ახალი ვერსიები ლარის გაუფასურებაზე: ვის დასჭირდა ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია

ახალი ვერსიები ლარის გაუფასურებაზე: ვის დასჭირდა ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად მოხდა".

გულბანმა ისაუბრა იმ გარემოებებზე და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ლარის კურსის გაუფასურებაზე, ასევე იმ სახელმწიფო უწყებების შესახებ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, რომ კურსის დასაჭერად ქმედითი ღონისძიებები გაეტარებინათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ასე არ მოიქცნენ.

"პირველ რიგში, ისმის კითხვა - რა იწვევს კურსის ცვალებადობას? მარტივი პასუხი არის ის, რომ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე, ანუ სავალუტო ბაზარზე ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობაზე. თუ დოლარის ფასი იზრდება, ერთეულის ფასი გამოხატული ლარში მცირდება, ანუ დოლარი უფასურდება და პირიქით, თუ დოლარის მასა მცირდება, ერთეულის ფასი იზრდება ანუ დოლარი მყარდება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა გავიგოთ პასუხი თუ რამ გააუფასურა ლარი, უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებმაც ქვეყანაში ლარისა და დოლარის ურთიერთმიმართება შეცვალა", - განაცხადა შოთა გულბანმა.

მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე, ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვას ასახელებენ, მაგრამ თუ გადავხედავთ 11 თვის ბიუჯეტის შესრულებას, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ბიუჯეტის როლი ამ პროცესში ნულის ტოლია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ფულადი გზავნილები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, დეპოზიტების ცვლილება, ტურიზმი, მთლიანი საგარეო ვალის ნამეტი და ფისკალური პოლიტიკა და აღნიშნა, რომ მათი გაანალიზების შედეგად ცხადია, რომ ლარის გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. შოთა გულბანის აზრით, ეროვნული ბანკის როლი ლარის გაუფასურებაში საკმაოდ მაღალია, ვინაიდან 10 წლის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკა იყო მკაცრი, ანუ რეფინანსირების განაკვეთი იყო მაღალი, კურსი ყოველთვის იყო მყარი, ხოლო როდესაც განაკვეთი იყო დაბალ დონეზე, ლარი ყოველთვის გაუფასურებული იყო.

"ბოლო 2 წელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ისტორიულ მინიმუმზე და ამის ირიბი შედეგი არის დასუსტებული ლარი. ამ შემთხვევაში რჩება ორი ფაქტორი, გლობალური და ხელოვნური. დავიწყოთ პირველი ფაქტორით, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ვალუტა უფასურდება დოლარის მიმართ, მაგალითად ბოლო ერთ წელიწადში ევრო გაუფასურებულია - 13%-ით, იაპონური იენი 19%-ით, თურქული ლირა - 10%-ით, ფუნტი - 5%-ით, არგენტინული პესო 36%-ით, სომხური დრამი 10%-ით და ა.შ. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და გლობალური ტენდენციები ჩვენზეც აისახება. მაგრამ, აქ ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ მოხდა ლარის ხელოვნურად გაუფასურება? როდესაც დოლარი მსოფლიოში მყარდებოდა, საქართველოში ხდებოდა პირიქით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარი უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა კიდეც დოლარის გარკვეული მასა და ამით შეაჩერა ლარის გამყარება. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ლარის ნელ-ნელა გაუფასურება, ხოლო ბოლო ერთ თვეში მკვეთრად დაეცა", - განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, შესაბამისად არსებობს ლოგიკური კითხვები, თუ რატომ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის გამყარების დროს და რატომ შეაჩერა მისი გამყარება, ასევე რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო.

PHOTO: georgianjournal.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია