ნებისმიერ თემას ვეხები, ყველაზე ჭუჭყიანსაც და ყველაზე ამაღლებულსაც,- ამბობს ახალგაზრდა მწერალი ლუკა ბაქანიძე, რომელიც მალე საზოგადოებას სადებიუტო რომანს წარუდგენს.
"მესამე ნაპირი" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში გაიმართება.
როგორც წიგნის რეცენზენტი აღნიშნავს, "მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან; სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების "ბატონ-პატრონნი", მაწანწალები, უსახლკარონი ‒ ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, მკითხველის გაოცება შეძლოს; ზემოქმედების უპირველესი იარაღი, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა".თემა კი, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს - გაქცევის თემაა. "გაქცევა რეალობიდან, თუ რეალობისკენ, ეს კიდევ საჭირბოროტო საკითხია... ეს წიგნი არის თინეიჯერზე, ყმაწვილზე, რომელიც სხვა მოზარდების მსგავსად ცხოვრობს, მაგრამ უეცრად, ინტუიტურად მიდის რაღაც კიდემდე. გისოსს აწყდება."
ავტორის თქმით, სწორედ ამის შემდეგ იწყება რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზი...
თუ როგორ განვითარდება სიუჟეტი, როგორები არიან "მესამე ნაპირის" გმირები და როგორ სახეს იძენს ნაწარმოებში ჭუჭყი, სიბინძურე, ანტირელიგიურობა, ამას მკითხველი წიგნიდან შეიტყობს, რომელიც უკვე წიგნის მაღაზიებში იყიდება.
"მესამე ნაპირის" პრეზენტაცია კი 2014 წლის 12 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში გაიმართება. პრეზენტაციას ახალგაზრდა მწერალი, საბას პრემიის 2014 წლის ლაურეატი "საუკეთესო დებიუტისთვის" - ტორესა მოსი გაუძღვება. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი. სიმბოლურია, რომ ბენდის ერთ-ერთი წევრი, ზურა მოსიავა წიგნის პერსონაჟების მსგავსად, ქუჩის მუსიკოსი იყო. საღამოზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.