"არაეთიკურად მიმართა ჩვენს ერთ-ერთ ქალბატონს" - რის გამო ცემეს პარლამენტარებმა ერთმანეთს

"არაეთიკურად მიმართა ჩვენს ერთ-ერთ ქალბატონს" - რის გამო ცემეს პარლამენტარებმა ერთმანეთს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მასსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება ყურადღების ღირსი არ არის. როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ინციდენტი ამოწურულია და ის ფაქტობრივად, არაფრისგან წარმოიქმნა.

,,თემა და დაპირისპირება პრაქტიკულად არაფრისგან წარმოიქმნა. ლორთქიფანიძემ არაეთიკურად მიმართა ჩვენს ერთ-ერთ დეპუტატ ქალბატონს, რის გამოც მოვუწოდე ქალბატონის სტატუსის გათვალისწინებით შედარებით ნორმალურად ელაპარაკა, რაზეც აღშფოთდა. ინციდენტი ამოწურულია და უხერხულობისათვის კოლეგებს ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

რაც შეეხება დავით ლორთქიფანიძეს, მისი თქმით, დაპირისპირება მასსა და უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილს შორის იმ მიზეზით მოხდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს.

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობის წევრები ტყუილთან დაკავშირებით პასუხს ყოველთვის მიიღებენ.

"მგლის თავზე სახარებას კითხულობენო, ისეა "ნაციონალების" საქმე. პლენარულ სხდომაზე ხაჩიძე გამოდიოდა და საცურაო აუზებზე საუბრობდა, მაშინ როდესაც საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები გაყიდეს ქვეყანაში, სპორტული ინფრასტრუქტურა გააჩანაგეს და გაანადგურეს. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე მათ, რომ ტყუილის ლაპარაკს თავი დაანებონ. ამაში ჩაერთო დეპუტატი ბეჟაშვილი და დაპირისპირება სწორედ ამიტომ მოხდა. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ამაზე ახლაც მიიღეს პასუხი და მომავალშიც მიიღებენ", - განუცხადა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.

შეგახენებთ, დღეს პარლამენტში დეპუტატ ლევან ბეჟაშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა