ღირს თუ არა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა?

ღირს თუ არა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა?

"ჰაერის გაყიდვა" - ასე უწოდებენ ხალხში მოვლენას, რომელმაც ათასობით ადამიანის ფინანსური კეთილდღეობა შეიწირა და უბინაოდ დარჩენილებს დიდი თავსატეხი დაუტოვა. "ჰაერის გაყიდვის" პრინციპი მარტივია: სახლი ჯერ არ არის აშენებული და კომპანია აუშენებელ სართულებს ყიდის. 2008 წლის შემდეგ ამ პროცესს ფინანსური კრიზისიც დაერთო, რამაც თბილისი დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქად აქცია და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. საბედნიეროდ, დღეს სამშენებლო სექტორში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ეტყობა, ჩვენს მოსახლეობასაც გადაუარა არც ისე დიდი ხნის წინ განცდილმა ელდამ და ბევრი მზად არის თანხა მშენებარე ბინაში ჩადოს. რა რისკი ახლავს თან დაუსრულებელ ბინაში ფულის ჩადებას და რა უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ბინის მყიდველმა? - ამ შეკითხვაზე სამშენებლო სფეროს გამოცდილ სპეციალისტებსაც კი განსხვავებული პასუხები აქვთ.

ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ფიქრობს, რომ სასურველია შენობა დასრულდეს და მერე გაიყიდოს.

ანზორ საკანდელიძე: ჩემი აზრით, ე.წ. ჰაერის გაყიდვა მეტისმეტად ნოყიერ ნიადაგს ქმნის თვალთმაქცობისათვის. ამას უნდა დავაბრალოთ იმ ათასობით მომხმარებლის უბედურება, რომელიც ხელშეკრულებას ბრმად აფორმებდა. ალბათ ბევრი ნორმალურად არც კითხულობდა და დღესაც არ კითხულობს, რა წერია კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. არადა, ხშირად სწორედ ხელშეკრულებებშია ჩადებული ის ნაღმები, რომელსაც ათასგვარი გაუგებრობა მოჰყვება ხოლმე. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში მშენებლობას აწარმოებდნენ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ამიტომ, მათი წყალობით უამრავი ადამიანი დარჩა მოტყუებული.

ანზორ საკანდელიძის თქმით, უმჯობესია შენობა ჯერ დამთავრდეს, მისი ხარისხიც შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდოს:

- მოწინავე ქვეყნებში ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული: მშენებლობას ასრულებენ და მერე 10-20-25-წლიან კრედიტებს აძლევენ, რომ მსურველმა სასურველი ბინა იყიდოს. სხვათა შორის, უკვე ჩვენთანაც შემოვიდა ეს ტენდენცია - უფრო ძლიერი კომპანიები ჯერ აშენებენ სახლებს და მერე ყიდიან. უცხოეთში მშენებელი კომპანია ხარისხის გარანტიასაც იძლევა, ჩვენთან კი, რასაც აშენებენ, სულ რომ არ იყიდო, ჯობია: საცხოვრებელი ბინების უმეტესობა ისე შენდება, რომ იქ არც სამშენებლო უსაფრთხოებაა შემოწმებული, არც კონსტრუქციული მდგრადობა და არც ეკოლოგიური სტანდარტები. იცით, რა მაოცებს?- ხშირად მიდის ადამიანი, რომ თავისი ბინის მშენებლობას დააკვირდეს და საკუთარი თვალით ხედავს, როგორ დებენ ბეტონში ჟანგიან არმატურას, ის კი ხმას არ იღებს... როდესაც სახლი იაფფასიანი და უხარისხო მასალით არის აგებული, იქ ცხოვრება როგორ შეიძლება?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია