საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. ხალხში გავრცელებული მითების თანახმად, სოფელ ლამისყანის მახლობლად 48-კილომეტრიანი მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბი იწყებოდა, რომელიც რამდენიმე საიდუმლო სამხედრო ობიექტს ერთმანეთთან აკავშირებდა. შეიძლება გსმენიათ კიდეც, რომ იქ თითქოს მთა იხსნებოდა და გამანადგურებელი აიჭრებოდა ხოლმე ცაში. ლეგენდა ბევრია, სიმართლის ძიება კი - ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმართლეს უახლოვდები და ხვდები, რომ შესაძლებელია, საიდუმლოს ფარდა ახადო.
ჩვენ მოვიძიეთ ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო პირი, რომელიც ლამისყანის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ნაწილში მისი ექსპლუატაციაში გაშვებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მან საიდუმლო ნაწილის შესახებ გვიამბო.
საიდუმლო სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები, ბუნკერები, მიწისქვეშა რადიოსადგურები - ოფიციალურად არ არსებობს, რადგან ისინი სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენენ და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული ობიექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყოველთვის დახურული იყო და იქნება. საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ლეგენდები და მითები ყოველთვის არსებობდა. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. რამდენიმე მათგანზე ამ წერილში მოგითხრობთ.
სამხედრო ნაწილი 28661, სახელწოდებით "ზვეზდა", ერთ-ერთი ასეთი გასაიდუმლოებული ნაწილი იყო, რომელიც სამი ობიექტისაგან შედგებოდა და განთავსებული იყო მცხეთაში, კასპის რაიონის სოფლებში - ლამისყანასა და საქადაგიანოში. აღნიშნული ნაწილის პირველი ობიექტი მცხეთაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რომლის მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობაზე სხვებთან ერთად გერმანელი ტყვეებიც მუშაობდნენ. ლამისყანასა და საქადაგიანოში სამხედრო ნაწილების მშენებლობა კი XX საუკუნის 60-იან წლებში, თითქმის ერთდროულად დაიწყო და 70-იან წლებში ექსპლუატაციაში გაეშვა.