გიორგი ქადაგიძე - ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები საკმარისად აქვს

გიორგი ქადაგიძე - ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები საკმარისად აქვს

ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები საკმარისად აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება განცხადებები, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები აღარ აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციები, რომ თითქოსდა ჩვენ აღარ გვაქვს სათანადო რაოდენობის სავალუტო რეზერვი ან ის, რომ რაიმე ფორმით შეზღუდული ვართ ამა თუ იმ ტიპის ინტერვენციაში. სავალუტო რეზერვები საკმარისი ოდენობით გვაქვს, რაც არის გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტებით", - განაცხადა ქადაგიძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკი ელოდება ნოემბრისა და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაიგოს თუ როგორ იმოქმედებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ფასებზე.

რაც შეეხება საკითხს, მთავრობის მხრიდან მიმდინარე წლის ბიუჯეტის დარჩენილი თანხის გახარჯვა რა პროცესებს გამოიწვევს ლარის კურსთან მიმართებაში, ქადაგიძის თქმით, 3 კვირაა დარჩენილი წლის ბოლომდე და ამ მიმართულებით პროგნოზების კეთება უმადური საქმე იქნება.

"ფისკალური მხარე და ბიუჯეტის გავლენა არ ყოფილა მაპროვოცირებელი ლარის კურსის მერყეობის და იმედი მაქვს წლის ბოლომდე ეს ასეც დარჩება. მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურეს, რომ დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს დაკვირვებას და ინფლაციის ანალიზს.

"ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა განვმარტეთ. ეროვნული ბანკი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს დაკვირვებას და ინფლაციის ანალიზს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნოემბრისა და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს. მის მერე რაც გვექნება ინფორმაცია ინფლაციასა და ფასების ზოგად დონესთან დაკავშირებით, გადავწყვეტთ შევცვალოთ თუ არა ჩვენი მონეტარული პოლიტიკა", - აღნიშნა ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა