რუსთაველის გამზირის საახალწლო მოწყობასთან დაკავშირებით, "სმარტის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე სამუშაოებს "სინათლის ქალაქის" წარმომადგენლები ახორციელებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის თანამშრომლებმა განუცხადეს, გზა დღეს, 10:30 საათიდან გადაიკეტა და მანამდე იქნება გადაკეტილი, სანამ სამუშაოები არ დასრულდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შესაძლებელია რუსთაველის პარალელური ქუჩებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუჩების საახალწლო ილუმინაციებითა და განათებებით მორთვა 20 დეკემბრისთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "სინათლის ქალაქი" ახორციელებს.