აიკრძალება რეზინის ხელკეტი და შემცირდება სამარტოო საკანში მოთავსების ვადა - ცვლილებები "პატიმრობის კოდექსში"

აიკრძალება რეზინის ხელკეტი და შემცირდება სამარტოო საკანში მოთავსების ვადა  - ცვლილებები "პატიმრობის კოდექსში"

პატიმართა მიმართ რეზინის ხელკეტს აღარ გამოიყენებენ. პენიტენციურ სისტემაში, საჭიროების შემთხვევაში, იმ ტიპის ხელკეტის გამოყენებას გეგმავენ, რომლითაც პოლიციაა აღჭურვილი.

პარლამენტში წარდგენილია "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალში ტერმინი "რეზინის ხელკეტი" "ხელკეტით" იცვლება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რეზინის ხელკეტის გამოყენებამ, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსი იცნობს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების ტრენინგების დროს აჩვენა, რომ დახურულ სივრცეში მისი გამოყენება მიზანშეუწონელია, მისი ფორმებისა და დარტყმის ძალის გამო. მთავრობის განმარტებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებები პატარა, კომპაქტურ, გასაშლელ ხელკეტებს გამოიყენებენ, რომლითაც დღეს საპატრულო პოლიციაა აღჭურვილი და რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ რეზინი არ არის.

ცნობისთვის, ხელკეტის გამოყენება დასაშვებია ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, პატიმრის გაყვანისას დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით.

გარდა ამისა, პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება. როგორც მთავრობა განმარტავს, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადის შემცირება ევროსაბჭოს რეკომენდაციის გათვალისიწინებით ხორციელდება.

"პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მთავარ სიახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმირება წარმოადგენს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, უქმდება და ის პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება.

სასჯელაღსრულების სფეროს ორგანიზება ფუნქციათა გამიჯვნის პრინციპზე დაყრდნობით ხდება - ცალკე განისაზღვრება ის ძირითადი ფუნქციები, რომელიც სასჯელის უშუალო აღსრულებას და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ ფუნქციებს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად, დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, მსჯავრდებულთა ბადრაგირება და ასე შემდეგ. ცალკე გამოდის არაძირითადი, ე.წ. "დამხმარე" ფუნქციები, რომლებიც მიმართულია არა სასჯელის უშუალო აღსრულებისკენ, არამედ არაპირდაპირ უზრუნველყოფს მას. ამგვარი ფუნქციების კანონპროექტი პენიტენციური დაწესებულებების ლოგისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას და რესოციალიზაცია რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებას მიაკუთვნებს.

ფუნქციათა გამიჯვნის პრინციპზე დაყრდნობით კი, სამინისტროს სტრუქტურა ორი მიმართულებით ყალიბდება: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. სამოქალაქო სამსახურში "დამხმარე" ფუნქციების მქონე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდება. ეს ქვედანაყოფები დაკომპლექტდება საჯარო მოსამსახურეებით, რომელთაც სპეციალური წოდებები არ ექნებათ, სპეციალური მომზადების კურსების გავლა არ მოეთხოვებათ.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პენიტენციური დაწესებულებები და სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაერთიანდებიან, რომელთა საქმიანობაც სასჯელის უშუალო აღსრულება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ძირითადი ფუნქციებია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სპეციალური სტატუსის მქონე (პოლიციელთან გათანაბრებული), წოდების მქონე, სპეციალურად მომზადებული პირები იქნებიან.

აღნიშნული რეფორმის საფუძველზე ცვლილება 41 კანონში შედის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ე.წ. "უდოს" კომისია უქმდება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ