სამტრედიაში დაკარგული გიორგი ადეიშვილი სახლში დაბრუნდა

სამტრედიაში დაკარგული გიორგი ადეიშვილი სახლში დაბრუნდა

სამტრედიაში დაკარგული გიორგი ადეიშვილი სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შსს-ს წარმომადგენლები დაკარგული ახალგაზრდის ოჯახში მივიდნენ და მასზე ძებნა გამოაცხადეს, გიორგი ადეიშვილი სახლში თავად დაბრუნდა.

შსს სამტრედიაში დაკარგული გიორგი ადეიშვილის დედის განცხადებას დღის განმავლობაში გამოეხმაურა და და 19 წლის ახალგაზრდის დაკავება უარყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, პოლიციას აღნიშნული პირი არ დაუკავებია.

"პოლიციას ეს პირი არ დაუკავებია. სამართალდამცველებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მხოლოდ მისი მეგობარი გადაიყვანეს", - აცხადებდნენ შსს-ში.

რაც შეეხება ადეიშვილის დედის განცხადებას, რომ მან შვილის პოვნაში დახმარება პოლიციას სთხოვა, შსს-ში აღნიშნულს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებისთვის მსგავსი თხოვნით არავის მიუმართავს.

სამტრედიაში 19 წლის ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგულის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გიორგი ადეიშვილი გუშინ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები დახვდნენ და პოლიციაში შემოწმებაზე წაყვანა მოსთხოვეს. ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და სავარაუდოდ გაიქცა.

როგორც დაკარგული გიორგი ადეიშვილის დედა, თეა თელია აცხადებს, მისმა შვილმა ტელეფონზე შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რომლითაც ის დახმარებას ითხოვდა, რადგან პოლიციელები მის დაჭერას ცდილობდნენ.

,,პოლიციას მივმართეთ დახმარებისთვის და ასე გვითხრეს, თქვენი შვილი თქვენ თვითონ მოძებნეთო. ვითხოვ დახმარებას, რომ იქნებ მომაძებნინოთ ბავშვი. სავარაუდოდ, ის პოლიციელებმა დააკავეს და სასტიკად სცემს. სწორედ ამიტომ არ მანახებენ", – აცხადებდა თეა თელია.

ადეიშვილის მეგობრებმა სოციალურ ქსელში შექმნეს ჯგუფი, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდნენ, გიორგის მოძებნაში დახმარებოდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია