"პალიტრა მედია" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებს

"პალიტრა მედია" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "მედია პალიტრამ", თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) და ქალთა კავშირმა "რეამ" ერთობლივი ღონისძიება გამართეს. შეხვედრა საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთადერთ სოციალურ კაფეში – "რეას ციყვები" მოეწყო, სადაც მენტალური განვითარების პრობლემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან დასაქმებული. ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ერთობლივი პროექტის - "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის" პრეზენტაცია გაიმართა.

"მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას ინფორმაციით, პროექტის იდეა ჟურნალისტ ლელა ჯიღაშვილისგან მომდინარეობს.

"პროექტის სლოგანია "რეალობა, რეაქცია და რეაბილიტაცია". რეალობა ის არის, რასაც აქ ხედავთ და დაინახავთ. რეაქცია სწორედ ჩვენ უნდა გვქონდეს, არ ვიყოთ ურეაქციოები. რეაბილიტაციაც ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ. გონებრივი რეაბილიტაცია გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ შშმ ადამიანები ჩვენნაირები არიან, ზოგჯერ ჩვენზე კეთილები, ხანდახან ჩვენზე უკეთესი შესაძლებლობებით", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

"მედია პალიტრამ" კაფე "რეას ციყვებს" ლამაზი ბალიშები გადასცა საჩუქარად. კაფეში სხვადასხვა პოზიციაზე მენტალური განვითარების პრობლემის მქონე ოთხი გოგონაა დასაქმებული.

კავშირ "რეას" ხელმძღვაელის, ელისო რეხვიაშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმების შედეგად ყურადღება მიექცევა არა მარტო ბენეფიციარების საჭიროებებს, არამედ ზოგადად პრობლემას.

"ძალიან გვიხარია, რომ ამას ხელს მოკიდებენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც "პალიტრაში" მუშაობენ", - აღნიშნა ელისო რეხვიაშვილმა.

თსსუ-ის რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტები კავშირ "რეას" ბენეფიციარების რეაბილიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკები ბენეფიციარებს სტომატოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ.

კაფე "რეას ციყვებში" გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. მისი თქმით, სამინისტრო კავშირ "რეასთან" თანამშრომლობას გეგმავს. უწყება კავშირის ბენეფიციარებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მეგობრობას, ურთიერთობას, სოციალიზაციას, შესაძლებლობიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში ჩართულობას სთავაზობს.

"ჩვენი უწყების სხვადასხვა დაწესებულებები მათთვის ყოველთვის ღია იქნება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ღონისძიებაზე შშმ პირებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარმოუდგინეს, რომლებსაც ისინი ეთნომუსიკის თეატრ "მთიების" წარმომადგენლებთან და მასთან არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ სტუდია "ამერ-იმერთან" ერთად სწავლობდნენ.

კაფეს ეზოში გაიმართა "რეას" ბაზაზე მოქმედი ოთხი საინტეგრაციო ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.

პროექტი "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის" ფარგლებში ფოტოგადაღება დაიწყო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, თსსუ–ის სტუდენტები, მედია "პალიტრის" ჟურნალისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ერთი წლის შემდეგ ფოტო-პროექტი გამოფენით დასრულდება.

დღესვე მოეწყო კლუბ "ტრირეას" წარდგენა, რომელიც თსსუ-ის ფიზიკური მედიცინა-რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს. კლუბი "რეას" ბეეფიციარების რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია