რეჟისორ და მსახიობ ციცინო კობიაშვილს ერთი შვილიშვილი ჰყავს, რომელმაც უკვე გამოავლინა სამსახიობო ნიჭი და რამდენიმე სპექტაკლშიც მიიღო მონაწილეობა. ქალბატონი ციცინოს შვილი ჯაბა კილაძე გახლავთ, ჯაბას მეუღლე კი მომღერალი თამთა ჭელიძე იყო. მართალია, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ბავშვს მამასთან და ბებია-ბაბუასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.
- ახალი წელი მიყვარს ძალიან, მთელი წელი ველოდები ამ დღესასწაულს, ნაძვის ხის მორთვა მთელი რიტუალია ჩემთვის. როგორც კი ჩნდება ნაძვის ხის სათამაშოები და ზოგადად, მოსართავები მაღაზიებში, ვიწყებ მზადებას, ყველა წელს ვამატებ ახალ სათამაშოს. ამჯერად, ორი დღე ვრთავდი ნაძვის ხეს და ძალიან ლამაზი გამოვიდა. რასაკვირველია, ამ ყველაფერს შვილიშვილისთვის ვაკეთებ, რომ მან გაიხაროს, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, მეც პატარა ბავშვივით მიხარია. გარდა ამისა, განსაკუთრებით მიყვარს შობა, ამ დღეს ყველა ჩემი მეგობარი იკრიბება ჩემთან, ერთმანეთს აღარც კი ვაფრთხილებთ, ყველამ იცის, რომ ამ დღეს ჩემი სტუმრები უნდა იყვნენ. ბუხარი მაქვს სახლში, ვანთებთ აუცილებლად და დროს სასიამოვნოდ ვატარებთ.
- შვილიშვილი ახსენეთ, ამიტომ ბებიობაზეც ვისაუბროთ...
- შვილიშვილი საოცარი სიყვარულია, სიხარული, სიცოცხლე, სტიმული, იმედი, მეორე სუნთქვა... რომ ვკვდებოდე, დამიძახებს თუ არა, წამოვდგები. რომ მეტყვის, ბებიკო, რაღაც მინდაო, ეს იქნება საჭმელი თუ სადმე წაყვანა, მეც და ჩემი მეუღლეც მომაკვდავებიც რომ ვიყოთ, შევუსრულებთ. მე და ჩემი მეუღლე როგორი გიჟი დედა და მამაც ვართ, ასეთივე გიჟი ბებია-ბაბუა გახლავარ. ახლაც ჩემთანაა ლიზი და მთელი არდადეგები ვიქნებით ერთად.
- დღეს დროის დეფიციტი აქვთ როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს, რომელნიც სკოლის გარდა დადიან უამრავ წრეზე. ამას ემატება ის საკითხიც, რომ ლიზა თქვენთან არ ცხოვრობს, რამდენად ხშირად ახერხებთ ერთმანეთის ნახვას?
- შაბათ-კვირას თითქმის ყოველთვის ჩვენთანაა, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. მე სპქეტაკლს ვუშვებდი, ახლახან მქონდა პრემიერა და მუშაობის პერიოდში საკმაოდ დიდხანს არ მყავდა ბავშვი ნანახი, ამ დატვირთულმა რეჟიმმა, პრემიერამ რომ გადაიარა, მოვიდა ლიზა, ჩამეხუტა და ცრემლებით ტიროდა, ძალიან მომენატრეო, მითხრა და ღვარ-ღვარით მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. ამ ყველაფრის სიტყვებით გამოხატვა შეიძლება??? ეს ნიშავს იმას, რომ მის პაწაწინა გულში ჩვენც გვაქვს პაწაწინა ადგილი. შვილის სიყვარულს რა შეედრება, მაგრამ ეს კიდევ სხვაა, მეორე სუნთქვა რომ გაგეხსნება, დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა.
- რამდენადაც ვიცი, ლიზა უკვე სპექტაკლებში თამაშობს...
- კი, "დეკამერონში", ასევე ჩემთან - "თოვლის დედოფალში" იყო დაკავებული. უნდა ვთქვა, აქვს სამსახიობო მონაცემები, თუმცა ვერ გეტყვი, რომ ამის გამო სიხარულით გადარეული ვარ. ყველა არტისტები ვართ სახლში და ვიცით, გარდა სიკეთისა და ხიბლისა, რა სირთულეები ახლავს ჩვენს პროფესიას. არც ერთ მსახიობს თავისი შვილი და შვილიშვილი არ ემეტება ამ პროფისიისთვის, მაგრამ ნიჭი ნამდვილად აქვს. ძალიან ემოციურია და ამის საოცარი გამოხატვის უნარი აქვს. მის არჩევანს წინ არავინ დაუდგება, მაგრამ მეცოდება ამ პროფესიისთვის.
გაგრძელება