დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული

დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული

პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული. შესაბამისი განცხადება რიგგარეშე სხდომის განახლებისას დავით უსუფაშვილმა გააკეთა. დავით უსუფაშვილმა სხდომათა დარბაზში მყოფ კოლეგებს მიმართა, რომ არავის მისცენ საშუალება იმისა, რომ პარლამენტი მწყობრიდან გამოიყვანოს, რადგან "მწყობრიდან გამოსული პარლამენტი, არის მწყობრიდან გამოსული ქართული სახელმწიფო".

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველმა მათ ქვეყნის ბედი ანდო, რასაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება, მათ შორის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ მოქმედებებზე.

"რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. ამისთვის არ ვართ აქ. ამიტომ დღევანდელი ინცინდენტი სრულფასოვანად გაირკვევა - ყველა ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით და კანონმდებლობით, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს, არ ვიცი რა მოტივით და რა მიზნით, მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვური რეაქციებით წავიდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმცირესობის და უმრავლეობის წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე და პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი უძღვოდა წინ. პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა