"მიხეილ სააკაშვილი დღეს ძალიან არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება ფართოდ, საერთაშორისო არენაზე ამტკიცოს, რომ იყო და არის დიდი რეფორმატორი და ახალგაზრდა რეფორმატორებთან ერთად მან გარდაქმნა საქართველო და ახალი თანამედროვე სახელმწიფო შექმნა, რაც ვერ აიტანა პუტინმა. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეეხვეწებოდა სააკაშვილი სწორედ იმ ადამიანებს, ვისთანაც საერთო აქვს დიდი ეკონომიური ინტერესი, შეიძლება ამ ადამიანებთან ფინანსური ინტერესი ნაწილობრივ დღესაც აკავშირებს (ოლიგარქებმა უკრაინაში, იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგაც პოზიციები არ დათმეს), ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კვიტაშვილი მინისტრის პოსტზე დაინიშნა უკრაინაში", - აცხადებს "მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პეტრე მამრაძე: "ნაცები" "ქოცებისთვის" მაშველ რგოლად გადაიქცა".
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ის კი მოახერხა, რომ საქართველოსთვის ნაკლებად მტკივნეული ნაბიჯი გადადგა, რადგან კვიტაშვილის საქმიანობა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროსა და უნივერსიტეტს უკავშირდებოდა. კვიტაშვილს ძალოვნებთან არაფერი არ ჰქონდა საერთო. არც ძებნილად არ არის გამოცხადებული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი საბუთია იმისა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ორი წლის განმავლობაში ვერ აწარმოა ეფექტური დიპლომატია და პოლიტიკა. მთავრობამ ვერ შეძლო, რომ სათანადო განცხადებები გაეკეთებინა. მე არ ვამბობ, რომ ხმამაღალი განცხადებები უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და რუსეთის მთავრობა გაეღიზიანებინა ამით, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით უნდა ემუშავათ უკრაინასთან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"პირადად მიხეილ უკლება არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი, უმაღლესი რანგის დიპლომატი, რომელიც ნებისმიერი ძლიერი ქვეყნისათვისაც მისაღები და ღირსეული დიპლომატი იქნებოდა, მაგრამ ის ვერ გადადგამდა იმ ნაბიჯებს, რომელიც თბილისიდან არ იქნებოდა დავალებული. ელჩი ქვეყნისგან, სამთავრობო პოლიტიკისგან დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს. რაც შეეხება ჯანყარაშვილს, მე ვერ გეტყვით, ის ინიშნება თუ არა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე, როგორც არაერთგზის თქვეს, არ ინიშნება. მთავრობა ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საკადრო პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ პირადი ერთგულებისა და მორჩილების ნიშნით უდგება. შესაბამისად კომპეტენციაზე, ენერგიულობაზე, მოტივაციაზე აქ საუბარი არ არის, პირველი და უმთავრესი მოთხოვნა არის პირადად რამდენად ერთგულია. ტოტალური ნეპოტიზმის დონეზეა დასული პირადად ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სააკაშვილის უდიდესი ბლეფი არის რეფორმატორობა, რომელსაც ის იჩემებს. "ვარდების რევოლუციიდან" პირველი სამი წლის განმავლობაში გარკვეული მიმართულებით, მათ შორის მასობრივი კორუფციის აღმოფხვრის სფეროში მართლაც იყო მიღწევები. შეიძლება, პირობითად შემობრუნების თარიღად 2007 წლის 7 ნოემბერი დავასახელოთ. მას შემდეგ ეკონომიკის ნგრევისა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროს ნგრევის გარდა არაფერი გაკეთებულა. ამ ნგრევის პირობებში გამალებით შენდებოდა და მტკიცდებოდა მართვის სადისტური სისტემა", - განმარტავს პეტრე მამრაძე.
"დანაშაულის ფაქტები სახეზეა, მაგრამ ამის თავმოყრა და სერიოზულ არგუმენტებად ქცევა ვერ შეძლო ხელისუფლებამ. ეს რომ მომხდარიყო, არავის თავშიც არ მოუვიდოდა, როგორი ლობირებაც არ უნდა ყოფილიყო, რომ დამნაშავეთა გუნდიდან ვინმე აეყვანათ რომელიმე კაბინეტის წევრად. ამდენად, მე ვიტყოდი, ეს არის შედეგი უნიათო პოლიტიკის. ეს იყო პოლიტიკურად დიდი შეცდომა და სიბეცე. ამას მოჰყვა ის, რომ ახალი ხელისუფლების დიდი ნაწილი სააკაშვილთან და მის გუნდთან, კოაბიტაციის რეჟიმიდან სიმბიოზის რეჟიმში გადავიდა. სიმბიოზი კი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმებს ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. სამართლიანად ამბობენ, რომ "ნაცები" "ქოცებისთვის" მაშველ რგოლად გადაიქცა", - დასძენს რესპონდენტი.