"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - რას ითხოვს ხაშურში მოკლული გიგი ხვედელიძის დედა

"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - რას ითხოვს ხაშურში მოკლული გიგი ხვედელიძის დედა

შვილმკვდარი ოჯახი ერთი წელია სამართალს ეძებს. ტრაგედია გასული წლის 30 ნოემბერს, ხაშურში მოხდა. იმ ღამით მეზობელმა, 19 წლის იური ნოზაძემ 21 წლის გიგი ხვედელიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა საკუთარ ეზოში მიაყენა, ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ძალოვნებმა იური ნოზაძე კახეთში დააკავეს. ნოზაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა. ამბობდა, რომ გიგისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ადრე ფული ასესხა, მაგრამ ამ თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლო. თანაც გიგი პერმანენტულად აიძულებდა, რომ მისთვის ფული ან სხვა ფასეულობა გადაეცა. იმ დღესაც გიგიმ სიგარეტის მიტანა სთხოვა. მის ზარს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა რეკვას. გადაწყვიტა მისულიყო და სიგარეტის კოლოფი მიეცა, კოლოფში რამდენიმე ღერი სიგარეტი იდო. "მივედი გიგის სახლთან, მივეცი სიგარეტი და მოვტრიალდი, მან მითხრა, შენთვის წასვლის ნება არ მომიციაო და შემაგინა. ამის გამო ხვედელიძეს ხელი დავარტყი, მან ამ დროს დანა მომიქნია. შევძელი მისთვის დანა წამერთმია, ამ დროს გავიჭერი მარჯვენა ხელის ორი თითი. ამის შემდეგ გიორგიმ დამიწყო მუშტების რტყმა. მოგერიების მიზნით ორივე ხელს ვიქნებდი, მათ შორის იმ ხელს, რომელშიც დანა მეჭირა. მას შემდეგ გავჩერდი, რაც გავიგონე გიგის ხმა, - რა ქენი ბიჭო, დამჭერი?... დავინახე სახლში შევიდა, მე იქიდან წამოვედი. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს გიორგი გელაშვილს და ნოდარ თედიაშვილს. რომ მოვრიდებოდი დაზარალებულს, იმავე ღამით ჩემი მანქანით თბილისში წამოვედით. გზაში დანა გადავაგდე. მერე კი წავედი კახეთში, იქ დამაკავეს". - ამონარიდი ბრალდებულის ჩვენებიდან. ნოზაძის ადვოკატი პროცესზე ირწმუნებოდა, რომ იური ნოზაძემ დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა და განზრახ მკვლელობის ბრალდებაში მის გამართლებას ითხოვდა, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა და არც სასამართლო. მოსამართლემაც მიიჩნია, რომ იური ნოზაძემ მკვლელობა განზრახ ჩაიდინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ნოზაძეს 10 წელი მიუსაჯა, ეს განაჩენი მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შედეგად მოსამართლე მაია თეთრაულმა 2 წელი მოაკლო, საბოლოოდ ნოზაძეს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, სწორედ ასეთ პატარა სასჯელს აპროტესტებს შვილმკვდარი ოჯახი.

რედაქციაში გიგი ხვედელიძის თვალცრემლიანი დედა ხათუნა დევდარიანი გვეწვია, აი, რას მოგვიყვა ქალბატონი ხათუნა:

- თბილისში ვიყავი, ღამის 2 საათზე დამირეკეს, გიგი ცუდად არისო, ხაშურში ჩასულს, შვილი სადისტურად მოკლული დამხდა. მეორე დღეს გავიგე

მკვლელი პარალელურ ქუჩაზე მცხოვრები იური ნოზაძე რომ იყო. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. კარგი შვილი მყავდა. 19 წლიდან მუშაობდა. მკვლელმა თავი რომ ემართლებინა გიგის ცილი დასწამა. სასამართლოზე თქვა, მავიწროვებდაო. ეს ტყუილია. მომიყვანონ ერთი ადამიანი, ვისაც ფული დააწერა გიგიმ და თუ უნდათ მკვლელი გამოუშვან. ჩემი შვილი ტანსაცმელს იხდიდა და სხვას აცმევდა. კარგი ხელფასი ჰქონდა. ყველას გვერდში ედგა. იმ ღამით ბიძაშვილი ჰყავდა სტუმრად. თურმე სიგარეტი გამოელია, მაღაზია დაკეტილი იყო. მანქანა იური ნოზაძეს ჰყავდა, თან იქვე, ახლოს ცხოვრობენ. მისთვის დაურეკავს, მაღაზიები დაკეტილია, თუ მანქანით ხარ, სამი ღერი სიგარეტი შემომაწოდეო. ცოტა ხანში თურმე დაურეკა ნოზაძემ, გარეთ გამოდი, სიგარეტი მოგიტანეო. გარეთ ოთახის ჩუსტებით გავიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ