ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ნატა კოპაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს ნეპოტიზმში, ტენდერების ჩაწყობასა და მუქარაში ადანაშაულებს.
როგორც ნატა კოპაძე აცხადებს, მან მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსში.
"ტესტირება წარმატებით გავიარე, თუმცა, გასაუბრების შემდეგ, უარი მითხრეს სამსახურში დარჩენაზე. 30 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გოგოლაძემ დამიძახა და მითხრა, რომ საღამოს, ელექტრონული ფოსტით მომივიდოდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. იქვე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გავასაჩივრებდი ამ გადაწყვეტილებას, ამიყვანდნენ კულტურის სამსახურში ხელშეკრულებით. ამის შემდგომ, ვესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს და ვთხოვე, აეხსნა, თუ რა მოტივით "დამიწუნა" კომისიამ. მან კი მიპასუხა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე უნდოდათ მოეყვანათ "მათიანი" და მითხრა, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების ერთერთი მიზეზი არის ისიც, რომ კარგი ურთიერთობები მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან, რევაზ მუმლაძესთან, რომელიც 2013-2014 წლებში მუშაობდა ამ პოზიციაზე (ყოფილი პოლიტპატიმარი 2012 წლამდე).
ზაზა ჩაჩანიძეს შევახსენე ჩემი გამოცდილებისა და განვლილი სამუშაო პერიოდის შესახებ. ვუთხარი, რომ მათ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებდი. მან კი მიმანიშნა, რომ "ურჩობა" არ გამომადგებოდა, დავთანხმებულიყავი კულტურის სამსახურში ხელშეკრულებით მუშაობას, თორემ ასეთი ურჩობის გამო, დაისაჯა ბაკურიანის ყოფილი რწმუნებული, დავით გიორგაძე, რომელიც თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება", - აცხადებს ნატა კოპაძე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს რამდენიმე ბრალდებას უყენებს.
"დაახლოებით ერთი თვის წინ, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი იძულებული გახდა, ჩაწყობილი ტენდერების გახმაურების შიშით, გაეთავისუფლებინა თავისი მარჯვენა ხელი და დასაყრდენი, საფინანსო სამსახურის უფროსი, რადგან მისი საქმეებით პროკურატურა დაინტერესდა და დღემდე ძიებაშია", - აცხადებს ნატა კოპაძე.
მისივე ინფორმაციით, ასევე პროკურატურა იძიებს ცენტრალურ პარკში ჩატარებული სამუშაოების ფინანსურ საკითხებს. "ამ პერიოდისათვის, პარკს ხელმძღვანელობდა დიმიტრი ყიფიანის ბიძა, ახლა კი, ამ პიროვნებას, თემურ წეველიძეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნიშნავენ", - აცხადებს კოპაძე.
Ambebi.ge ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატა კოპაძე მას ცრუ ბრალდებებს უყენებს.
"თითიდან გამოწოვილ სისულეებს ლაპარაკობს, ელექტრონული ტენდერის დროს როგორ შეიძლება ჩაწყობა. ელექტრონული ტენდერი ტარდება, სადაც არავის შეუძლია ვინმეზე დახმარება, მე როგორ უნდა ჩავაწყო იქ ტენდერი?", - აცხადებს ყიფიანი.
მისივე თქმით, ნატა კოპაძე სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია, მან გამოცდები ვერ ჩააბარა.
"საიდან მოაქვს ეს ბრალდებები, ნამუსი აქვს მაგ გოგოს საერთოდ?! ვინ დაემუქრა, რა სისულელეა? გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გამოცდები, რომელსაც ესწრებოდა პროფკავშირების წარმომადგენელი მურადი ნოზაძე და მანანა ჯავახაძე სამართლიანი არჩევნებიდან. კონკურსში, ზოგმა გადალახა ბარიერი და ზოგმა ვერა. მაგ ქალბატონს მუქარა კი არა, რომ ვერ ჩააბარა გამოცდები, ჩვენ შევთავაზეთ ხელშეკრულების საფუძველზე დარჩენილიყო მუნიციპალიტეტში და მომატებული ხელფასი ჰქონოდა. მგონი, ასეთ შეთავაზებებს არავინ აკეთებს. მუქარა რომ ყოფილიყო, საერთოდ არ შევთავაზებდით წინადადებას და ვთხოვეთ, რომ დარჩენილიყო და ემუშავა. მან განაცხადა, რომ ამ ფორმით თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებო. ხელშეკრულებით ადამიანის სამსახურში აყვანა შეურაცხყოფაა? გასაუბრებაზე აღმოჩნდა მაგაზე უფრო მცოდნე პიროვნება და ის ავიყვანეთ სამსახურში", - აცხადებს ბორჯომის რაიონის გამგებელი.
ნატა კოპაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა საპრეტენზიო კომისიაში და იგი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზითაც გეგმავს.
თეა ბითაძე
Ambebi.ge