარ. ალბათ ეს იმიჯიც ამან განაპირობა, მაგრამ თავისუფლებას შევიზღუდავ-მეთქი, - მაგას ვერავის შევპირდები. ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომლის გამოც ყველაფერზე, თუნდაც კინოგადაღებაზე უარს ვიტყვი... ისე, თავისუფალ ცხოვრებაში სხვა რაღაცას ვგულისხმობ, ვიდრე მიაჩნიათ და მას გარყვნილებად აღიქვამენ.
- რას გულისხმობ?
- ვგულისხმობ პიროვნულ თავისუფლებას, არჩევანის თავისუფლებას, რაც მინდა და სადაც მინდა, იმას გავაკეთებ. ვინმე რომ მიკრძალავდეს, როგორც ხდება ხოლმე, ალბათ სხვანაირი ვიქნებოდი, მაგრამ ვინაიდან ვარ ქალი, რომელიც ცხოვრობს როგორც უნდა, დადის სადაც უნდა, აკეთებს იმას, რაც უნდა, ალბათ ამანაც განაპირობა ეს. ამას არ უარვყოფ და არაფერს ცუდად არ მივიჩნევ...
- არ არის რთული სექსუალური ქალის იმიჯი?
- ძალიან რთულია. ყოველდღე უაზრო შემოთავაზებებს ვაწყდები, კორპორატიული საღამოების ცვენაა, ერთი მხრივ, მიხარია, როგორც ჩანს, ბიზნესი გამოცოცხლდა. მაქვს სამსახურების შემოთავაზებები, რასაც სიფრთხილით ვეკიდები, ვინაიდან პირველი ორი სამსახურიდან გამოვიქეცი, არადა, მაშინ სულ პატარა ვიყავი და მამაკაცების წნეხის ქვეშ აღმოვჩნდი.
- სამსახურს შენი იმიჯის გამო გთავაზობენ?
- გარდა ამისა, მაქვს ბიზნეს ალღოც, ბევრი კონტაქტი, რომელიც ძალიან ეხმარება როგორც კორპორატიულ საღამოებს, ასევე მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას.
- რა სახის სამსახურებია ეს?
- ყველანაირი. შეიძლება ზარი როგორც სამინისტროდან, ისე რესტორნიდან შემოვიდეს. საღამოს წაყვანას მთავაზობენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობას, სამსახურს მარკეტინგში. ყველას უნდა სამუშაოზე მიბმა, მაგრამ ბოლო დროს კარგი ბიზნეს-ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ რაღაც პროცენტზე გსვამენ, რასაც ადვილად ვთანხმდები, ვიდრე ვიღაცასთან ოფისში ტრიალს, წინსაფრით, ფეხის წვერებზე დამდგარი. ამას ვერ ვიტან. თან, იმ ასაკში აღარ ვარ, ოფისში ვიჯდე და შეფს თვალებში ვუცინო. ვიღაც ბოსად აღვიქვა, პირიქით, იცით, რომ ჩემი ბიზნესი მინდა მქონდეს. ადრე თუ გვიან, საკუთარი ვებსაიტი უნდა ჩავტვირთო, ხოლო თუ რა შინაარსის იქნება ის, ეს მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებლი...
- რა განცდაა, როდესაც მამაკაცი ცდილობს შენს "დაკერვას"?
- ჩემს ასაკში ეს მსიამოვნებს კიდეც. კი, ეს კატა-თაგვობანას თამაშია და კატა ვიქნები, თუ თაგვი, ამას შედეგები გვიჩვენებს. ასე რომ, მეც მტაცებელი ვარ და ამის არ მეშინია. ისე თავის რანგში ყოფნაც მსიამოვნებს, გააჩნია კატა ვინ იქნება...
- რაღაც მგონია, რომ სივრცე, რომელიც საქართველოშია, არ გყოფნის.
- მადლობა ასეთი შეფასებისთვის... ასპარეზი რომ არ არსებობს, ეს უბედურებაა. ძალიან მინდა, ბევრი რამის გაკეთება და ხშირად საკუთარ თავს თვითონ ვთავაზობ რეჟისორს, პროდიუსერს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი და მათი ხედვა ხშირად არ ემთხვევა. ჩვენი საზოგადოება სხვანაირია, მე სხვა კრიტერიუმები მაქვს, სხვა ფასეულობებსა და აზროვნებაზე ვარ გაზრდილი. ვერავინ შემავიწროებს.
- მესმის, რომ თავისუფლი ადამიანი ხარ, მაგრამ სულ არ არსებობს რაიმე აკრძალვა და არც ჩარჩო?
- კი, და ეს არის ერთადერთი ადამიანის - ჩემი უმცროსი დის სოფიკოს გამო გამოწვეული, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ვიბრძვი. ახლა უკვე დიდია და მეუბნება, - გავიზარდე, ჩემი ცხოვრება მაქვს და მივხედავო. ის ჩოგბურთელია და ნაკრების პირველი ნომერი... იმდენად საბრძოლველია მისი ასპარეზიც (სპორტი), როგორც სოფიკოს მაგალითზე მივხვდი, საქართველოში ყველაზე დიდი უბედურება და ცოდვა ის არის, რომ ვინც ვალდებულია ნიჭს ფართო გზა მისცეს, ადამიანებს განვითარებაში დაეხმაროს, რატომღაც მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მაგრამ ცხოვრება ომია, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ადრე თუ გვიან ეს შეგნებაც ალბათ მოვა.
- იუნა, როგორ ცნობილია მეუღლესთან გაყრილი ხარ. არადა, მასთან 10 წელი იცხოვრე, თუმცა შვილი არ გყავს.
- მინდოდა შვილი, მაგრამ ჩვენი ცხოვრება თავიდანვე კონფლიქტურად წარიმართა. წინააღმდეგობები შეგვხვდა. შვილები რომ მყოლოდა, ახლა შვილების მამასთან ვიქნებოდი, კი მიყვარს თავისუფლება, მაგრამ შვილების მამას ვერ დავთმობდი. ბუდისა თუ ბუნაგის მიტოვება გამიჭირდებოდა.
მოკლედ, ვარჩიე, რომ არ დამეკავშირებინა მისთვის ხანგრძლივად საკუთარი ცხოვრება, შვილით კი ძალაუნებურად დაკავშირებული ვიქნებოდი.
- არც ახლაა გვიან...
- კი, მაგრამ დღეს სხვა მოთხოვნები მაქვს შვილების მამის მიმართ…
- რა მოთხოვნები?
- უნდა იყოს ნიჭიერი, ჭკვიანი, ყოვლისშემძლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისეთი დედა უნდა ჰყავდეთ ჩემს შვილებს, იამაყონ-მეთქი. ახლა მეუბნებიან, - არ შეგრცხვება შვილმა ეკრანზე ასე რომ გნახოსო? არ შემრცხვება, რადგანაც ავუხსნი, რომ კომერცია, ხელოვნება და ცხოვრება განსხვავდება ერთმანეთისგან და რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის