ჟვანიას საქმეზე ახალი დეტალი გახდა ცნობილი: როგორ აღმოჩნდა ტრაგედიის ადგილზე ტყავის ჩანთა

ჟვანიას საქმეზე ახალი დეტალი გახდა ცნობილი: როგორ აღმოჩნდა ტრაგედიის ადგილზე ტყავის ჩანთა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ლევან ჩაჩუას პროცესზე აქამდე უცნობი ერთ-ერთი დეტალის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას დღევანდელ პროცესზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, გამომძიებელ კახა ჭუმბაძის დაკითხვისას დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა.

კახა ჭუმბაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე იმ პერიოდში საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მან შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა მას შეკითხვით მიმართა - იყო თუ არა ჩანთა დათვალიერებული და ნახა თუ არა ჩანთაში პარიკი. აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ჩანთა დათვალიერების შედეგად ნანახი ჰქონდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ჩანთა დათვალიერების გარეშე შეიფუთა და, აქედან გამომდინარე, არ ახსოვს, რა იდო ჩანთაში. ამ დეტალზე განმარტებას დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ აკეთებს.

როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ დღევადელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში განმარტავს აღნიშნული ჩანთის მნიშვნელობას.

რაც შეეხება თავად ლევან ჩაჩუას, მან ამ საკითხზე საუბარი დახურულ სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან გამომდინარე, მე დავსვი შეკითხვა, ხომ არ ყოფილა ამოღებული შემთხვევის ადგილიდან რაიმე თმა ან წვერი. მოწმემ თქვა, რომ "გამორიცხული არ არის და როგორც ახსოვს - კი". დაცვას ამ საკითხზე სხვა კომენტარის გაკეთების უფლება ჯერ არ აქვს. ამას ალბათ მოისმენთ იმ შემთხვევაში, თუ დაესწრებით დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას", - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესის დასრულების შემდეგ.

აღნიშნული ჩანთის ირგვლივ კომენტარის გაკეთება არც საქმის პროკურორმა ისურვა. როგორც რევაზ ნადოიმ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჩანთა ამ საქმეს არ ეხება და, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს 11.00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ