ლუკა ბაქანიძის რომანის "მესამე ნაპირი" პრეზენტაცია გაიმართა

ლუკა ბაქანიძის რომანის "მესამე ნაპირი" პრეზენტაცია გაიმართა

"პალიტრა L"-ის სამკითხველო დარბაზში ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანის "მესამე ნაპირი" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ახალგაზრდა მწერალი, საბას პრემიის 2014 წლის ლაურეატი ,,საუკეთესო დებიუტისთვის" - ტორესა მოსი უძღვებოდა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ზურა მოსიავას მონაწილეობით.

საღამოს მწერლები, ლუკა ბაქანიძის შემოქმედების თაყვანისმცემლები და მკითხველები ესწრებოდნენ, რომლებმაც მწერალი და მისი ნაწარმოებები ჯერ კიდევ "ლიტერატურული პალიტრის" ფურცლებიდან გაიცნეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ლიტერატურას, ზოგადად არ ვკითხულობ, უნდა ვაღიარო, რომ იმ წიგნებს შორის, რაც ბოლო წლების განმავლობაში წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი წიგნია. გულწრფელად ვურჩევ ყველას, წაიკითხონ ეს წიგნი", - ამბობს ერთ-ერთი მკითხველი.

მწერალი ტორესა მოსი კი აღნიშნავს, რომ ასეთი წიგნი ნამდვილად აკლდა ქართულ ლიტერატურას. "ძალიან საინტერესო ენით არის დაწერილი, ავტორი არსად სცდება იმ ენას, რომლითაც პერსონაჟი უნდა საუბრობდეს. ამან ჩემი დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. სიუჟეტურადაც ძალიან საინტერესოა და ზუსტად შეესაბამება "ანდერგრაუნდ" ცხოვრებას. ასეთი წიგნი ჩვენ ნამდვილად გვაკლდა. ბევრი ეპატაჟური ტექსტი წამიკითხავს, ბევრ თემაზე ყოფილა საუბარი, მაგრამ არა ამ სამყაროზე, რომლიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სამყაროდან ბევრი ადამიანი მოდის", - განაცხადა ტორესა მოსიმ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საინტერესო ამ წიგნის წაკითხვა იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც შიშითა და ზიზღით უყურებს ე.წ. ანდერგრაუნდ ცხოვრებას.

"მსგავსი შეხვედრები, ავტორსა და მკითხველს შორის, ასეთ მყუდრო და საინტერესო გარემოში, ძალიან მნიშვნელოვანია" , - აღნიშნავს პალიტრა L-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი სოფო საყევარაშვილი. მისივე თქმით, ზურა მოსიავას წიგნის პრეზენტაციაზე მიწვევა შემთხვევითი არ იყო, რადგან ზურა "მესამე ნაპირის" ერთ-ერთი პერსონაჟის პროტოტიპია და, როგორც თავად აღნიშნავს, პერსონაჟის მსგავსად, ქუჩაში ისწავლა დაკვრა.

მკითხველს, რომელსაც უფრო მეტის გაგება სურს "მესამე ნაპირის", მისი პერსონაჟებისა და სიუჟეტის შესახებ, წიგნის შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შეუძლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია