როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი ლ. მიმდინარე წლის 15 დეკემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სასწავლო პროცესის დროს, საჯარო სკოლაში ნიღბით შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით სკოლის პედაგოგს ოქროს სამკაულები მოსთხოვა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბადრი ლ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში გუშინ მამაკაცი მე-12 კლასში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ინგლისურის გაკვეთილი მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის დირექტორის ნინო ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, მამაკაცმა პედაგოგ ნანა ზაქარეიშვილისგან ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ბეჭდის მოხსნა მოითხოვა, თუმცა მასწავლებელმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დროსაც უცნობმა მამაკაცმა მას ცივი იარაღით ხელში ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მელაურის სკოლაში მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა _ ერთი წლის წინ სკოლა უცნობმა პირებმა გატეხეს და კომპიუტერები წიაღეს, ხოლო რამდენიმე თვის წინ უცნობი პირი მასწავლებელს თავს დაესხა და ბეჭედი წაართვა. მოსახლეობის ცნობით, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.