ირაკლი ალასანია "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
როგორც ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, "თავისუფალი დემოკრატები" წარმატებას კოალიცია "ქართული ოცნების" გარეშეც მიაღწევს.
"ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოცნების გარეშე გვექნება წარმატება. გასული საპარლამენტო არჩევნები იყო ყველა ერთის წინააღმდეგ. ამ არჩევნებში დიდი დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, არ ნანობს, რომ იყო "ქართული ოცნების" წევრი. "არ ვნანობ, როდესაც "ქართული ოცნების" წევრი ვიყავით, არ ვნანობ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი. ეს იყო სწორი იმ ისტორიულ მოცემულობაში და ბევრი საქმე გაკეთდა, რასაც რეალური შედეგი მოჰყვა", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია შემაშფოთებელს უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
როგორც ალასანიამ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი შეფასება "ყურში და გულზე მოხვდა".
"მთავარი, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც ძალიან მომხვდა ყურში და გულზეც გახლავთ ის, რომ განცხადება ტექნიკური შეცდომა იყო, თორემ იმაში, რაც იქ ეწერა, მისთვის მიუღებელი არაფერი ყოფილა. ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, ვინაიდან განცხადების სულისკვეთებაა დამღუპველი და რომ ვერ ხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღესაც თავდაუზოგავად დგას საგუშაგოზე და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ღირსებას იცავს, ამის ტრაგიკულობას რომ ვერ აღიქვამს, ესაა შემაშფოთებელი", - განაცხადა გუშინ ალასანიამ. მისივე თქმით, არ შეიძლება განცხადების ტექსტი თავდაცვის მინისტრს არ სცოდნოდა.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, ალასანიას აზრით, საქართველო არ უნდა ჩაებას კიევში არსებულ სამხედრო დაპირისპირებაში. "უკრაინაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა საქართველო არ უნდა ჩაებას სამხედრო დაპირისპირებაში. ეს, რა თქმა უნდა, ანბანური ჭეშმარიტებაა, რადგან ეს არ არის ომი, სადაც საქართველომ საკუთარი ძალები უნდა გააგზავნოს, მაგრამ როცა მოხალისე, ყოფილი სამხედრო ამ გადაწყვეტილებას იღებს და ის მიდის იქ, მე ის მიმაჩნია გმირად", - აღნიშნა ალასანიამ.