რამდენიმე ქართულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია მცდარია და გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად, ეს ჭორიც ელვის სისწრაფით მოედო ქართულ ინტერნეტსივრცეს. გავრცელებულ ბოროტ ჭორს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე ეხმიანება.
"ეთერ კაკულია არის ჯანმრთელად და კარგად! გთხოვთ, ნუ ავრცელებთ ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ და საერთოდ, რამ გაგაბოროტათ?! ამ ბოლო დროს რა ტენდენციაა ადამიანების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მოგონება!", - წერს ჟორჟოლიანი.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ანალოგიური ბოროტი ჭორი რამდენიმე საიტმა ნიკა არაბიძის შესახებაც გაავრცელეს. იმედია, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებელი მალე გამოიმუშავებს უნარს, რომ მიხვდეს, თუ რომელი საიტის ინფორმაციაა სანდო და შესაბამისად, სამომავლოდ აღარ გაებმევა უთავმოყვარეო საიტების მახეში, რომლებიც რეიტინგის მომატების მიზნით ამგვარ ბინძურ მეთოდებს მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ ჭორის გავრცელების შემდეგ ეთერ კაკულიას ინტერნეტგამოცემა "რეიტინგის" ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი დაუკავშირდა, რომელსაც მომღერალმა განუცხადა, რომ კარგად არის და მორიგი გამოკვლევისთვისა და ქიმიო თერაპიისთვის ისრაელში წასასვლელად ემზადება.