წელს საქართველოში წითელას 3 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ბოლო ორი წლის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელას 11 ათასზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევა ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მონაცემები განგაშის საფუძველს იძლევა.
"მიმდინარე წელს წითელას 3 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შეიძლება საგანგაშოდ მივიჩნიოთ. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია. რაც შეეხება ასაკობრივ მონაცემებს, შემთხვევები ძირითადად ზრდასრულ ადამიანებში ჭარბობს", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველას, ვისაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებია, მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ აცრა. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.