რამდენი დღეა ელენეზე ფიქრი არ მასვენებს, - ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვნახე იაშვილის საავადმყოფოში პაწია გოგო, რომელსაც მამიკოს კისერზე ხელები მაგრად ჰქონდა შემოხვეული და ჩემკენ ცოცხალი თავით არ იხედებოდა. "თქვენც ექიმი ჰგონიხართ, ისეა ექიმებთან სიარულით გაწამებული, რომ მათ დანახვაზე ისტერიკა ემართება; ახლაც მორიგი პროცედურისას იმდენი იტირა, მეც კინაღამ მოვკვდი." - პატარა პაციენტის 27 წლის მამამ რომან ჯიბლაძემ და თვალზე მომდგარი ცრემლი ვაჟკაცურად შეიკავა. მშობლებს 3 წლის ელენე 3 თვეში ერთხელ ჩამოჰყავს ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაამაღლებიდან, რაღა ექიმებმა პატარას ყელიდან ძველ ტრაქიოსტომა ამოუღონ და ახალი ჩაუდგან. ამ აპარატის გარეშე, ელენე ვერ ისუნთქებს, მოკვდება... მოკვდება, მაშინაც თუ აპარატი სუნთქვისას დაგროვილი ნახველით ხშირად არ გაიწმინდა. თუ ბევრი ნახველი დაგროვდა, ამოწმენდაა საჭირო. ამასაც მამიკო აკეთებს - შვილის ყელში ჩადგმულ ტრაქიოსტომას პატარა ფილტრს აძრობს, შიგ მილს უშვებს და დენის წყაროს უერთებს, რათა დაგროვილი ნახველი ამოიღოს. თუ სოფელში დენი არ არის, მაშინ მამიკო გენერატორს რთავს; ელენეს განწირული ტირილი კი მის გუგუნშიც ისმის. ამ ტირილმა ჯიბლაძეების ოჯახი ლამისაა გაანადგუროს. და სოფელიც პატარა გოგოს წამებას ხალხი დაზაფრული შესცქერის. არადა, ეს არ უნდა მომხდარიყო...
ელენეს მამა შვილის ამბის მოყოლისას ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს იკავებდა, ყრუდ, მძიმე-მძიმედ ლაპარაკობდა...
რომან ჯიბლაძე:
- ელენიკო 2011 წელში დაიბადა. სიხარულით აღარ ვიცოდი რა მექნა - თავდაპირველად გვითხრეს, ბავშვი კაჟივით ჯანმრთელიაო! ჯანმრთელი შვილზე ბედნიერება რა არის! საავადმყოფოდან ბავშვის გამოსაყვანად ვემზადებოდი, გამთენიისას დამირეკეს, - ახალშობილს რთული მდგომარეობა აქვს, სასწრაფოდ მოდიო. ის სურათი რამდენიც არ უნდა ვიცოცხლო, თვალიდან არ მომსორდება, - ბავშვს გულს ზემოთ ადგილი ჩემ თვალწინ მკერდი ნელ-ნელა ებერებოდა...