ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."

ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი ხანგრძლივ დუმილს არღვევს და "ასავალ-დასავალს" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ საკითხების შესახებ საუბრობს, რომელთა გარშემოც ფართო საზოგადოებასა თუ სახელისუფლებო წრეებში ბოლო დროს მსჯელობა არ წყდება. Ambebi.ge გთავაზობთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს:

***

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, დიდი ხანია, არც პრესის ფურცლებზე და არც ტელეეკრანზე არ გამოჩენილხართ, რატომ? მე ვიცი, რომ თქვენ სალაპარაკო ბევრზე ბევრი გაქვთ...

თამაზ თამაზაშვილი: სალაპარაკო კი მაქვს, მაგრამ ამ უაზრო ბრალდებებსა და განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მინდოდა! თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მათ შორის, უზნეობასაც. აი, მაგალითად, გივი თარგამაძე, რომელიც ხალხს "სულის ამოხდომით" ემუქრებოდა და ამოხადა კიდეც ძალიან ბევრს სული, გამოდის და ჩემს შესახებ ათას სისულელეს ლაპარაკობს. გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს ე.წ. "კონტროლკა" დაახალა... კობა ოთანაძემ, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, ამის შესახებ პრესაში ღიად ილაპარაკა და დღეს ამის ჩამდენი კაცი, ეს მართლაცდა ბლუყუნა, გამოდის და საზოგადოებას მოძღვრავს! გივი თარგამაძის ძმას, საქართველოში ბიზნესი არ არის, წილი რომ არ ჰქონდეს! ვის ტენდერებსა და წილებზე ლაპარაკობენ ეგ ნაძირლები, რომლებმაც შეჭამეს და სისხლში აბანავეს მთელი ქვეყანა?! ეს არის უსინდისო ადამიანი, ბლუყუნა და მაიმუნი კაცი.

ასავალ-დასავალი: მერედა, ბატონო თამაზ, თუ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა და თუ მკვლელია, რა უნდა ასეთ კაცს პარლამენტში? რას აკეთებს ხელისუფლება და რატომ არ უხსნიან თარგამაძესა და მისთანებს სადეპუტატო იმუნიტეტს, რათა გამოძიება დაიწყოს და დამნაშავეები ვირის აბანოში მიაბრძანონ?

თამაზ თამაზაშვილი: ძალიან მოკლედ გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე - ნაძირალა ვანო მერაბიშვილი რომ დააპატიმრეს, იცით თუ არა, რომ მთელი ევროპარლამენტი საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავდა, აქაოდა, დიდი "დემოკრატი" და "ქვეყნის აღმშენებელი" უკანონოდ და ტყუილუბრალოდ დაიჭირეთო?! გივი თარგამაძესა და დანარჩენ ნაძირლებს, განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ამ ბოლო დროს სულ მთლად დაკარგა ადამიანის სახე და მართლაცდა ნადირის სახე აქვს მიღებული, სასამართლოში დიდი სიამოვნებით ვუჩივლებდი ცილისწამების გამო, მაგრამ სააკაშვილმა ცილისწამების მუხლი კოდექსიდან ამოიღო. ცილისწამების მუხლი რომ არ არის კოდექსში, ამიტომაც არიან გაჯეჯილებულები და თავგასულები... "რუსთავი-2"-ის ვითომ უფროსი რომ არის ნიკა გვარამია - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ათასი უბედურება ჩაიდინა, დღესაც გვემქურება, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო! თქვე უბედურო ნაციონალებო, თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში, თქვენი არაკაცობით, თქვენი ნაძირლობითა და თახსირობით თქვენ უკვე ჯვარს აცვით და ჯოჯოხეთი მოუწყვეთ მთელ საქართველოს, მთელ თქვენს ოჯახებსა და საახლობლოს... ნათქვამია, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო და ასე იქნება თქვენი საქმეც, რადგან ის სიბინძურე, რაც თქვენ ჩაიდინეთ და აკეთეთ, საქართველოში არასოდეს არავის დაავიწყდება და თქვენ თქვენს შთამომალვობას კბილები კი არა, თავები მოკვეთეთ უკვე! მესმის, რომ შინაგანი ინტელექტის საშინელ დეფიციტს განიცდით და ვერასოდეს ვერ გაიგებთ, თუ რა უბედურება დამართეთ საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს... კაცმა რომ თქვას, სამშობლოს განცდა ხომ თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ და რა უნდა გელაპარაკოთ?! თქვენ ღვთის მადლი არ გაქვთ, უბედური ხალხი ხართ. გოგიტა ვაშაძე მეძახის "კორუმპირებულს". გაუზრდელო ღლაპო, კორუმპირებულები შენს ოჯახსა და იმ პოლიტიკურ სექტაში მოიკითხე, რომლის წევრიც შენა ხარ! ვაშაძეს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეს, ხმას არ უნდა იღებდეს, ქვეყანამ იცის მაგის ამბავი, მაგრამ უსირცხვილოა და მაგისთანა არაკაცსა და ნაძირალას რა უნდა ველაპარაკო?!

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ნიკა გვარამია, გოგიტა ვაშაძე და მისთანა სექტანტები რა ხვითოებიც ბრძანდებიან, მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ თქვენი დისშვილის ზვიად ჯანყარაშვილის და გიორგი ზედელაშვილის შესახებ ათასი ჭორ-მართალი რომ ისმის და თქვენ მაფიის ბოსად რომ შეგრაცხეს, ამის შესახებ რას იტყვით?

თამაზ თამაზაშვილი: თუ ერთ კაცს მაინც მომიყვანენ, ერთ ბიზნესმენს მაინც მოძებნიან, რომელიც იტყვის, რომ თამაზ თამაზაშვილი მას ცუდად მოექცა, ან ვინმეზე ზეწოლა მოახდნა, ან ვინმეს უღირსად და არაკაცურად მოეპყრო, საქართველოდან საერთოდ წავალ. გიმეორებთ, მე ჩემს თავზე მაქვს ლაპარაკი და ჩემს თავზე ვაგებ პასუხს! ეს არის შემოგდებული თემა, ეს არის ნაციონალების გეგმა, რათა მსგავსი ბინძური ცილისწამებებით დაასუსტონ ეს ხელისუფლება, დაასუსტონ ივანიშვილი და ღარიბაშვილი და ამით სარგებელი ნახონ. ნაციონალებმა ერთი რამ კარგად დაიმახსოვრონ, მათ ისეთი სიბინძურე აკადრეს ხალხსა და ქვეყანას, აწი ვინ გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სააკაშვილი და მისი ბანდა ყველასთვის მიუღებელი იქნება! ახლა მაგათ, მაგ უბედურებს, არჩეული აქვთ ტაქტიკა - "შეძახილმა ხე გაახმოო!" - ჰოდა, ჩხავიან კიდეც - "გახმი, გახმი, გახმი!"

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ზვიად ჯანყარაშვილი ხომ თქვენი დისშვილია?

თამაზ თამაზაშვილი: დიახ, ჩემი დისშვილია!

ასავალ-დასავალი: ჰოდა, რა მოხდა მანდ, რატომ წავიდა ჯანყარაშვილი გუნდიდან, ეს მისი სურვილით მოხდა თუ გაუშვეს?

თამაზ თამაზაშვილი: დაიღალა ეგ კაცი... ირაკლი რომ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, დასაყრდენი არ ჰყავდა. სხვა სხვაა, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რა არის და რას წარმოადგენს ამოდენა მონსტრი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაციონალების კადრებით იყო გაძეძგილი. მაშინ ჯერ კიდევ ციხეში ვიყავი და რადიოში რომ გამოაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნებაო, გეფიცებით, ცუდად გავხდი იმიტომ, რომ მე 28 წელი ოპერატიულ სამსახურში გავატარე და ძალიან კარგად ვიცი, რაც არის და რასაც წარმოადგენს ეს სისტემა. ვერ წარმომედგინა, თუ ირაკლი მანდ საქმეს თავს მოაბამდა. ზვიადი გაიზარდა ჩემს ხელში, ინტელექტუალია, იცის ოპერატიული სამსახური, მამამისიც პოლკოვნიკია... ზვიადის კანდიდატურა სამინისტროში შეირჩა პროფესიონალიზმისა და ერთგულების მიხედვით და ამ კაცმა ნაციონალებით გაძეძგილ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნელ-ნელა დაალაგა სიტუაცია. არ შეიძლებოდა იმ გარეწრებისა და ნაძირალების სპონტანურად, ქაოსურად გაყრა სამინისტროდან, რადგან ეს არის სპეციფიკური სტრუქტურა და თუ ასე მოიქცევი, მთელი სისტემა დაგემხობა თავზე. ზვიადმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა ირაკლის და მოაბეს რაღაცას თავი. ხომ გეუბნებით, დაიღალა ეგ კაცი და წავიდა...

ასავალ-დასავალი: თქვენ იმას ამბობთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის ზონდერები და მწვალებლები აღარ მუშაობენ?

თამაზ თამაზაშვილი: არა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკაცებისგან ძირითადად გაწმენდილია და ამ ნაძირალა სააკაშვილს, ორღობის გიჟს, რომელიც ქვეყნის გადატრიალებასა და არევას გეგმავს, გვერდით არავინ დაუდგება. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც კრიმინალია და მკვლელია, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა მუშაობდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქალბატონი ჟორჟოლიანი თავის ქმარს ასე გააფთრებით რომ იცავს, ეს კარგია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტი თუ ხარ, გაჩუმდი მაინც! სწორედ მაგის ქმარმა, სოდი-ს უფროსმა ერეკლე კოდუამ მომიგზავნა ის ნაძირლები, რომლებმაც დამაპატიმრეს, იარაღი ჩამიდეს და ათასნაირი სიბინძურე დამაბრალეს!

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ნაცმოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ თქვენ თქვენს ნათესავებთან ერთად აიკელით მთელი საქართველო, ყველა ტენდერსა და ბიზნესს აკონტროლებთ... იმასაც ამბობენ, თითქოს თქვენ მართავთ ირაკლი ღარიბაშვილს.

თამაზ თამაზაშვილი: კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ყვლაფერი ნაციონალების მიერ არის მოგონილი, ტენდერებშიც ეგენი არიან, ბიზნესებშიც ეგენი არიან და, საერთოდ, მაგათ პარპაშს ქვეყანაში დასასრული არადა არ უჩანს. ისევ მერაბიშვილისა და მისი დანაშაულებრივი ბანდის ხელშია მთელი ტენდერები. ეს ახალგაზრდები ბიძინა ივანიშვილს არ უჯერებენ და მე დამიჯერებენ?

ასავალ-დასავალი: იმასაც ამბობენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შემოსწყრა, მეუღლის ნათესავებს რატომ ვერ აჩერებო!

თამაზ თამაზაშვილი: მე არაფერ შუაში ვარ, ამ თემას ნაციონალებმა "მიმაბეს", თორემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდებს რამე შენიშვნა მისცა, რა არის ამაში ცუდი?! ჩემს სახელსა და გვარს, იცით, რატომ ატრიალებენ ნაციონალები? იმიტომ, რომ მე ხომ თავის დროზე ნარკობარიგად და კრიმინალად გამომაცხადეს ამ ნაძირლებმა, ახლა უნდათ, საერთაშორისო ასპარეზზე დაამკვიდრონ აზრი, თითქოს დღევნადელი ხელისუფლება კრიმინალებთან არის კავშირში. ვინ მეკითხება მე, სად დანიშნეს ეს ჩხენკელები, ნაციონალები და ოხრობები? აზრზე არ ვარ, ვინ სად დაინიშნა და ვინ სად დაინიშნება. მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი, დილით ადრე ვდგები, ვვარჯიშობ და ჩემს ოჯახურ საქმიანობას ვეწევი. ხან კახეთში ვარ, ხან - აქეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამოდენა ინტელექტუალური და სხვა რესრუსების მქონე ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქვეყანაში უსისხლო რევოლუცია მოახდინა, რატომ არ შეიძლება ახალგაზრდებს რჩევა მისცეს და მამაშვილურად რამე შეუსწოროს?

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, გენერალი კაცი ხართ და გულწრფელად მითხარით, ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო?

თამაზ თამაზაშვილი: პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მე პოლიციის გენერალი ვარ, მაგრამ, თუ ჩემი, როგორც მოქალაქის, აზრი გაინტერესებთ, ამ ნაძირალებთან და არაადამიანებთან - ნაციონალებთან ე.წ. კოჰაბიტაცია ნამდვილად არ შეიძლებოდა! მართალია, ციხის გარეთ ბევრი ნაციონალი დარჩა და, როგორც ვიცი, ისინი თავისუფლებაზე დარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთზე ღირებული ინფორმაციები მიაწოდეს გამოძიებას, მაგრამ მაგ საქმეში მეორე მხარეც არსებობს - შეიძლება, ერთი ინფორმაცია აქეთ მოგიტანონ, მაგრამ სამი - იქით წაიღონ და გაიტანონ! კოჰაბიტაცია დასაშვებია ევროპული ტიპის ქვეყნებში, მაგრამ ამ მკვლელებთან, ამ ნაძირლებთან და კაცების გამაუპატიურებლებთან კოჰაბიტაცია შეიძლებოდა?! რა თქმა უნდა, აღსადგენია სამართლიანობა! აი, მაგალითად, ბესო ხარძიანს კუს ტბა დაუბრუნეს და მის მიმართ სამართლიანობა აღდგა, მსგავს ფაქტებს შეკრება და გახმაურება უნდა, ვიღაც ტელევიზიით უნდა გამოვიდეს და ამის შესახებ ილაპარაკოს, მაგრამ ვინ არის გამომსვლელი?! ტელევიზიები ძალიან ბევრ რამეს ბლოკავენ. ქალი რომ იმას იტყვის, ბედნიერი ვარ, სააკაშვილთან ერთდა რომ მივდივართო, იმ ქალისა რამე დასაჯერებელია? დიახ, ირმა ნადირაშვილზე მოგახსენებთ, ამ მართლაცდა ნადირზე. თარგამაძე გამოვიდა, ეს უზნეო ბლუყუნა და გაიძახის - თამაზაშვილთან ერთად ვიღაც დევდარიანი იჯდა საკანში, სამჯერ ნასამარლევი, რომელიც თამაზაშვილმა სადღაც მაღალჩინოსნად გაამწესაო! ხალხი არა ხართ, კაცო?! მითხარით, მანახეთ, ვინ არის ეს დევდარიანი, რომელიც მე სადღაც დავნიშნე! ჩემს საკანში იჯდა არა დევდარიანი, არამედ აზერბაიჯანელი, რომელიც "ნასედკად" შემომიგდეს და მერე მე გადმოვიბირე. სწორედ ამ აზერბაიჯანელმა ააფეთქა მთელი ნაციონალური მოძრაობა. ტყუის ეს არაკაცი და ამიტომ მე მაგას აუცილებლად ვუჩივლებ. ახლა მინდა, ერთი რამეც მოგახსენოთ: ცნობილია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყოფილმა პროკურორმა ზოდელავამ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალაიამ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ადეიშვილმა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა კალმახელიძემ ტელევიზიით განაცხადეს, რომ თითქოს მე მერვე საპყრობილეში პატიმრობის დროს გადმოვიბირე ციხის თანამშრომლები. გადავუხადე მათ ფული და მოვაწყვე "ცოცხების გაკეთების" ინსცენირება, რომელიც გადავაღებინე ჩემს მიერ დაქირავებულ ოპერატორს. ხომ წარმოგიდგენიათ ამათი სიგიჟის ამბავი, თურმე, კინოსტუდია მქონია ციხეში. ამათ, ამ ავადმყოფებმა და ნაძირლებმა, დაამონტაჟეს ვიდეოდისკი, სადაც ჩანს, თუ როგორ უკეთებენ პატიმრებს ცოცხებს და ზედ "დაადეს" ჩემი ხმაც… ამ შეთითხნილი მასალით ესენი აპირებდნენ ჩემი ადვოკატების შალვა თადუმაძის, ლილიკო გელაშვილისა და ჩემი ქალიშვილის ნათია თამაზაშვილის დაჭერას, თითქოს ფული ციხეში ამათ შემომიტანეს, შემდე, ამ ყველაფერთან უნდა დაეკავშირებინათ თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი, შემდეგ უნდა დაეჭირათ ჩემი ვაჟი ლექსო თამაზაშვილი, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ბოლოს "გადიოდნენ" ბიძინა ივანიშვილამდე. ღმერთის წყალობით, ყველაფერი ჩაუფლავდათ, ციხის კადრები გახმაურდა და გასკდა, მაგრამ ჩემთან დღემდე გამომძიებელი არ მოსულა და არავის დავუკითხივარ...

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ჩივილს აპირებთ?

თამაზ თამაზაშვილი: დიახ, მაგათ, მაგ ნაძირლებს - სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას, კალმახელიძესა და ზოდელავას პატივისა და ღირსების შელახვის გამო უნდა ვუჩივლო! აქამდე მაჩერებდნენ, თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა უკვე ამომივიდა ყელში ყველაფერი და მე ვიცი, რასაც გავაკეთებ! ჩემს ადვოკატთან ლილიკო გელაშვილთან გავივლი კონსულტაციას და ამ გარეწრებს პასუხს მოვთხოვ. გივი თარგამაძესაც მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მე ვინმე დევდარიანი სადღაც დავნიშნე! ამათ აქვთ გეგმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტყუილებითა და ცილისწამებით დაასუსტონ, მაგრამ ესენი ვერაფერს მიაწღევენ, რადგან ირაკლი მართალ კაცად დარჩება, ხოლო ესენი ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ეს გამორიცხულია! ერთი წელი ციხეში ვიყავი, რა არ ეძებეს, რა არ ქნეს, ციხეში პატიმრებს ეხვეწებოდნენ ეს ნაძირლები, - თამაზაშვილს ოღონდაც რამეზე ხელი დაადეთ და მაშინვე გაგიშვებთო! - მაგრამ ვერაფერი ვერ მიპოვეს. ერთადერთი ეს ნაძირალა "რუსთავი-2" უშვებდა და ატრიალებდა ჩემზე ბინძურ კლიპებს და "რუსთავი-2"-საც ვუჩივლებ იმ კლიპებისთვის! ჭიკაიძეს როგორ არიან შესეულები, ხომ ხედავთ?! კაცს არცერთი საქმე გაუხსნელი არ დაუტოვებია, უპრეცედენტო რაოდენობის, 3 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღო და ხომ ხედავთ, რა ბინძურ პიარსაც უგორებენ?! ჭიკაიძე არის ნიჭიერი ოპერატიული მუშაკი და ღირსეული ახალგაზრდა, რომელმაც მუნდირის ღირსება არ შეარცხვინა და ამდენი ჰეროინი დააკავა. თქვენ რა გგონიათ, ეს ამდენი ჰეროინი პირველად შემოვიდა საქართველოში, სააკაშვილი, მერაბიშვილი და მთელი მათი ბანდა სწორედ ჰეროინის ბინძურ ფულზე "იჯდნენ" და საზღვარგარეთ რომ მილიარდები აქვთ გატანილი, ის ფული სწორედ ჰეროინის ფულია!

ასავალ-დასავალი: ვაღიარებ, რომ ჭიკაიძის უწყების მიერ 3 ტონა ჰეროინის ამოღება, მართლაც უპრეცედენტო ფაქტი იყო!

თამაზ თამაზაშვილი: მილიარდებზეა ლაპარაკი. მილიარდებზე და ამ ახალგზარდა კაცს - ჭიკაიძეს არაფერი შეშლია! სააკაშვილის დროს პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე იმოძრავებდა ჰეროინის ამოდენა პარტია ქვეყანაში? გამორიცხულია! ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი თავიდან ფეხებამდე ნარკობზნესში იყვნენ ჩაფლულნი. კაცს წამწამს უღებდნენ თვალიდან და იმას ვერ ხედავდნენ, რომ ამოდენა ჰეროინი მოძრაობდა ქვეყანაში?

ასავალ-დასავალი: კი, ბატონო, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილის დროს ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიაზე 8 ტონა ჰეროინი მოძრაობდა და ამ დროს ვანო მერაბიშვილს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, 8 ტონა ჰეროინიდან 35 კლოგრამი ჰეროინი ჰქონდა ამოღებული!

თამაზ თამაზაშვილი: რა თქმა უნდა! სად მიდიოდა დანარჩენი ჰეროინი? ესენი - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, ეგ ნაძირლები, ყიდდნენ ჰეროინს და წამლავდნენ ქვეყანას!

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შავმა კატამ მართლა გაირბინა?

თამაზ თამაზაშვილი: არ ვიცი, ვერ გეტყვით და არც არის ეს ჩემი საქმე! შვილიშვილებთან ავდივარ, მაგრამ ირაკლის იშვიათად ვხვდები - ძალიან გვიან, ღამის 4 საათზე მოდის, დილით ადრე მიდის და, აბა, რა გითხრათ? ერთი რამ ვიცი, ირაკლი ბევრს მუშაობს ძალიან...

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა